Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფციის დონის თვალსაზრისით, საქართველომ 102 სახელმწიფოს შორის 85-ე ადგილი დაიკავა


თამარ ჩიქოვანი, პრაღა ბოლო წლების მანძილზე საქართველოს ხელისუფლება ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს ქვეყანაში კორუფციასთან გადამწყვეტი ბრძოლის დაწყების თაობაზე.

ამ მიზნით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ჯერ ანტიკორუფციული შვიდკაცა შეიქმნა, რომელმაც ანტიკორუფციული ღონისძიებების კონკრეტული პროგრამა შეადგინა. მოგვიანებით, პრეზიდენტთან კიდევ ერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ამუშავდა ანტიკორუცფიული საბჭოს სახით, რომლის მოვალეობაც შემოიფარგლა პრეზიდენტისთვის კონკრეტული რეკომენდაციების მომზადებაში ამა თუ იმ კორუმპირებული პირის თანამდებობაზე ყოფნის მიზანშეწონილობის თაობაზე. ჯერჯერობით კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველომ შედეგს რომ ვერ მიაღწია, ამას საერთაშორისო ორგანიზაციის "Transparency International"-ის 2002 წლის გამოკვლევაც ადასტურებს – საქართველომ კორუმპირებულ სახელმწიფოთა ჩამონათვალში 85-ე ადგილი დაიკავა უკრაინასთან და ვიეტნამთან ერთად.

1993 წელს დაფუძნებული არაკომერციული საერთშორისო ორგანიზაცია " Transparency International" ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით კორუფციულ დონეს განსაზღვრავს. როგორც წესი, კორუფციისადმი მიდრეკილების დასადგენად ყოველ ქვეყანაში 15-მდე გამოკითხვა ტარდება მწარმოებლების, ადგილობრივი ანალიტიკოსების, რიგითი და არარეზიდენტი მოქალაქეების მონაწილებით. ჩვეულებრივ, ”Transperency International ” ყურადღებას ამახვილებს კორუფციაზე სახელმწიფო სტრუქტურებში და ხელისუფლების საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოყენების ფაქტებზე. ორგანიზაციას უკვე 87 ქვეყანაში აქვს თავისი ეროვნული წარმომადგენლობა, მათ შორის საქართველოშიც, სადაც "Transperency International"-ის საქართველოს ბიურო მეხუთე წელია არსებობს.
28 აგვისტოს "Transperency International"-მა გამოაქვეყნა 102 სახელმწიფოში ჩატარებული გამოკვლევის შედეგების საფუძველზე შექმნილი ჩამონათვალი კორუფციისადმი მიდრეკილების შესახებ. აქვე შევნიშნავ, რომ ორგანიზაციის წესით, ვინაიდან ქვეყნის შიგნით კორუფციის დონის დასადგენად გამოკითხვაში მინიმუმ სამმა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა, რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, სომხეთი, ჩამონათვალში ვერ მოხვდა.
გამოკითხვის პრეზენტაციაზე "Transparency International"-ის თავმჯდომარემ პიტერ აიგენმა შენიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლის თაობაზე პოლიტიკოსთა ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, მსოფლიოში ბევრი არაფერი კეთდება კორუფციის მონსტრის დასამარცხებლად, რაც, თავის მხრივ, წარმოუდგენელს ხდის სიღარიბესთან და მექრთამეობასთან ბრძოლას.
კორუფციული რეიტინგი კი ასე გამოიყურება: ყველაზე ნაკლებკორუფციული ქვეყნის სახელი კვლავ ფინეთმა შეინარჩუნა. აშშ, გერმანია და ისრაელი მეთვრამეტე ადგილზე გავიდნენ. მსოფლიოს ყველაზე კორუმპორებულ სახელმწიფოებად კი აღიარეს ნიგერია და ბანგლადეში, შესაბამისად – 101 და 102 ადგილები.
რუსეთმა, ჰონდურასთან, ინდოეთთან, ტანზანიასა და ზიმბაბვესთან ერთად, 71-ე ადგილი გაინაწილა. ესტონეთი და ტაივანი 29-ე ადგილზეა. კორუფციისადმი მიდრეკილების თვალსაზრისით გამოკეთდა უზბეკეთის მდგომარეობა, რომელმაც 68-ე ადგილი დაიკავა. საქართველო, უკრაინასთან და ვიეტნამთან ერთად, 85-ე ადგილზეა. უფრო მძიმეა მდგომარეობა აზერბაიჯანში, რომელიც 95-ე ადგილზე აღმოჩნდა. კორუმპირებულობის თვალსაზრისით 2002 წლის გამოკითხვამ საინტერესო ტენდენცია გამოკვეთა: ყოფილი სოციალისტური ბანაკის ზოგიერთ სახელმწიფოში, მაგალითად, სლოვენიაში, ნაკლებ კორუმპირებული გარემოა, ვიდრე ევროკავშირის წევრ-სახელმწოფოებში – იტალიასა და საბერძნეთში. რაც შეეხება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, ”Tranperency International”-ის დასკვნით, მათ დიდი გზა აქვთ გასავლელი კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

შეგახსენებთ, რომ "transperency International"-ის მიერ მომზადებული გამოკითხვები ამა თუ იმ ქვეყანაში კორუფციული გარემოს არსებობის შესახებ, დიდ გავლენას ახდენს უცხოელი ბიზნესმენების გადაწყვეტილებაზე კონკრეტულ ქვეყანაში საინვერსტიციო საქმიანობის დასაწყებად. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლებში საქართველოში ისედაც შემცირდა უცხოური ინვესტიციების რაოდენობა, ძნელი მისახვედრი არ იქნება პოტენციური ინვესტორების რეაქცია საქართველოს 85-ე ადგილზე.
XS
SM
MD
LG