Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ბრალდებები თბილისის მისამართით და დესტაბილიზაციის მოლოდინი


დავით პაიჭაძე, თბილისი 28 აგვისტო საქართველოში ოფიციალური უქმეა და, ამდენად, ამ დღეს პოლიტიკოსთა აქტივობა მოსალოდნელი არ იყო. თუმცა, აქაც ამოქმედდა კანონი გამონაკლისზე, რომელიც წესს ადასტურებს.

პარლამენტის წევრმა, ფრაქცია "აღორძინების" თავმჯდომარემ ჯემალ გოგიტიძემ უქმობას ჟურნალისტებთან შეხვედრა და მათთვის რამდენიმე, მანამდე უცნობი საიდუმლოს გამხელა არჩია.

არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს – ღვთისმშობლის მიძინების რელიგიურ დღესასწაულს ჯემალ გოგიტიძე ამ ბიბლიური სიბრძნის პათოსით მიეგება. თუმცა, არ გააცხადა ყველაფერი, რაც მის ლაპარაკში დაფარული იყო. ასე, მაგალითად, გოგიტიძე აცხადებს, რომ ბათუმში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს ერთ-ერთი ოპერატიული სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ბაზიდან იარაღის, აპარატურისა და ხელსაწყოების გატანას ცდილობდა. გოგიტიძე ირწმუნება, რომ თანამშრომელი ამას საქართველოს ხელისუფლების დავალებით აკეთებდა. “აღორძინების” საპარლამენტო ლიდერმა არ გაამხილა არც დაკავებული პირის ვინაობა და არც იმ უწყების სახელი, სადაც ეს პირი თითქოსდა მსახურობს.

რატომ და რა მიზნით ავალებს საქართველოს ხელისუფლება გასაიდუმლოებულ თანამშრომლებს რუსული ბაზიდან იარაღის გატანას? გოგიტიძის მტკიცებით, ეს იარაღი და ინვენტარი უნდა შეესყიდა სხვა ადამიანს, რომელიც მოახდენდა ამ ფაქტის აფიშირებას ბათუმში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის დისკრედიტაციის მიზნით. ამ შემთხვევაშიც ადამიანის სახელი უცნობი რჩება.

როცა “აღორძინების” თვალსაჩინო წარმომადგენლები ცენტრალურ ანუ საქართველოს ხელისუფლებას ახსენებენ, გასაგებია, რომ საქმე გვაქვს სააზროვნო ყალიბთან, რომელშიც თბილისი ერჩის ბათუმს. ერთი და იმავე ინფორმაციისა თუ მოსაზრების დაჟინებით, რამდენჯერმე, დიდი ხნის მანძილზე გამეორება ცნობილი პროპაგანდისტული ხერხია და ის ფართო აღიარებით სარგებლობს როგორც “აღორძინების” წევრებში, ისე აჭარის ტელევიზიაში. თუ დავუკვირდებით, ახალი არაფერია ჯემალ გოგიტიძის სიტყვებში: საქართველოს ხელისუფლებას ყელში გაეჩხირა აჭარა, იქ არსებული სტაბილურობა და აღმშენებლობა. გოგიტიძე ამტკიცებს, რომ თბილისს ბათუმში ცხელი წერტილის მოწყობა სურს.

აზროვნების ამგვარი წესი, ანუ კონსპირაციის თეორიის, კონკრეტულად ამ შემთხვევაში აჭარის წინაღმდეგ შეთქმულების რწმენა ჯემალ გოგიტიძემ გამოამჟღავნა ჩემთან საუბრის დროსაც, როცა ახსენა რუსეთის ერთ-ერთი ტელევიზიის, სახელდობრ, მესამე არხის მოპოვებული და გავრცელებული ინფორმაცია საქართველოში მოვლენათა შესაძლო განვითარების შესახებ. ჯემალ გოგიტიძისა მიხედვით, გავრცელებული ცნობები ემყარება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტს. მაგრამ პარაფრაზირებას სჯობს, თავად ფრაქციის ლიდერს მოვუსმინოთ [გოგიტიძის ხმა]:

“რუსეთის მესამე არხმა გადმოსცა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, უფრო სწორად, ამოღებული საიდუმლო ინფორმაცია, სადაც საქართველოში უახლოეს პერიოდში გავრცელებულ მოვლენათა შესახებ იქნებოდა საუბარი. მათ შორის, სხვათა შორის, ერთ-ერთი მსხვერპლი მეც ვარ, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ჯემალ გოგიტიძე იქნება ერთ-ერთი ტერორისტი. ამერიკის საელჩოს ამ ინფორმაციის იგნორირებისათვის, ანდა უარყოფისათვის არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია” (სტილი დაცულია – დ.პ.).

ჯემალ გოგიტიძის ნათქვამიდან ცოტა ძნელი გასარკვევია, ის მსხვერპლი იქნება თუ ტერორისტი, ამერიკის საელჩომ გავრცელებული ცნობის იგნორირება მოახდინა, ანუ არაფრად ჩააგდო, თუ უარყო იგი. მაგრამ ერთი რამ ცხადია: გოგიტიძე არ გამორიცხავს დესტაბილიზაციას საქართველოში და მისი გამოწვევის სურვილს ცენტრალურ ხელისუფლებას მიაწერს. დესტაბილიზაციის ალბათობაზე აზრის გამოსათქმელად მე დავუკავშირდი კიდევ ერთ დეპუტატს, მიხეილ ნანეიშვილს, რომელმაც ასეთი პასუხი გამცა [ნანეიშვილის ხმა]:

“რეალურად არ მიმაჩნია, რომ ასეთი რამ მოხდეს. მართალია, საზოგადოება ბევრი რამით უკმაყოფილოა, მაგრამ მაინც არ არის განწყობილი გადატრიალებებისა და რევოლუციების მოსახდენად. მაქვს შთაბეჭდილება, რომ ხალხს აბსოლუტურად არ აწყობს არავითარი არეულობა, მიუხედავად იმისა, რომ სურს ცვლილებები. ეს რაც შეეხება საზოგადოებას; ხელისუფლებას კი აქვს საიმისო ძალები, რომ სიტუაცია აკონტროლოს. ოპოზიციაც არ არის იმდენად ძლიერი, რომ რაღაც მოიმოქმედოს. არა მგონია, რომ გარეშე ძალას აქვს ასეთი შესაძლებლობა”.
XS
SM
MD
LG