Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფსიქიკურად დაავადებულთა პრობლემები საქართველოში


ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ფსიქიკურად დაავადებულთა რიცხვი საქართველოში ამჟამად 97-98 ათასს შეადგენს, ხოლო არაოფიციალური სტატისტიკა დაახლოებით კიდევ ერთი ამდენი

ავადმყოფის არსებობას ვარაუდობს, რომელთაც სხვადასხვა სახის ფსიქიკური აშლილობა ახასიათებთ. ოფიციალური სტატისტიკა ვერ პასუხობს შეკითხვას – იზრდება თუ კლებულობს ბოლო წლების განმავლობაში ფსიქიატრიულ დაავადებათა შემთხვევები? თუმცა, მძიმე სოციალური სტრესების ფონზე სპეციალისტები კლების ტენდენციას ნამდვილად გამორიცხავენ.

ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გოგი ნანეიშვილის მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ერთნახევარჯერ გაიზარდა ნევროზული რეგისტრის დაავადებათა შემთხვევები. საუბარია სწორედ იმ დაავადებებზე, რომელთა წარმოშობასაც ძირითადად სწორედ ყოველდღიური სოციალური სტრესები განაპირობებს და რომლებიც, თავის მხრივ, თვითმკვლელობათა სერიოზულ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ფსიქიატრიული განხრის პაციენტთა ზუსტი აღრიცხვა მათ მიმართ საზოგადოების ერთობ არაცივილური დამოკიდებულების გამო ვერ ხერხდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ფსიქიკურად დაავადებულთა მისამართით საზოგადოების დამოკიდებულება თითქოსდა შერბილდა, ამ ტიპის პაციენტები მაინც გარიყულად რჩებიან. ნანეიშვილი მიიჩნევს, რომ დისკრედიტაციის შიშით პაციენტები მათ ახლობლებს სამკურნალო დაწესებულებებში აღარ მიჰყავთ და, ხშირად, თვითმკურნალობას მიმართავენ.

30 წლის ავადმყოფის მშობელი ჩემთან საუბრისას აცხადებს, რომ შვილის სულიერი წონასწორობის შენარჩუნება ყოველთვიურად, სულ მცირე, 200 დოლარი უჯდება. ეს ქალბატონი აღიარებს, რომ შვილის მკურნალობა შინ, ფარულად, კერძო ფსიქიატრის რჩევებით ურჩევნია და რომ სამკურნალო დაწესებულებებში მიყვანისგან სავსებით შეგნებულად იკავებს თავს. უპირველესად, თურმე იმიტომ, რომ მას კიდევ ჰყავს შვილი და საზოგადოების თვალში სწორედ იმ ჯანმრთელი შვილის დისკრედიტაციას ერიდება. “არ მინდა, რომ ჩემს შვილს გიჟი დაუძახონ”, – ამბობს ჩემი რესპოდენტი.

რაც შეეხება სამკურნალო დაწესებულებებს, მათი რიცხვი საქართველოს მასშტაბით შვიდია. მათ შორის ერთ-ერთში, ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ამბულატორიულ აღრიცხვაზე ამჟამად 1200 ავადმყოფი იმყოფება, ხოლო კიდევ 300 პაციენტს სტაციონარული მკურნალობა უტარდება. თითოეული ასეთი სტაციონარული ავადმყოფის შენახვა და მკურნალობა სახელმწიფოს დღეში დაახლოებით 6 ლარი უჯდება. თუმცა ხსენებული 300-დან ის მხოლოდ 240 პაციენტის მოვლას აფინანსებს, დარჩენილ 60-ს კი ფსიქიატრიული დაწესებულება პრაქტიკულად საკუთარ ხარჯზე ინახავს.

აქვე მოგახსენებთ, რომ სახელმწიფოს ფინანსური მზრუნველობა ფსიქიკურად დაავადებულთა მხოლოდ 30 პროცენტზე ვრცელდება. სპეციალისტთა განმარტებით, ეს კონტინგენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით შეირჩევა და 4 ძირითადი ჯგუფისგან შედგება. ესენია: სისხლის სამართლის დამნაშავეები (რომლებსაც იძულებითი მკურნალობა სასამართლომ მიუსაჯა); ავადმყოფები, რომლებსაც მწვავე ფსიქიკური აშლილობა აღენიშნებათ; საზოგადოებისთვის ან საკუთარი თავისთვის სახიფათო პაციენტები; და, ბოლოს, უმწეო ან ინვალიდი ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული ფსიქიატრიული დაავადებები აწუხებთ.

და კიდევ ერთი საინტერესო რამ: ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებს სახელმწიფო ხელფასად წოდებულ მიზერს, თურმე, აღარ უგვიანებს. როგორც ჩანს, მათმა ორიგინალურმა მუქარამ შესანიშნავად იმოქმედა. შეგახსენებთ, რომ ხელფასების პერმანენტული დაგვიანებით გამწარებული პერსონალი ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტთა ქუჩაში გამოშვებით იმუქრებოდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG