Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა საქართველოში


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ნებისმიერი ნორმალური სახელმწიფოსათვის ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მცირე და საშუალო ბიზნესს ლომის წილი უჭირავს. ქვეყნის დოვლათის დიდი ნაწილი სწორედ ამ სფეროში იქმნება და

მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც იქ არის დასაქმებული. როგორია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დონე?

საშუალო და წვრილ ბიზნესს ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მაღალი დონის გამო ოფიციალური სტატისტიკა სრულად ვერ აფიქსირებს ამ ტიპის მეწარმეობიდან შემოსავალს, მცირე და საშუალო ბიზნესს ჩვენშიც სერიოზული შემოსავლები მოაქვს და თუ ქვეყნის მოსახლეობა უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, მაინც ახერხებს არსებობას, ესეც ამ ტიპის ბიზნესის დამსახურებაა.

ასევე ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში საკამოდ მაღალია უმუშევრობის დონე, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ოფიციალურად უმუშევრად ითვლება, მცირე ბიზნესშია დასაქმებული. ამ შემთხვევაში, ფარული უმუშევრობის გარდა ადგილი აქვს ფარულ დასაქმებას, რომელიც არც დაბეგვრას ექვემდებარება და არც ოფიციალურ ანგარიშებში ხვდება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოსათვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ხელისუფლება ბევრს საუბრობს ამ ტიპის მეწარმეობის მხარდაჭერაზე და მათთვის ნორმალური სამეწარმეო გარემოს შექმნაზე, თუმცა თავისი ქმედებებით სრულიად საპირისპიროს აკეთებს, რის არც თუ შორეულ მაგალითს ცოტა ხნის წინ პურის საცხობებისათვის საგადასახდო კოდექსში შეტანილი დრაკონული შესწორებაც წარმოდგენს, რომელიც, პირველ რიგში, სწორედ მცირე საცხობების გაკოტრების სტიმულს იძლევა.

მცირე და საშუალო ბიზნესს მსხვილ საწარმოებთან შედარებით უფრო ელასტიურად შეუძლია ბაზარზე ოპერირება. მათი მხრიდან გაცილებით ოპერატიულად ხდება გადაწყვეტილების მიღება და მათი საქმიანობა არ არის გადატვირთული ბიუროკრატიული ბარიერებით. აღნიშნული საქმიანობა მსხვილი ბიზნესისაგან განსხვავებით არ მოითხოვს დიდ კაპიტალდაბანდებას და ფაქტობრივად ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისათვის, თუმცა თავად ორგანიზაციული საკითხები, რეგისტრირების ფორმები თუ ლიცენზირებისა და სერთიფიცირების ბარიერები იმდენად გართულებულია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის უდიდესი ნაწილი არალეგალურად ფუნქციონირებს. ამასთან, საგადასახადო წნეხი, მაკონტროლებლების განუკითხაობა და კორუფციული აპარატის თვითნებობა ამ სფეროს მეტისმეტად დაუცველს ხდის. დაუცველობა და გავლენიანი ლობისტების არყოლა წვრილი და საშუალო ბიზენესის ყველაზე დიდ სისუსტეს წარმოადგენს საქართველოში. ამის გამო ბევრი საწარმო, რომელმაც, წესით, მოსახლეობა უნდა დაასაქმოს და ქვეყნის ბიუჯეტის შევსების უპირველესი წყარო იყოს, ხშირად დახურვის აუცილებლობის წინაშე დგება.

ხელისუფლება, რომელიც მუდმივად მეწარმეების დამცველად და ჯანსაღი კონკურენციის გარანტად უნდა გვევლინებოდეს, პირიქით, საშუალო და წვრილი ბიზნესისათვის ახალ-ახალი ბარიერების შექმნით არის გართული.
XS
SM
MD
LG