Accessibility links

მორიგი გაუგებრობა საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის. მთავრობა პარლამენტის მოთხოვნებს არ იღებს


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მოუწოდა კოლეგებს არ აყვნენ ემოციებს და არ მოითხოვონ პარლამენტის 26 აგვისტოს დადგენილების შესრულება.

საქართველოდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან ქვეყნის გამოსვლის მოთხოვნებთან დაკავშირებით, თავისი უარყოფითი პოზიცია პრეზიდენტმაც გამოხატა. ასე რომ, რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხო დადგენილებას შეუსრულებლობა ემუქრება, ეს არის, რომ მისმა მიღებამ რუსეთის პოლიტიკური წრეები საქართველოს და რუსეთის საბოლოო გაყრაზე აალაპარაკა. გაყრა არ შედგა, ყოველშემთხვევაში, ჯერჯერობით.
გესაუბრებით საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის ახალ გაუგებრობაზე და პარლამენტის 26 აგვისტოს დადგენილების ბედზე.

რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გატანის ვადების ცალმხრივად შემუშავების, აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ჯარის გაყვანისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის მოთხოვნები ჰაერში გამოკიდებულ მოთხოვნებს ჰგავს. მთავრობა პარლამენტის ამ მოთხოვნებს სერიოზულად არ ეკიდება. პარლამენტის დადგენილებასთან დაკავშირებით მისი პოზიცია დაახლოებით ასეთია: “დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანებული არიან საქართველოს მეგობარი სახელმწიფოები და ამ ორგანიზაციის დატოვება საქართველოს არ წაადგება. რაც შეეხება აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ჯარის გაყვანის მოთხოვნას – ამის გაკეთება საჭირო არაა.” უფრო მეტიც, სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ პარლამენტის 26 აგვისტოს დადგენილებაში ზედმეტად მკვეთრი და დაუფიქრებელი მოთხოვნები დაინახა. ერთი სიტყვით, მთავრობა ფრთხილობს და საკანონმდებლო ორგანოს მოთხოვნებს არ იღებს. ეს პირველი შემთხვევა არაა. შეგახსენებთ 2001 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებას და მის მოთხოვნებს: მიზანშეუწონლად იქნას მიჩნეული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კოლექტიური სამშვიდობო ძალების შემდგომი ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე, წინადადება მიეცეს პრეზიდენტს განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული პროცედურები რუსეთის სამშვიდობო ძალების საქართველოდან გაყვანის მიზნით. პრეზიდენტმა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება სტამბოლის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებათა დაუყოვნებლივ შესასრულებლად და ასე შემდეგ.

პრეზიდენტს პარლამენტის ამ წინადადებებით არ უხელმძღვანელია, თუმცა, 11 ოქტომბრის დადგენილების მიღებას სტიმული თავადვე მისცა. აშკარაა, რომ ის არც პარლამენტის 26 აგვისტოს დადგენილების მიხედვით აპირებს მოქმედებას. არადა, ეს დადგენილება წინამორბედი დადგენილებისგან მკვეთრი ტონით გამოირჩება. ამ შემთხვევაში პარლამენტი პრეზიდენტს წინადადებებით კი არა, მოთხოვნებით მიმართავს.

კონსტიტიციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი არის ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო და საშიანო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას. რაც შეეხება პრეზიდენტს, ის, როგორც სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, არის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში. მოკლედ, საკანონმდებლო სფეროში გადამწყვეტი სიტყვა პარლამენტს ეკუთვნის, აღმასრულებელ სფეროში – პრეზიდენტს. მათ შორის დავის წარმოქმნის შემთხვევაში კი საბოლოო გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს. ასეა თუ ისე, საეჭვოა, პარლამენტის 11 ოქტომბრის და 26 აგვისტოს დადგენილებების შეუსრულებლობას პრეზიდენტის წინააღმდეგ სერიოზული ქმედებები მოჰყვეს, თუმცა ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატების” წევრი ვასილ მაღლაფერიძე ფიქრობს, რომ

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] “ ეს მათ ძალიან მძიმე პასუხისმგებლობის ფასად დაუჯდებათ. ჩვენ ერთ თვეში ან თვენახევარში დავუბრუნდებით დადგენილებას, რომელიც, სხვათა შორის, იმპერატიული ხასიათისაა და აღმასრულებლებს პირდაპირ ავალებთმ რაც უნდა გააკეთონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი.”

ხელისუფლება და პასუხისმგებლობა საქართველოში განყენებული ცნებებია. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს პარლამენტი ერთი თვის ან თვენახევრის შემდეგ.
XS
SM
MD
LG