Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი პანკისის ხეობაში


27 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი ახმეტის რაიონსა და პანკისის ხეობას ესტუმრა. თავდაპირველად ედუარდ შევარდნაძე სოფელ მატანში შეჩერდა და 23 აგვისტოს დაბომბვის შედეგად

დაღუპულ გურამ ოტიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. შემდეგ კი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა სპეცოპერაციაში მონაწილე საჯარისო ქვედანაყოფები დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ ანტიკრიმინალური და ანტიტერორისტული სამხედრო ღონისძიებების ზონაში ქვეყნის პირველი პირის სტუმრობის გამო უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები იქნა მიღებული. თუმცა, პრეზიდენტის სტუმრობამ პაკისის ხეობაში ამჯერადაც ექსცესების გარეშე ჩაიარა.

საქართველოს პრეზიდენტის რანგში ედუარდ შევარდნაძე პანკისის ხეობას მეორედ სტუმრობს და ყოველი მისი ჩასვლა ეთნიკური ქისტებით დასახლებულ ამ მშფოთვარე რეგიონში განსხვავებულ დატვირთვას ატარებს. პირველად საქართველოს ლიდერი ამ კუთხეს 1997 წლის გაზაფხულზე, მის მიერ "მშვიდობიანი კავკასიის" იდეის წამოყენების შემდეგ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ასლან მასხადოვთან ერთად ესტუმრა. ეს იყო პერიოდი, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხასავ იურტის შეთანხმება ახალი დადებული იყო და ჩეჩნეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები აღარ მიმდინარეობდა.

ბუნებრივია, მაშინ კრემლი საქართველოს ხელისუფლების ამ ნაბიჯს მოთმინებით შეხვდა. მით უფრო, რომ მშვიდობა ჩეჩნეთსა და კავკასიაში იმხანად მთელი რუსული ისტებლიშმენტის სანუკვარი ოცნება გახლდათ. პირველი საომარი კამპანია ჩეჩნეთში ხომ რუსეთის სრული ფიზიკური და მორალური კრახით დამთავრდა. მხოლოდ 1995 წლის ზამთარში ჩეჩენთა შეიარაღებული რაზმების მიერ გროზნოს დაკავების ოპერაციის დროს, რომელიც სწორედ გენერალ მასხადოვის შტაბმა დაგეგმა, რუსეთმა, დაახლოებით, ათას ხუთასი ჯარისკაცი დაკარგა.

თუმცა, ამ ნაბიჯით შევარდნაძე ჩეჩენთა პრეზიდენტთან დაახლოებაზე უფრო მეტად საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. ეთნიკური ქისტებით დასახლებული პანკისის ხეობაში იმხანად უკვე მოძრაობდნენ უკონტროლო შეიარაღებული რაზმები, იარაღი, ნარკოტიკები და შავი ფული. პრეზიდენტ მასხადოვის სტუმრობის შემდეგ ხეობაში სიწყნარემ დაისადგურა.

27 აგვისტოს ედუარდ შევარდნაძის პანკისის ხეობაში ჩასვლა განსხვავებულ პოლიტიკურ ვითარებას დაემთხვა. საქართველოს ხელისუფლება ყველაზე მგრძნობიარე საზღვრის მონაკვეთზე დაგროვებული პრობლემების გადასაწყვეტად, იძულებული გახდა დახმარებისთვის ამერიკისთვის მიემართა და ხეობაში უპრეცედენტო მასშტაბის ანტიტერორისტული და ანტიკრიმინალური ოპერაცია წამოეწყო. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერავინ გაარკვია, თუ რით არიან დაკავებული ხეობაში გადასროლილი ათასობით პოლიციელი, სამხედრო და უშიშროების აგენტი, ედურდ შევარდნაძე დარწმუნებულია, რომ პანკისის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გაწყდება. ძალოვან მინისტრებთან ახმეტის შტაბში გამართული თათბირის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სპეცოპერაციის მთავარ მიღწევად ადგილობრივი ქისტი მოსახლეობის იმედიანი განწყობა და ქართველი სამართალდამცველებისადმი ნდობა დაასახელა.

ამ ნდობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, მზად არის, რათა ადგილობრივი ქისტი ახალგაზრდები შინაგან ჯარების რიგებში კონტრაქტის საფუძველზე მიიღოს. მაგრამ კრიმინოგენული ვითარება ამ მიმართულებით იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ თუნდაც მთელი მამრობითი სქესის ქისტი მოსახლეობის გასამხედროების შემთხვევაშიც კი პანკისის პრობლემის ბლიც-კრიგით დამთავრება დაუჯერებლად გამოიყურება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG