Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტების გამოძიება და მასზე პოლიტიკოსების რეაქცია


საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა პანკისისა და ილტოს ხეობათა დაბომბვის ფაქტების გამოძიება დაიწყეს, თუმცა მანამდე საქართველოს უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეებმა

დაბომბვების განხორციელება რუსეთის ფედერაციის სამხედრო საჰაერო ძალებს დააბრალეს და რუსეთის ქმედებების საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაც მოითხოვეს. მოსკოვი კვლავინდებურად ყველაფერს უარყოფს და საქართველოს საკუთარი ტერიტორიის დაბომბვაში ადანაშაულებს, თუმცა კი გამოძიებაში ჩართვის სურვილს მაინც გამოთქვამს.

საქართველოს ტერიტორიის დაბომბვების გამო გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე 4 მუხლის შესაბამისად აღძრა, – მათ შორისაა სახელმწიფო საზღვრის დარღვევა და ადამიანების განზრახ მკვლელობა. რუსი სამხედროები ირწმუნებიან, რომ რუსული თვითმფრინავები საქართველოს საჰაერო სივრცეში არ შემოჭრილან და პანკისის ხეობა არ დაუბომბიათ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა თავის მართლების მიზნით ისიც კი განაცხადა, რომ რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს ღამით ხედვის მოწყობილობა არ აქვთ და, შესაბამისად, პანკისის ხეობის ღამით დაბომბვასაც ვერ განახორციელებდნენო. მან ქართული ავიაციის უპირატესობაც აღიარა, რომელიც, თურმე, ღამით საბრძოლო მოქმედებების წარმოების საშუალებას იძლევა და პანკისის ხეობის დაბომბვაც სწორედ მას მიაწერა.

ქართველი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტთან სამხედროების შეუთანხმებელი მოქმედებით პრეზიდენტიც და სამხედროებიც გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენდნენ. ამას ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტმაც თავის საჯარო გამოსვლაში. საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა ლევან მატარაძემ ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ ამით შევარდნაძემ თავის რუს კოლეგას, ფაქტობრივად, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი შესთავაზა.

[მატარაძის ხმა] „მაგრამ თუ ამას მიიღებს, აი, ამ რჩევას საქართველოს პრეზიდენტისას, პუტინი აღმოჩნდება ძალიან უხერხულ მდგომარეობაში და არა მგონია, რომ მიიღოს, და რატომ? იმიტომ, რომ თუ ჯარი მას არ ემორჩილება, კრემლის კედლებიც ვერ დაიცავს მაგას. ამიტომ ეს მდგომარეობა უფრო საშიში მისთვისაა, ვიდრე ვინმე სხვისთვის, თუმცა სხვებისთვისაც და საქართველოსთვისაც ხიფათს წარმოადგენს.“

რუსი სამხედროები და პოლიტიკოსები ამ მდგომარეობიდან გამოსავალის საკუთარ გზებს ეძებენ და გამოძიებისთვის ყველა იმ დოკუმენტის საქართველოსთვის გადაცემის მზადყოფნასაც აცხადებენ, რომელიც პანკისის დაბომბვებთან მათ კავშირს გამორიცხავს. პარალელურად კი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და ჩეჩნეთში მშვიდობის დამყარების პროპაგანდა დაიწყეს. თბილისი მზადაა ერთობლივი გამოძიება ჩაატაროს, რომელიც დაბომბვების რეალურ ორგანიზატორს გამოვლენს, რაც საქართველოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების საფუძველსაც მისცემს.

შეგახსენებთ, რომ პირველი ასეთი ერთობლივი გამოძიების შემდეგ, 1999 წელს, საქართველოს დაბომბვის ფაქტის დადასტურების გამო, რუსეთმა ბოდიში მოიხადა. ამჯერად საქართველო საერთაშორისო საზოგადოებისაგან რუსეთის ქმედებათა დაგმობას გამოძიების დამთავრებამდე მოითხოვს, რადგან მოსკოვის მხრიდან აგრესიის ფაქტი თავად საერთაშორისო დამკვირვებლების მიერაა დადასტურებული.

გამოძიების დასრულების შემდეგ კი საერთაშორისო სამართალი საქართველოს საშუალებას აძლევს რუსეთისგან ბოდიში და ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს. თუმცა, ასეთი ფაქტების განმეორების თავიდან აცილების მიზნით ლევან მატარაძე თვლის, რომ საჭიროა

[მატარაძის ხმა] „ჩვენ უნდა გამოვიყენოთ არა მარტო გაერო, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ევროპის ორგანიზაციები, უშიშროებისა და თანამშრომლობის ევროპის ორგანიზაცია, ევროპის კავშირი. მე მიმაჩნია, რომ დსთ-შიც უნდა დავაყენოთ ეს საკითხი. ჩვენ ელჩებს, რომლებიც სხვადასხვა რესპუბლიკებში არიან, ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, იმათ უნდა დავავალოთ, რომ დააყენონ ეს საკითხი ადგილობრივი მთავრობის წინაშე. დღეს დაბომბა რუსეთმა საქართველო, მაგრამ ხვალ ხომ შეიძლება უზბეკეთი დაბომბოს?...“

რამდენად შედეგიანი აღმოჩნდება საქართველოს ასეთი დიპლომატიური აქტიურობა, ანუ რამდენად შეუწყობს იგის ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა დარეგულირებას, უახლოეს მომავალში გახდება ნათელი.
XS
SM
MD
LG