Accessibility links

logo-print

ძველ თბილისს ევროსაბჭო უშველის


სექტემბრის პირველ დღეებში ევროსაბჭოსა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც თბილისის ისტორიული ნაწილის დაცვასა და მიწისძვრის

შედეგად დანგრეული შენობების აღდგენას ითვალისწინებს. ეშველება თუ არა ახლა თბილისის ისტორიულ ნაწილს? – შევეცდებით პასუხი გავცეთ ამ კითხვას.

იმ ადამიანებს, რომლებიც დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში გაჩაღებული “ნგრევა-შენებით” იყვნენ შეშფოთებულნი, იმედი მიეცათ: თბილისში მიწისძვრის შემდეგ შექმნილ სიტუაციას ახლა ევროსაბჭოს ოთხი ექსპერტი იკვლევს, – დასავლელი სპეციალისტები ევროპის საბჭოს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ისტორიული ქალაქების რეაბილიტაციისა და მართვის რეგიონალური პროგრამის ფარგლებში შემუშავებული პროექტის განხორციელებას იწყებენ. პროგრამის მიზანია ევროპელი ექსპერტების ჩართვა ძველი თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ღონისძიებებში, საქართველოს დედაქალაქის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნება და დაცვა. თუმცა, როგორც ყოველთვის, ეს პროექტი ამჯერადაც საკმაოდ ხანგრძლივ ბიუროკრატულ პროცედურას ითვალისწინებს: ევროპელმა ექსპერტებმა ჯერ სიტუაცია უნდა შეისწავლონ, შემდეგ ქართულ მხარეს გააცნონ პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს მომავალი პრიორიტეტები და შეიქმნას ისტორიულ შენობათა შენარჩუნების ტექნიკური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში ქართველი და ევროპელი სპეციალისტები იქნებიან. “საქინფორმის” ცნობით, აღნიშნული პროექტის ხანგრძლივობა 42 თვეა და ევროსაბჭოს წინადადებით, “გადაუდებელ ღონისძიებათა გეგმა” დაუყონებლივ უნდა შემუშავდეს. თუმცა, საეჭვოა, რომ საერთაშორისო ბიუროკრატიამ (რომელსაც ადგილობრივი ბიუროკრატია დაემატება), “დაასწროს” და “გაასწროს” იმ პროცესებს, რომელსაც დედაქალაქში ჯერ კიდევ მიწისძვრამდე ჰქონდა ადგილი... მიწისძვრამ მხოლოდ გააძლიერა ადგილობრივი ხელისუფლებისა და ეგრეთ წოდებული “ახალი ქართველების” ვნება, რომელსაც ქართველი ხელოვნებათმცოდნეები “ნგრევა-შენების” ვნებას უწოდებენ. თუმცა “ადგილობრივი ხელისუფლება” და “ახალი ქართველები” ამ შემთხვევაში ერთი და იგივე ჯგუფს შეიძლება დავარქვათ... ისევე, როგორც “ნგრევა” და “შენება” (თანაც “ქართული ტემპისთვის” უჩვეულოდ სწრაფი “ნგრევა” და “შენება”), დედაქალაქის ისტორიულ უბანში ფაქტობრივად ერთი და იგივეს ნიშნავს – ეს ხალხი, რომელთა შორის არქიტექტორიც ბევრია, დარწმუნებულია, რომ შენება არ არსებობს ნგრევის გარეშე. ბუნება (მიწისძვრის სახით) ამ ვნებით აღტკინებულ ადგილობრივ ხელისუფლებას (და არა მარტო ადგილობრივს) ნამდვილად დაეხმარა: სანამ ევროსაბჭოს ექსპერტები სიტუაციას სწავლობენ ძველი თბილისი თავის სახეს კარგავს, – არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მაშინ, როცა ევროსაბჭოს რეგიონალური პროგრამა საბოლოოდ შემუშავდება, თბილისში დასაცავი და შესანარჩუნებელი აღარაფერი დარჩეს.
XS
SM
MD
LG