Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის საკითხში პრეზიდენტ ბუშის პოზიცია კონგრესში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს


ანდრო ეული, პრაღა პრეზიდენტ ბუშის გეგმას, ცალმხრივი სამხედრო აქციის მეშვეობით მიაღწიოს ერაყში ამჟამინდელი რეჟიმის შეცვლას, სულ უფრო მეტი მოწინააღმდეგე უჩნდება ამერიკელ კანონმდებლებსა და ყოფილ ოფიციალურ პირებს შორის,

რომელთაგან ბევრი ბუშის თანაპარტიელია, ანუ – რესპუბლიკელი. თავად ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ ერაყთან მიმართებაში ჯერაც არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება და რომ აწონ-დაწონის ყველა შესაძლებლობას, მათ შორის პოლიტიკურსა და დიპლომატიურს, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოს და ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაამხოს.

სამშაბათს, ტეხასის შტატის ქალაქ კროუფორდში, პრეზიდენტი ბუში საუდის არაბეთის ელჩს, პრინც ბანდარ ბინ სულთანს ეთათბირა. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა კორესპონდენტებს უთხრა, საუდის არაბეთის ელჩთან მოლაპარაკებისას ჯორჯ ბუშმა კვლავ განაცხადა, რომ, მისი ღრმა რწმენით, სადამ ჰუსეინი საფრთხეს უქმნის მშვიდობას – როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ისე მთელს მსოფლიოში.

ამასობაში, რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერი წარმომადგენელთა პალატაში დიკ არმი, რომელიც, ისევე, როგორც ბუში, ტეხასელია და პრეზიდენტის უახლოეს თანამოაზრედაც ითვლება, საჯაროდ ერთ-ერთი პირველი გამოვიდა ერაყთან ომის დაწყების წინააღმდეგი. ”ამერიკა ის ქვეყანაა, რომელიც თავს არ ესხმის სხვა ქვეყნებს, ვიდრე ჩვენ აშკარა პროვოკაციას არ დავპირისპირებივართ” – განაცხადა ამ თვის დასაწყისში დიკ არმიმ.

მას შემდეგ სხვა თვალსაჩინო პოლიტიკოსებმაც გააკრიტიკეს თეთრი სახლის პოზიცია, რომ შეერთებულმა შტატებმა არ უნდა გაუწიოს ანგარიში საერთაშორისო თანამეგობრობის აზრს და ცალმხრივად უნდა განახორციელოს ერაყზე თავდასხმა. თეთრი სახლის პოზიცია გააკრიტიკეს ბრენტ სკოუკროფტმა და ლორენს იგლბერგერმა. პირველი ბუშის მამის, უფროსი ჯორჯ ბუშის მრჩეველი იყო ეროვნული უშიშროების საკითხებში, ხოლო მეორეს იმავე ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეკავა.

ერაყთან ომის დაწყებას სკეპტიკურად უყურებენ სხვა კანონმდებლებიც, მათ შორის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი კარლ ლევინი, აგრეთვე რესპუბლიკელი სენტორები: ჩაკ ჰეიგელი, დიკ ლუგარი და პატ რობერტსი. ხოლო პრეზიდენტობის ყოფილი რესპუბლიკელი კანდიდატის ჯეკ კემპის აზრით, ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართებული, თუ ოფიციალურად დამტკიცდება 11 სექტემბრის ტერაქტებში ერაყის უშუალო მონაწილეობა.

გამოჩნდა იმის ნიშნებიც, რომ მოსალოდნელმა ომმა ერაყთან, პენტაგონის ყოფილი ლიდერებიც შეაშფოთა. სამხედრო-საზღვაო ძალების გადამდგარ გენერალს ჯოზეფ ჰოურს, რომელიც სპარსეთის ყურის ომში მონაწილეობდა, მიაჩნია, რომ ერაყთან ომის დაწყება დიდ რისკათანაა დაკავშირებული და, ალბათ, არცაა საჭირო.

ერაყთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობაა თავად თეთრი სახლის ადმინისტრაციაში. სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, რომელიც შტაბების უფროსთა გაერთიანებულ კომიტეტს თავმჯდომარეობდა სპარსეთის ყურის ომის დროს, სამხედრო აქციის განსახორციელებლად მრავალეროვანი კოალიციის შექმნას უჭერს მხარს და კატეგორიული წინააღმდეგია იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად მიაყენოს დარტყმა ერაყს.

ამასობაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ არმიტაჯმა, პრესკონფერენიაზე, ტოკიოში, ოთხშაბათს განაცხადა: [რიჩარდ არმიტაჯის ხმა] ”გვჯერა, რომ სულ მალე შევძლებთ, ყველა დავარწმუნოთ იმაში, რომ აუცილებელია ერაყში რეჟიმის შეცვლა, თუმცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გარკვევით განაცხადა, რომ ჯერ ერთი, არ მიუღია ამის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება და, გარდა ამისა, მას განზრახული აქვს, კონსულტაციები გამართოს მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებთან. ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტმა გუშინაც, როცა საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა ტეხასის შტატის ქალაქ კროუფორდში.”

ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი ეთანხმება ჯორჯ ბუშს იმაში, რომ სადამ ჰუსეინი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მსოფლიოს და მაინც მიაჩნია, რომ შეერთებულმა შტატებმა თავი უნდა შეიკავოს ცალმხრივი ქმედებისაგან ერაყის წინააღმდეგ. სტატიაში, რომელიც კვირას გამოაქვეყნა გაზეთმა ”ნიუ იორკ ტაიმსმა”, ბეიკერი წერს, რომ თეთრი სახლი უნდა შეეცადოს ახალი რეზოლუციის მიღებას გაეროში, რათა განიარაღების საერთაშორისო კომისიამ, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განაახლოს თავისი საქმიანობა ერაყში.

ჯეიმს ბეიკერის წინადადებას მხარი დაუჭირეს წამყვანმა სენატორებმა: რესპუბლიკელმა არლენ სპეკტერმა და დემოკრატმა ბობ გრეჰემმა. ბეიკერის წინადადება მოიწონა შეერთებული შტატების ყოფილმა მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში რიჩარდ ჰოლბრუკმაც. თუმცა სამშაბათს გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ სტატიაში ჰოლბრუკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაეროს ახალმა რეზოლუციამ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მისცეს მწვანე შუქი ძალის გამოყენებას, თუ სადამ ჰუსეინი რეზოლუციის პირობებს არ შეასრულებს.

ტელეკომპანია ”სი-ბი-ესის” მიერ გასულ კვირაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების ორი მესამედი მხარს უჭერს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას, მაგრამ სურს, რომ პრეზიდენტმა ბუშმა ამ საკითხში კონგრესის თანხმობა მიიღოს. გამოკითხულთა იმავე რაოდენობის აზრით, შეერთებულმა შტატებმა ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე მოკავშირეთა მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.
XS
SM
MD
LG