Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის პარლამენტი ბასკეთის პოლიტიკური პარტიის აკრძალვას უჭერს მხარს


ორშაბათს ესპანეთის პარლამენტმა საგანგებო სესიაზე მხარი დაუჭირა ბასკეთის ნაციონალისტური პარტიის, ბატაშუნას აკრძალავას. ბატაშუნას ბასკეთის ტერორისტული დაჯგუფების,

ეტას მხარდაჭერაში ედება ბრალი. პარტიის ოფისები დაიხურება, მას აეკრძალება დემონსტრაციებისა და მიტინგების მოწყობა. ამ გადაწყვეტილებით დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დგება საკითხი, რომლის თაობაზეც არაერთ ქვეყანაში იტეხენ თავს 11 სექტემბრის შემდეგ: როგორ უნდა იქნეს დაცული ადამიანის უფლებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში.

ბატაშუნას აკრძალვას მხარს უჭერენ მმართველი კონსერვატული სახალხო პარტია და მთავარი ოპოზიციური პარტია – სოციალისტები. პრემიერ-მინისტრმა ხოსე მარია აზნარმა განაცხადა, რომ ბატაშუნას ატანა ესპანეთის დემოკრატიულ საზოგადოებას აღარ შეუძლია.

ბატაშუნა კანონიერი პოლიტიკური პარტიაა, მაგრამ მას ბრალს სდებენ, რომ იგი ტერორისტული დაჯგუფება ეტას ნაწილია. ორივე ორგანიზაცია ბასკეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის იბრძვის. უკანაკნელი რამდენიმე წლის მანძილზე ბატაშუნას მრავალი წევრი დააპატიმრეს ეტასთან თანამშრომლობის ბრალდებით. ეტას ტერორისტულ თავდასხმებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა ბოლო 35 წლის მანძილზე.

ბატაშუნა უარყოფს ეტასთან რაიმე კავშირს და აცხადებს, რომ მისი აკრძალვა ბასკი ხალხის დისკრიმინაცია არის. შარშან რეგიონულ არჩევნებში ბატაშუნამ ხმების 10 პროცენტი მოაგროვა და აგილობრივ საბჭოებში მრავალი წარმომადგენელი ჰყავს. მიმომხილველების აზრით, პარტიის აკრძალვამ შესაძლოა ძალადობის ახალი ტალღა გამოიწვიოს. ამავე დროს ვარაუდობენ, რომ პარტიის წევრები იძულებული გახდებიან იატაკქვეშეთში გადაინაცვლონ.

ბატაშუნას წინააღმდეგ მთავარი ბრალდება იყო ის ფაქტი, რომ მას არ დაუგმია ეტას ძველი ტერაქტები. იურისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არასაკმარისი საფუძველია პარტიის ასაკრძალად.

[ალვარესის ხმა] ”გადაწყვეტილება, რომ დათხოვილია 900 არჩეული ოფიციალური პირი – იმხელა ან იმაზე ცოტა დიდი პოლიტიკური ძალა, რამხელაც სოციალისტური პარტიაა – იმას ნიშნავს, რომ ბასკების საზოგადოების დიდ ნაწილს საკუთარი პოლიტიკური ნების გამოხატვის უფლება არა აქვს”, განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა სან სებასტიანში იოსეიბა ალვარესმა.

ბატაშუნას აკრძალვა ემყარება ახალ ანტიტერორისტულ კანონებს, რომლებიც ივნისში იქნა მიღებული. თავად ეს კანონები ადამიანის უფლებათა დამცველების მწვავე კრიტიკის საგანია. ბატაშუნას მომხრეები მიუთითებენ იმ გარემოებაზეც, რომ ევროპაში არსებობს პოლიტიკურ პარტიასა და ტერორისტულ ორგანიზაციას შორის კავშირის პრეცედენტი. შინ ფეინი, ტერორისტული დაჯგუფება ირა-ს პოლიტიკური ფრთა, ოფიციალურად არის დაშვებული და იგი ქვეყნის მართვაშიც მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG