Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გესაუბრებით დაუდგენელი მფრინავი ობიექტების წარმომავლობაზე, პერიოდულად რომ დაფრინავენ საქართველოს ცაში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორც ჩანს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ერა დგება. თუ აქამდე რუსეთის მხარე საერთოდ უარყოფდა ოფიციალური თბილისის განცხადებებს საქართველოს ტერიტორიების დაბომბვების შესახებ,

23 აგვისტოს ინციდენტის შემდეგ დღის წესრიგში დადგა იმ თვითმფრინავების კუთვნილების დადგენის საკითხი, რომლებმაც პანკისის ხეობა დაბომბეს. აშშ-ისგან განსხვავებით, რომლისთვისაც დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა საქართველოს წარდგენილი დოკუმენტები, რუსეთის თვითმფრინავების მიერ დაბომბვების ფაქტს რომ ადასტურებს, რუსეთის ხელისუფლება კვლავ გაურბის მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებას და საზოგადეობას 23 აგვისტოს ინციდენტის საკუთარ ვერსიას სთავაზობს.

გულახდილად რომ ითქვას, თუნდაც ის ფაქტი, რომ რუსეთმა ბოლოს და ბოლოს აღიარა, რომ 23 აგვისტოს პანკისის ხეობა მართლაც დაიბომბა და, წინა მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით, ეს ქართველების მდიდარი ფანტაზიით არ ახსნა, უკვე მისასალმებელი ფაქტია, თორემ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ საქართველო უცხოპლანეტელების ინტერესების სფეროში აღმოჩნდა, რომლებსაც ძალიან გაუტკბათ საქართველოსკენ ამოუცნობი საფრენი ობიექტების გამოგზავნა, როგორც ჩანს, სიტუაციის დასაზვერად. შესაბამისად, საქართველო, მადლობა ღმერთს, მსოფლიოს მასშტაბით უფოლოგების ყურადღების ცენტრში არ აღმოჩნდება. სამაგიეროდ, დღეს ჯერ კიდევ ძნელი სათქმელია, მოინდომებს თუ არა რუსეთის ხელისუფლება გაერკვეს, ბოლოს და ბოლოს რატომ, ვისი ნებართვით და ბრძანებით ბომბავენ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალები მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტეროტორიას.
რუსეთიდან მოსული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთი ვითარებაში გარკვევის სურვილს არ ამჟღავნებს, რის დასტურადაც გამოდგება 28 აგვისტოს "როსიისკაია გაზეტას" პუბლიკაცია, რომლითაც მართლაც სენსაციურ ამბავს ეხდება ფარდა, რომ თურმე 23 აგვისტოს პანკისის ხეობა თავად ქართველებმა დაბომბეს. ”კარგად ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით”, გაზეთი მიუთითებს იმ თვითმფრინავის საბორტო ნომერს, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების მზაკვრული გადაწყვეტილებით დაბომბა საკუთარი ქვეყანა, ოღონდ, გაზეთის ცნობით, მსოფლიო საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, თვითმფრინავი გადაღებეს, რუსეთის დროშა მიახატეს და ა.შ. გაზეთი ასახელებს ქართველი მფრინავის ვინაობასაც, ვინც ეს სამხედრო ფრენა განახორციელა –ვინმე გიორგი რუსთელი, რომელიც საქართველოს საჰაერო ძალების ლეიტენანტი ყოფილა. აქვე შევნიშნავ, რომ, როგორც ცნობილია, ასეთი გვარი საერთოდ არ არსებობს საქართველოში. შესაძლოა, რუსმა ანალიტიკოსებმა, ვინც ასეთი საინტერესო ვერსია მოიგონეს, მცირე ვარიაცია ჩაატარეს რუსთაველის თემაზე, რომელიც, ალბათ, საქართველოში გავრცელებულ გვარად ჩათვალეს. ისე კი, ვინ-ვინ და, ფანტაზიის სიმწირეს სწორედ რუსეთის ხელისუფლება უნდა უჩიოდეს. ვერსია რუსეთის თვითმფრინავების გადაღებვისა და საკუთარი ტერიტორიების დაბომბვის შესახებ ერთხელ უკვე ითქვა. მისი ავტორი, რუსეთის თავდაცვის მაშინდელი მინისტრი გრაჩოვი ასე იგერიებდა საქართველოს ხელისუფლების ბრალდებებს აფხაზეთში სამხედრო კონფლიქტისას აჯანყებული აფხაზების მხარდამხარ რუსეთის რეგულარული არმიის ოფიცრების ბრძოლის თაობაზე. მაშინ ოფიციალური თბილისის ბრალდებებს საფუძვლიანობა ვერც ჩამოგდებულმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა შესძინა, რომლის პილოტი რუსეთის ოფიცერი გახლდათ. იმედია, იმ მოვლენების 10 წლისთავზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დაბომბვის დასამტკიცებლად ისევ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება აღარ გახდება საჭირო.
XS
SM
MD
LG