Accessibility links

logo-print

თანამდროვე ბიზნესი მხოლოდ იღბალის იმედზე ვერ იქნება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი დღეს ბევრ წარმატებულ ბიზნესმენს, რომელთაც კანონიერი გზით სოლიდური ქონების დაგროვება შეძლეს, იღბლიან მეწარმეს უწოდებენ. იღბალი ნებისმიერ საქმეში, ალბათ, გარკვეულ როლს თამაშობს,

მაგრამ არა გადამწყვეტს, თანამედროვე ბიზნესი ყოველდღიურ რუტინულ შრომასთან, პერმანენტულ სიახლის ძიებასთან და გამომგონებლობასთან არის დაკავშირებული. წარმატებული ბიზნესის ეს ფორმულა, ბუნებრივია, საქართველოსთვისაც უნივერსალურია.

ტრადიციულად, ცნება – მეწარმე იხმარება მათ მიმართ, ვინც ფლობს და მართავს ამა თუ იმ ბიზნესს, თავად ცნება კი 1800 წლიდან დამკვიდრდა და იგი პირველად ფრანგმა ეკონომისტმა ჟან ბატისტ სეიმ გამოიყენა. თავდაპირველი მნიშვნელობით, მეწარმე, ანუ ანტერპრენიორი აღნიშნავდა პიროვნებას, ვისაც რესურსების ეფექტიანად გამოყენების უნარი აქვს. სეი ხაზს უსვამდა მენეჯმენტის გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომელთა დახმარებით ვეძებთ ბიზნესის მართვის ახალ და უკეთეს გზებს.

სიახლის ძიება და ზოგჯერ, ერთი შეხედვით, სრულიად მარტივი, მაგრამ გენიალური მიგნება, ხშირად გამხდარა წარმატებული ბიზნესის საწინდარი. შორს რომ არ წავიდეთ, ამგვარი მიგნებების მაგალითი დღეს მოქმედ აღიარებულ ბიზნესმენთა შორისაც საკმაოდ ბევრია. გამომგონებლობისა და სიახლისადმი სწრაფვამ სრულიად უცნობი ამერიკელი ახალგაზრდა ბილ გეიტსი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად აქცია. იგივე ბიზნეს-ისტორია აქვთ სტივენ ჯობს (Apple-ს დამფუძნებელი), რეი კროკს (McDonald’s), ჰენრი ფორდს და ათეულობით ადამიანს, რომელთა სახელები თანამედროვე ბიზნესის ქრესტომათიულ მაგალითებად იქცა.

დღეს ნებისმიერი დამწყები მეწარმე ცდილობს ამოხსნას წარმატებული ბიზნესის ფორმულა და იგივე ქონება მოიხვეჭოს, როგორიც ზემოთ ჩამოთვლილმა ადამიანებმა შეძლეს, თუმცა მსგავს წარმატებას მხოლოდ ერთეულები თუ აღწევენ. შესაბამისად, დამკვიდრებულია აზრი, რომ სიმდიდრის შესაქმნელად იღბალი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც ბუნებრივია, არ არის საფუძველს მოკლებული, თუმცა მხოლოდ იღბალი წარმატებულ ბიზნესში საკმარისი არ არის, მითუმეტეს, დღეს, როდესაც მეწარმეობა რთულ, ხშირად მაღალტექნოლოგიურ საქმიანობას წარმოადგენს. ე.წ. იღბლიანი მეწამეების ბიოგრაფია ყოველთვის საინტერესო და ერთმანეთისაგან განსხვავებულია, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებს: ეს ის ადამიანებია, ვინც მართავს საკუთარ ბიზნესს, რადგან მოგების მიღების იმედი აქვს. სწორედ ეს, ერთი შეხედვით, ეგოისტური მიზეზი არის მეწარმეობის და ბიზნესში წარმატების მიღწევის მთავარი სტიმული. მოგების მიღება ყველას სურს, მთავარია, რას აკეთებ ამ სურვილის რეალიზაციისათვის.
გამომგონებლობის და სიახლისადმი სწრაფვის დეფიციტს ვერც ქართველ მეწარმეებს დავწამებთ, მაგრამ მხოლოდ ეს თვისებები საბოლოო წარმატებისათვის სრულიად არ არის საკმარისი. თანამედროვე ბიზნესი კარგად აწყობილ კონვეირს წარმოადგენს, რომლის ერთი კომპონენტიც რომ მოდუნდეს, წარმატება შეიძლება საპირისპირო ტენდენციით შეიცვალოს. ქართული მეწარმეობის არცთუ მრავალწლიანი ისტორიაც ამის დასტურია.

დღეს წარმატებულ და იღბლიან ბიზნესმენებად ითვლებიან ის ადამიანები, რომლებიც მუდმივად ავითარებენ თავის საქმიანობას და მიღწეულით არ კმაყოფილდებიან. თანამედროვე ქართველი მილიონერების – მათი, ვინც კანონიერი გზებით შეძლეს ქონების დაგროვება – მოჩვენებითად უდარდელი ცხოვრება სრულებითაც არ გახლავთ ამგვარი, რადგან ბაზარი ის ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად მოძრაობაშია და ცვალებადია, შესაბამისად, გამძაფრებული კონკურენციის პირობებში, არც ერთ ბიზნესმენს არა აქვს მუდმივი წარმატების გარანტია.
XS
SM
MD
LG