Accessibility links

logo-print

არასაპარლამენტი ოპოზიციის წარმომადგენლები რუსეთ-საქართველოს გამწვავებული ურთიერთობის შესახებ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გესაუბრებით იმაზე, თუ რას ფიქრობენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელები საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის აგრესიაზე, როგორია მათი დამოკიდებულება პანკისის ხეობაში

მიმდინარე ოპერაციისადმი, და, საერთოდ, როგორ ესახებათ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივა.

ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერის, თამარ ჩხეიძის თქმით, რუსეთი ხელოვნურად აზვიადებს პანკისის პრობლემას, რომელიც თვითონ შექმნა და უკვე დიდი ხანია ცდილობს, რომ ჩეჩნეთთან ომის ქარცეცხლი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიტანოს.
“ამას ადასტურებს თუნდაც პრეზიდენტ პუტინის განცხადება საქართველოსა და რუსეთის ერთობლივი ძალებით პანკისის ხეობაში ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების თაობაზე”, – შენიშნავს პოლიტიკოსი. მისი თქმით, “რუსეთის ქმედებაზე უფრო მეტად აღმაშფოთებელი და დამამცირებელია საქართველოსთვის ის არაადეკვატური პასუხი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გასცა რუსეთის აგრესიაზე”.

“მთელი იმ წლების განმავლობაში, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას ბობავენ, საქართველოს შეეძლო რუსეთის რამდენიმე საფრენი ობიექტის განადგურება, მაგრამ ეს არ კეთდებოდა, რადგან საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს”, – ამბობს თამარ ჩხეიძე.

რაც შეეხება პანკისის ხეობაში მიმდინარე ოპრაციას, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება გარკვეულ შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ოპერაცია არ გაცდეს წესრიგის დაცვისა და კრიმინალებთან ბრძოლის ფარგლებს და ჩეჩნებთან შეტაკებაში არ გადაიზარდოს.

უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე:[გაჩეჩილაძის ხმა] “ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების აქციას პანკისის ხეობაში, რადგან ეს არ მისცემს საშუალებას რუსეთს, კიდევ ერთი ბერკეტი ჩაიგდოს საქართველოს წინააღმდეგ, იმ პროექტების განხორციელების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში შეიძლება განხორციელდეს”.

მწვანეთა პარტია მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ უკავშირდება ნავთობის და გაზსადენების პროექტებს, რომელთა განხორცილებაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ”საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნა კი, ბუნებრივია, ნეგატიურად იმოქმედებს ინვესტორების დამოკიდებულებაზე პროექტების მიმართ”, ამბობს გიორგი გაჩეჩილაძე.

საინტერესოა, რომ მწვანეთა პარტია არ იზიარებს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების მე-2 მუხლს:[გაჩეჩილაძის ხმა] “სამშვიდობო ძალების გაყვანის მოთხოვნამ შეიძლება ძალიან ცუდი სიტუაცია შექმნას საქართველოში, რადგან ჩანაცვლების პრობლემა არსებობს და ჯერჯერობით არც ერთი სახელმწიფო არ აპირებს საქართველოს ცხელ წერტილებში თავისი ჯარებით სამშვიდობო ჩანაცვლებას და სამშვიდობო მისიის შესრულებას. ამდენად, შეიძლება შეიქმნას კონფლიქტისათვის თავისუფალი ზონა, რომელიც რუსეთისათვის ძალიან მისაღებია, რადგან დღეს რუსეთი ძალიან ცდილობს კონფლიქტური სიტუაციები გაამწვავოს და საომარი მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყოს”.

რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივაზე საუბრისას როგორც თამარ ჩხეიძე, ისე გიორგი გაჩეჩილაძე მიიჩნევენ, რომ დასავლეთის სახელმწფოთა პოლიტიკის შედეგად რუსეთი იძულებული გახდება საქართველოსთან დათმობებზე წავიდეს, თუმცა, ამისათვის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნებაც იქნება საჭირო.
XS
SM
MD
LG