Accessibility links

logo-print

როგორ აფასებს დასავლეთის პრესა პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს ტერიტორიის დაბომბვების წინა ფაქტებისგან განსხვავებით, 23 აგვისტოს პანკისის ხეობის დაბომბვა მსოფლიოს წამყვანი გაზეთების ყურადღების ცენტრში მოექცა.

26 აგვისტოს გაზეთ "The Independent"-ის ვარაუდით, გამორიცხული არ არის, პანკისის ინციდენტი აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაციების მიზეზად იქცეს, რადგან თეთრი სახლი, კრემლთან დაახლოების მიუხედავად, უყურადღებოდ ვერ დატოვებს ყოფილი ”დერჟავის” მხრიდან შელახული თავმოყვარეობის კომპენსირებისკენ მიმართულ სიცრუეზე დაყრდნობილ პოლიტიკას.

27 აგვისტოს "The Wall Street Journal"-ი იუწყება, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა პანკისის ხეობაში ჩეჩენი მეამბოხეები ვერ აღმოაჩინეს. "სამთავრობო ჯარები ხელცარიელნი დაბრუნდნენ. პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ჩეჩენ მეამბოხეებს პანკისის ხეობის დატოვება შესთავაზა, რადგან საქართველოს სისხლისღვრა არ სურს. ორშაბათს პანკისის ხეობიდან სამხედრო შეტაკების თაობაზე ცნობები არ მოსულა. ჯარისკაცებმა გზებზე საკონსტროლო-გამშვები პუნქტები მოაწყეს", – წერს გაზეთი, რომელიც შენიშნავს, რომ პანკისის ხეობას დიდი ხანია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დაძაბულობა შეაქვს. მოსკოვი თბილისს ჩეჩენი ბოევიკების მფარველობაში ადანაშაულებს და მოითხოვს იქიდან ჩეჩნების გამოძევებაში სამხედრო მონაწილეობის უფლებას. თბილისი ამ მოთხოვნას არ იზიარებს და აცხადებს, რომ ამას თავისი ჯარისკაცების ხელით გააკეთებს. რუსეთის ოფიციალური პირები მოითხოვენ, რომ საქართველომ დააკავოს და რუსეთის მხარეს გადასცეს ჩეჩენი მეამბოხეები, ანდა, როგორც ორშაბათს განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა, გაანადგუროს და მათი გვამები ამოცნობისთვის წარუდგინოს რუსეთის სამართალდამცავებს. რუსეთის მხარე საქართველოს ჩეჩენი მებრძოლების უკან, რუსეთისკენ განდევნის დაუშვებლობაზე მიუთითებს. "ჩვენ არ გვინდა, მკვლელების და ტერორისტების ბანდებმა სიკვდილი თესონ ჩვენს ტერიტორიაზე", – განაცხადა ბატონმა ივანოვმა. პრეზიდენტი შევარდნაძე აინუშში არ აგდებს რუსეთის ჩივილს და აცხადებს, რომ სწორედ რუსეთის ჯარისკაცებმა შემორეკეს საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი შეიარაღებული პირები, როცა 1999 წელს მეორე სამხედრო კამპანია დაიწყეს ჩეჩნეთში. იგი, თავის მხრივ, ბრალდებებს უყენებს რუსეთს პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩაშლის მცდელობაში, როცა პარასკევს დაბომბა პანკისის ხეობა, რის შედეგადაც ერთი ადგილობრივი მოსახლე დაიღუპა და ხუთამდე დაიჭრა. რუსეთის სამხედროები კატეგორიულად უარყოფენ დაბომბვასთან რაიმე კავშირს. მინისტრმა ივანოვმა, რომელმაც უკომენტაროდ დატოვა თეთრი სახლის საკმაოდ მკაცრი განცხადება პანკისის ხეობის დაბომბვასთან დაკავშირებით, ორშაბათს არ გამორიცხა, რომ საქართველომ თავად დაბომბა საკუთარი ტერიტორია და ამბოხებულების შურისძიების თავიდან ასაცილებლად, ახლა რუსეთს ადანაშაულებს. "The Wall Street Journal"-ი მკითხველს შეახსენებს, რომ მოსკოვს აღიზიანებს პრეზიდენტ შევარდნაძის პროდასავლური კურსი. კერძოდ, რუსეთს სურდა კიდევ ერთი ნავთობსადები აეშენებინა კასპიის ნავთობის გადასაქაჩად ნოვოროსიისკში, მაგრამ რუსეთმა ვერ მოიგო ეს ტენდერი, ვინაიდან აშშ-მ აქტიურად დაუჭირა მხარი ნავთობსადების მშენებლობის პროექტს საქართველოსა და თურქეთის მიმართულებით. გაზეთს მოჰყავს გაეროში საქართველოს ელჩის რევაზ ადამიას ორშაბათს გაკეთებული განცხადება, რომელშიც საქართველომ რუსეთი აგრესიაში დაადანაშაულა და მოითხოვა უშიშროების საბჭოს მიერ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და გაერის წესდების დარღვევების შესწავლა.
27 აგვისტოს გერმანული გაზეთი " Der Tagesspiegel"-ი შენიშნავს, რომ რუსეთის საინფორმაციო საშუალებები მკვეთრად მიჯნავენ შორეულ და ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებს. ამ უკანასკნელში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები იგულისხმებიან, რომელთა მიმართაც, როგორც ჩანს, ნებისმიერი ქმედებაა დაშვებული. ბოლო მაგალითი – პანკისის ხეობის დაბომბვაა, რაც შესაძლოა რუსეთისთვის დიდი უსიამოვნების მიზეზად იქცეს. ის, რომ რუსეთი უარყოფს დაბომბვებში თავის მონაწილეობას, მხოლოდ ამძიმებს ვითარებას. თავისდაუნებურად ჩნდება კითხვა, რა ფასი აქვს პუტინის მცდელობას საერთაშორისო დაძაბულობის განსამუხტავად, თუ მის პოლიტიკას ძირშივე სპობს მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედი რუსეთის გენერალიტეტის თავაშვებულობა. კვირას ტელევიზიით გამოსვლისას პრეზიდენტმა შევარდნაძემ არ გამორიცხა, რომ პუტინი საქმის კურსში არ ყოფილიყო დაბომბვებთან დაკავშირებით. "მაგრამ ეს ჩემი კი არა, პუტინის პრობლემაა", შენიშნა შევარდნაძემ. გაზეთ "Der Tagesspiegel"-ის შენიშვნით, ეს სიმართლეა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც პირქუშ პერსპექტივას რუსეთის დემოკრატიულობის თაობაზე.
XS
SM
MD
LG