Accessibility links

logo-print

ლეგიტიმურობის საბაბით წარმოებული დაპირისპირება უსინათლოთა საზოგადოებაში და კონფლიქტი, რომელიც ინვალიდებს საზოგადოებრივი დისკვალიფიკაციის ფასად უჯდებათ


ამ ცოტა ხნის წინ, თითქმის ყველა შესაბამისი სახელმწიფო ინსტანციის მოვლის შემდეგ, იუსტიციის სამინისტროში შევიდა განცხადება უსინათლოთა საზოგადოების მოქმედი ადმინისტრაციის

ლეგიტიმურობის საკითხის შესწავლის მოთხოვნით. ამ განცხადების მიხედვით, სააღმსრულებლო დეპარტამენტმა თითქმის ხუთწლიანი დაგვიანებით მაინც უნდა აღასრულოს თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება უსინათლოთა საზოგადოების მე-11 ყრილობის მიერ წესდების დარღვევით არჩეული ადმინისტრაციის დათხოვნისა და ძველი ადმინისტრაციის მიერ ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ. ამ განცხადების პარალელურად, 22 უსინათლო ინვალიდის ხელმოწერილ მიმართვას ღებულობს უსინათლოთა საზოგადოების თავმჯდომარეც, რომელსაც საზოგადოების წევრები, შიდა კონფლიქტის აღმოფხვრისა და სამართლიანობის დამკვიდრების მიზნით, გადადგომისაკენ მოუწოდებენ.
სამწუხაროდ, სიუჟეტის მომზადების პროცესში, დიდი მცდელობების მიუხედავად, ვერ შევძელით უსინათლოთა საზოგადოების თავმჯდომარესთან, რევაზ მაისურაძესთან დაკავშირება, ამდენად, ძნელია იმის პორგნოზირება, რას მოიმოქმედებს ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური თავმჯდომარე, რომელიც ამ პოსტზე გასული წლის სექტემბრიდან საქმიანობს. უფრო ხანდაზმულია კონფლიქტი, რომელიც 1997 წელს ასე დაიწყო: 1997 წლის 15 მაისს ჩატარდა საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების მე-11 ყრილობა, რომლის შედეგები, გამგეობის არჩევნებისას დაშვებული დარღვევების გამო, 1997 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებითა და 5 აგვისტოს განჩინებით თბილისის ისნის რაიონის სასამართლომ გააუქმა. შესაბამისად, სასამართლომ რიგგარეშე ყრილობის მოწვევა და ხელახალი არჩევნების ჩატარება ძველ, მეათე მოწვევის ადმინისტრაციას დაავალა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ისნის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე, 1997 წლის 5 აგვისტოს სასამართლოს მიერ უკანონოდ ცნობილმა მე-11 ადმინისტრაციამ მე-12 ყრილობა მოიწვია, ხელმძღვანელი ორგანო აირჩია და ისნის რაიონის სასამართლოს 24 ივლისის გადაწყვეტილება ქალაქის სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლო კოლეგიამ მე-12 ყრილობის დადგენილება საქმეს საფუძვლად არ დაუდო და თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს ზემოხსენებული 24 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. ეს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და დღესაც ძალაშია, რასაც ისნის-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 10 იანვრის განჩინებაც ადასტურებს.
[ანზორ მღვდელაძის ხმა] “ეხლა ბოლოს, 2002 წლის 7 ივნისს კიდევ სასამართლომ დამატებით კიდევ მისცა, რომ აღასრულეთ, აღმასრულებელი- იძულებითი აღსრულება უნდა მოხდეს. ვერ მოვიყვანეთ აღმასრულებელი, დღესაც წარმოებაშია. ეს საბუთები ტრიალებს, უკვე მე-9 აღმასრულებელს დააწერეს. ძირითადად მამუხრუჭებელი გამოდგა დეპარტამენტი – სააღმსრულებლო დეპარტამენტს ემორჩილება ქალაქის აღმასრულებელი. 9 ივლისს მოდიოდა უკვე აღმასრულებელი, 5-ში, პარასკევს ჩამოართვეს უკვე საბუთები. გადააწერეს სხვას, ეხლა კაპანაძეს და იმ ბიჭს ეუბნებიან, აღსრულებულიაო, – როდის აღსრულდა, ვინ აღასრულა, არ მომხდარა ეს, – თვალებში არის გოდრით ნაცრის შეყრა.”
სააღმსრულებლო დეპარტამენტში, პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდის, ანზორ მღვდელაძის განმარტებით, შესულია შეკითხვა: როდის, ვის მიერ და რა ვითარებაში მოხდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ჯერჯერობით, შეკითხვაზე დეპარტამენტის ოფიციალურ პასუხამდე, არსებობს სააღსრულებლო დეპარტამენტის განყოფილების გამგის, ნინო ჟიჟინის სიტყვიერი, სუბიექტური განმარტება აღსრულების დასრულების თაობაზე, –დასკვნის მოტივი კი ისაა, რომ საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების მე-11 ყრილობის შემდეგ მე-12 ყრილობა ჩატარდა. სხვათა შორის, არა თუ მეთორმეტე, საზოგადოების ახალი წესდების შესაბამისად, ამ დრამატული ხუთი წლის მანძილზე, კიდევ სამი ყრილობა ჩატარდა, მაგრამ კანონიერების თანახმად, ხელისუფლება მაინც არალეგიტიმურია, რადგან ბათილმა ბათილი შვა. ბუნებაში არ არსებობს ერთი ოქმი მაინც, რომელიც მეათე მოწვევის ადმინისტრაციის მიერ მორიგი ყრილობის მოწვევისა და ხელმძღვანელი ორგანოების არჩევის ფაქტს დაადასტურებდა.
[ანზორ მღვდელაძის ხმა] “ხუთი წელიწადი, ფაქტიურად, საზოგადოება მთლიანად 5 ათას კაციანი უსინათლოთა საზოგადოება ვართ პარალიზებულნი. მიდის ეს დავა, ეს ამბებია და ფაქტიურად ვერც ის ახალი მუშაობს ისე, როგორც საჭიროა და ძველი კიდევ ასე ვართ და ასე, ჰაერში ვართ გამოკიდებულნი. ერთადერთი დამოკიდებულნი ვართ აღმასრულებელზე, რომ ერთი კაცი მოვიდეს, დაგვსვას ეს ხალხი და გააკეთოს ოქმი. “
XS
SM
MD
LG