Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითაღიარებული მთავრობა საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცებას ცდილობს


ენგურის ხიდზე კვირაზე მეტია გრძელდება საპროტესტო აქცია, რომელზეც დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ხელისუფლების მხარდამჭერები უნდობლობას უცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის

პირადი წარმომადგენლის, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის სამშვიდობო ძალისხმევას აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში. თავის მხრივ, ასლან აბაშიძის მომხრეები დარწმუნებული არიან, რომ კონფლიქტის შენარჩუნებას სწორედ თბილისში მოქმედი ლეგიტიმური აფხაზეთის მთავრობის უკომპრომისო პოზიცია უწყობს ხელს. თუმცა, სანამ "ცარცის წრეში" ჩამდგარი ოპონენტები პროცესების მართვის არარსებულ სადავეებს თავისკენ ეზიდებიან, სეპარატისტული აფხაზეთის წარმომადგენლები დროს არ კარგავენ და აუღიარებელი რესპუბლიკის საერთაშორისო ავტორიტეტის განსამტკიცებლად ერთი ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობენ.

აჭარის ლიდერისა და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, ასლან აბაშიძის მომხრეთა მხრიდან წამოსულ კრიტიკას, დევნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი საკუთარი მომხრეების დარაზმვითა და ლეგიტიმური სტრუქტურების საკადრო ნოვაციით შეხვდა. ამ დროისათვის საკადრო წმენდა მხოლოდ აღმასრულებელ შტოს შეეხო, თუმცა სამომავლოდ ნადარეიშვილს განზარხული აქვს სერიოზულად შეცვალოს საკანონმდებლო ორგანო – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზაენაესი საბჭო და მის ბაზაზე ორპალატიანი პარლამენტი ჩამოყალიბდეს.

"კავკას-პრესის" სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში თამაზ ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ ქვედა პალატაში შევა ის 17 დეპუტატი, რომელიც აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ჯერ კიდევ კონფლიქტის დაწყებამდე აირჩიეს. ზედა პალატაშიც წარმოდგენილი იქნება ამდენივე დეპუტატი, რომლებსაც საქართველოს ყველა რეგიონში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები აირჩევენ.
თუმცა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ იდეაში არსებობს, ვინაიდან აღნიშნული ინიციატივა სათანადო საკანონმდებლო ცვლილებას და თანხებს საჭიროებს.

სანამ თბილისში მოქმედი აფხაზეთის დევნილი ხელისუფლება ასეთი ფორმალური ძიებებით არის შეპყრობილი, მათი ენგურსგაღმელი ოპონენტები უქმად არ სხედან და ყველა საშუალებით ცდილობენ პოლიტიკური იზოლაციის გარღვევას.

ამ თვალსაზრისით, არძინბას ხელისუფლებამ რუსეთის სრული მხარდაჭერა მიიღო. ეკონომიკური ბლოკადის რეჟიმი, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის მიმართ დსთ-ს ქვეყნებმა 1996 წელს მიიღეს და რომლის ეფექტიანობა, როგორც პოლიტიკური მოწესრიგების ინსტრუმენტისა, თავიდანვე სერიოზულ ეჭვებს იწვევდა, მხოლოდ ფორმალურად მოქმედებს. გარდა ამისა, რუსეთი მზადაა, ხოლო ზოგიერთი ინფორმაციით კი უკვე დაიწყო აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობის მასობრივი პასპორტიზაცია, რომელსაც აფხაზური დიასპორის ერთ-ერთმა ლიდერმა, ამერიკაში მცხოვრებმა აფხაზმა პროფესორმა ინალ კაზანმა "დიპლომატიური ეთნიკური წმენდა უწოდა".

საქართველოში გამომავალი რუსულენოვანი გაზეთის "კავკაზსკი აქცენტისათვის" მიცემულ ინტერვიუში, აფხაზმა პროფესორმა განაცხადა, რომ "ამით, ანუ რუსული პასპორტების დარიგებით, აფხაზეთის ხელისუფლებამ თავის ქვეყანას წაართვა უფლება ეროვნულობასა და თავისუფლებაზე."

ამ ფუნდამენტური უფლებების ყველაზე საუკეთესო ფორმად ინალ კაზანს აფხაზეთის სუვერენიტეტის ერთიანი ფედერაციული საქართველოს შემადგენლობაში განსაზღვრა მიაჩნია.

[ინალ კაზანის ხმა, ინგლისურად] "აფხაზთა უმრავლესობა არ ცხოვრობს აფხაზეთში. ის ადმიანები, რომლებიც აფხაზეთს მართავენ, იმ უმცირესობის უმცირესობაში არიან, რომელებიც ცხოვრობენ აფხაზეთში ტერიტორიაზე. ახლა დადგა დრო, რომ გაჩუმებულმა უმრავლესობამ ხმა ამოიღოს. ამიტომ გვმართებს გააქტიურება, რომ, მიუხედავად იურიდიული სტატუსისა, ჩვენ ჩავებათ ამ შერიგების პროცესში. საუკეთესო გამოსავლად კი მიგვაჩნია, რომ იგი საერთო კავკასიურ პრობლემად განვიხილოთ და ამ ჭრილში შევეცადოთ მათ მოგვარებას. კარგია, შევქმნათ ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, დავაფინანსოთ სკოლებისა და საავადმყოფოს მშენებლობა აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ მთავარია განისაზღვროს აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი ფედერაციული საქართველოს შემადგენლობაში."

პროფესორმა კაზანმა ეს განცახდება თბილისში ივნისის დასაწყისში გააკეთა. აფხაზური დიასპორისა და გაეროში სეპარატისტთა ლიდერის ყოფილი პირადი წარმომადგენლის ასეთმა უცნაურმა მეტამორფოზამ სოხუმი, ჩანს, ძალიან შეაშფოთა. ამიტომ მათ საპასუხო დიპლომატიური მოძრაობა წამოიწყეს ხელიდან გაშვებული ინიციატივის დასაბრუნებლად. 21 აგვისტოს სოხუმის წარმომადგენლობითი დელეგაცია, სეპარატისტთა ვიცე-პრემიერ ვლადიმერ ზანთარიასა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას ხელმძღვანელობით არაოფიციალური ვიზიტით სტამბოლში ჩავიდნენ და იქ არსებულ "კავკასია - აფხაზეთის" სოლიდარობის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. აფხაზური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, შეხვედრის მთავარ მიზანს
აფხაზური დიასპორის ისტორიულ სამშობლოსთან დაახლოების პროცესი წარმოადგენდა. ამ პროცესის გასააქტიურებლად არძინბას ემისრებმა სოლიდარობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ირფან არგუნს სეპარატისტთა უმაღლესი ჯილდო გადასცეს.

27 აგვისტოს კი სოხუმის დელეგაცია იმავე შემადგენლობით სირიის დედაქალაქ დამსაკოში ჩავიდა და ორდენებით ამჯერად იქ მცხოვრები აფხაზური დიასპორის აქტივისტები შეამკო.

სახელმწიფოებრივი ჯილდოებისა და მედლების ჩამორიგების სურვილის უქონლობას, საქართველოს ხელისუფლების მსგავსად, ჩანს არც სეპარატისთა თავკაცები უჩივიან, მაგრამ არსებობს თვალშისაცემი სხვობაც. ეს, კერძოდ, შეეხება დიასპორებთან მუშაობას და ე.წ. სახალხო დიპლომატიის როლის გააქტიურებას, რაშიც თბილისს, ენგურსგაღმელ ოპონენტებთან შედარებით, ჯერ კიდევ ძალიან დიდი ჩამორჩენა აქვს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG