Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 450-ე გამოშვება


დავით კაკაბაძე:
ახლა კი, ძვირფასო რადიომსმენელებო, გთავაზობთ ჩვენს ყოველკვირეულ “მეათე სტუდიას”. რადიოჟურნალის 450-ე გამოშვებაში ვიმსჯელებთ ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა დიალოგზე, რომელიც მიზნად ისახავს განათლების სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარებას; გაგაცნობთ ექსპერტის რამდენიმე მოსაზრებას საქართველოში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესის შესახებ; შემოგთავაზებთ ინტერვიუს ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგენგებო და სრულუფლებიან ელჩთან გია არსენიშვილთან; გიამბობთ ვენეციის 59-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც პარასკევს გაიხსნა დედამიწის ამ ერთ-ერა ულამაზეს ქალაქში. “მეათე სტუდიას” დღეს პრაღაში დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას განათლების სფეროში სიახლეს სთავაზობს

დავით კაკაბაძე:
“მეათე სტუდიაშიც” და ჩვენს სხვა გადაცემებშიც არაერთხელ გვისაუბრია განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე. ბოლო ხანს რამდენიმეჯერ გაგაცანით მოსაზრებები, სიახლეები თუ წინადადებები, რომლებიც, სტუდენტთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის ღრმა რწმენით, საქართველოს განათლების სისტემაში უნდა დამკვიდრდეს. ამავე დროს, ჩვენი მსმენელისთვის ცნობილია, რომ ამ ზაფხულში სახელმწიფო მინისტრი ინტენსიურად ურთიერთობს მესამე სექტორთან და, განსაკუთრებით, “თავისუფლების ინსტიტუტთან” – ამ ორგანიზაციის დარბევის შემდეგ. ხუთშაბათს ავთანდილ ჯორბენაძისა და “თავისუფლების ინსტიტუტის” თანამშრომელთა შორის შედგა კიდევ ერთი შეხვედრა, რომელზეც სახელმწიფო მინისტრს სწორედ განათლების საკითხებზე ესაუბრნენ და გააცნეს წინადადებები, აქამდე მხოლოდ საზოგადოების სამსჯავროზე რომ გამოჰქონდათ. ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის ამ დიალოგზე დავით პაიჭაძე მოგითხრობთ.

დავით პაიჭაძე:
სახელმწიფო მინისტრის პირველივე შეხვედრაზე თავისუფლების ინსტიტუტთან (მას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ) მოინიშნა იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომლის გადაჭრაც მესამე სექტორს აუცილებლად მიაჩნდა: საზოგადოებრივ გაერთიანებათა წევრებმა წამოჭრეს სიტყვის თავისუფლების გარანტიების პრობლემა, რომლის მოგვარებაც გულისხმობს პარლამენტის მიერ პირველი წაკითხვით მიღებული კანონის მეორე და მესაემწაკითხვების შედეგად საბოლოო მიღებას; ცვლილებები სისხლის სამართლოის საპროცესო კანონმდებლობაში, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვას პირის დაკავების, ეჭვმიტანილად ცნობისა და წინასწარი პატიმრობის დროს.; პრობლემურ საკითხთა რიგში შევიდა სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებასთან დაკავშირებული რამდენიმე გარემოება. თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორმა, ლევან რამიშვილმა მოკლედ ასე ჩამოთვალა სახელმწიფო მინისტრისთვის შეთავაზებული წინადადებები [რამიშვილის ხმა]: “სკოლის თვითმმართველობის ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს სკოლის საბჭოს შექმნას; საბჭოს აირჩევენ მშობლები და მასწავლებლები და ის დანიშნავს სკოლის დირექტორს. აქედან ბუნებრივად გამომდინარეობს განათლების სამინისტროს როლის შეცვლა, მისი გათავისუფლება საბჭოთა-სოციალისტური, სამეურნეო ფუნქციებისგან და მისი კონცენტრირება პოლიტიკასა და სტანდარტებზე. მეორე პრინციპი: სახელმწიფომ საშუალო განათლების სუბიექტთა საქმიანობის ეფექტი რომ შეაფასოს, საჭიროა ჩამოყალიბდეს შეფასებისა და გამოცდების სისტემა. სკოლის დამთავრებისას უნდა ტარდებოდეს სახელმწიფო გამოცდები და ეს გამოცდები უნდა აღიარონ სახელმწიფო განათლების სხვა სუბიექტებმა, ანუ უნივერსიტეტებმა. ეს ნიშნავს მისაღები გამოცდების დღეს არსებული მანკიერი, კორუფციული სისტემის გაუქმებას”.

ამ წინადადებებს მოჰყვა მესამეც: სახელმწიფო დაფინანსების წესის შეცვლა. სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს არა უმაღლესი სასწავლებლები ზოგადად, არამედ კონკრეტული სტუდენტების სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში. თანხას მიიღებს (ცხადაი, არა ხელზე) აბიტურიენტი საერთო გამოცდების შედეგთა მიხევით და თავად, გადაწყვეტს, სად ისწავლოს.

საკითხთა ეს წრე, შესაძლოა, ნაცნობი იყოს ჩვენი მსმენელისათვის, ისევე, როგორც მისი თანმხლები არაერთი კონცეპტუალური შენიშვნა თუ ტექნიკური დეტალი. მაგრამ როგორ აღიქვა ეს წინადადებები სახელმწიფო მინისტრმა? ლევან რამიშვილი ფიქრობს, რომ [რამიშვილის ხმა]: “ამ შეხვედრისას გამოჩნდა, ყოველ შემთხვევაში, სიტყვიერ დონეზე, რომ სახელმწიფო მინისტრი მზადაა ამ პრინციპების დასანერგად, მზადაა, არასამტავრობო ორგანიზაციებსა და განათლების სამინისტროს დაგვეხმაროს კონსენსუსის გამონახვაში. სამწუხაროდ, იმავეს თქმა ცოტა გაჭირდება განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობაზე; ეს, გარკვეულწილად, ბუნებრივიცაა – მათ ხომ რაღაც ძალაუფლებაზე უარის თქმა მოუწევთ, თუ ეს რეფორმა განხორციელდა. რეალურად, ამ რეფორმით განათლების სამინისტრო უფრო გაძლიერდება და არა პირიქით”, რადგან ის გათავისუფლდება სამეურნეო ფუნქციებისაგან და გახდება განათლების პოლიტიკის რეალური წარმმართველი.

ძნელი სათქმელია, მოახერხებს თუ არა ავთანდილ ჯორბენაძე მისი სიტყვების საქმედ ქცევას. დიდი სურვილისა და დავუშვათ, გავლენის შემთხვევაშიც კი, გამორიცხული არ არის, მას შეახსენონ, რომ, სახელმწიფო მინისტრის გარდა, მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარეც არის და, ვითარების გასაუმჯობესებლად, პარტიულ ფრონტზე გაამწესონ.

დავით პაიჭაძე, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

რამდენიმე მოსაზრება საქართველოში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესის შესახებ

დავით კაკაბაძე:
ახლა ვისაუბროთ კიდევ ერთ პრობლემურ სფეროზე – პრივატიზაციაზე, რომლის მიმდინარეობის გარშემო საქართველოში, ისევე, როგორც განათლების სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება. პრივატიზაციის მეორე ეტაპი, ოფიციალური ვერსიით, მიმდინარე წლის დამდეგს დაიწყო. სახელმწიფო ამ ეტაპს მსხვილი და სტრატეგიული ობიექტების გაყიდვას უწოდებს. როგორ მიდის ეს პროცესი და რამდენად შეესაბამება იგი ქვეყნის ინტერესებს? ამ პრობლემის გარშემო თავის მოსაზრებებს გვიზიარებს საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი ვაჟა ფარულავა, რომელსაც გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე:
“თუ პრივატიზაციის პირველი ეტაპი ვაუჩერებით იყო შენიღბული, მეორე ეტაპზე ყოველგვარი შენიღბვის გარეშე ქონების დატაცება მიმდინარეობს”, - ასე აფასებს არსებულ მდგომარეობას ვაჟა ფარულავა.

[ფარულავას ხმა] “გაიყიდა “ინფორკომი”. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საწარმო, 3 000 კვ. მეტრი ფართობითა და დაახლოებით 400 კვ.მ. მიწის ფართობით და გაიყიდა სულ რაღაც 350 ათას დოლარად. გაიყიდა აგრეთვე, შეიძლება ითქვას, ელექტრონიკული მრეწველობის ფლაგმანის, შპს “ორბის” ტერიტორიის ნახევარი, იქ არსებული შენობებით – დაახლოებით 25 500 კვ.მ. და 3,2 ჰ მიწა და ეს ობიექტიც 350 ათას დოლარად გაიყიდა.”

ეკონომისტი ისხენებს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის, სოლომონ პავლიაშვილის მიერ 24 ივლისს ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით, ხელისუფლება პრივატიაზაციას დიდი გულისყურით ეკიდება და ქვეყნის სტრატეგიულ მიზნებს ითვალისწინებს. ვაჟა ფარულავას შეფასებით კი, ზემოთ აღნიშნული ორი ობიექტი უაღრესად დაბალ ფასად გაიყიდა, ბიუჯეტმა მილიონობით ლარი დაკარგა, ხოლო “ორბის”უპროფილოდ გასხვისებით ელექტრონიკის დარგმა პერსპექტივა დაკარგა. და ეს მაშინ, როცა დღევანდელ მსოფლიოში პრიორიტეტებად აღიარებულია ისეთი დარგები, როგორიცაა ელექტრონიკა, ინფორმატიკა, ტელეკომუნიკაციები და ენერგეტიკა.

პრივატიზაციის პროცესის ნორმალურად წარმართვის საილუსტრაციოდ ვაჟა ფაულავას მოყავს ესტონეთის მაგალითი.
ესტონეთში, ძველ შენობებში ერთი კვადრატული მეტრი ფართი 8000- 8 500 ათასი კრონა ღირს, რაც 550 დოლარს უდრის. ახალ შენობებში კი - 12 000 კრონა ანუ 770 დოლარი. ეკონომისტის აზრით, თუ ჩვენ ესტონეთში არსებული ფასების მეოთხედით მაინც ვიხელმძღვანელებთ, მაშინ გამოდის, რომ 25 500 კვ.მ. 3-3,5 მილიონი დოლარის ფასად უნდა გაყიდულიყო მაშინ, როცა აღნიშნული ობიექტი მეათედ ფასად გაიყიდა.

რაც შეეხება მიწას, დაახლოებით სამი წლის წინათ, ევროპაში ერთი ჰექტარი 50 000 დოლარი, მილიონიან ქალაქებში კი ათჯერ მეტიც ღირდა. თბილისში კი, მაგალითად, სტუდქალაქის უკან მდებარე ტერიტორიაზე ერთი კვადრატული მეტრი მიწის ფასი 200-300 დოლარის ფარგლებშია. ამ და სხვა მონაცემების გათვალისწინებით, ვაჟა ფარულავა ამბობს, რომ, საბოლოოდ, “ორბის” ტერიტორიის ნახევარი ხუთ-ხუთნახევარ მილიონ დოლარად უნდა გაყიდულიყო.
“და როდესაც ობიექტი 350 ათას დოლარად იყიდება, ეს სხვა არფერია, თუ არა კორუფცია”, - ამბობს იგი.

[ფარულავას ხმა] “პავლიაშვილი თავის ასეთ უცნაურ გადაწყვეტილებას – ასე იაფად გაიყიდოს ძალიან პერსპექტიულ ადგილზე, შეიძლება ითქვას, ელიტარულ ადგილზე, სამრეწველო და სამეურნეო თვალსაზრისით მდებარე შპს-ის ტერიტორია, ხსნის სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და პროფილის შენარჩუნების სტრატეგიით”.

არადა, როგორც ბატონი ვაჟა აცხადებს: [ფარულავას ხმა] “დე-იურე ეს ობიექტი შეისყიდა შპს-მ, რომლის საწესდებო ფონდი სულ რაღაც 5000 დოლარია და გამორიცხულია, რომ 350 000 დოლარიანი ობიექტი შეესყიდა და ისიც ვიცი პრაქტიკულად ვინ იყიდა, - ეს არის ჩხარტიშვილისა და ზუბიტაშვილის მიერ განხორციელებული ოპერაცია, რომელსაც უნდა შეეწიროს ელექტრონიკული მრეწველობა საქართველოში”.

ვაჟა ფარულავა მიიჩნევს, რომ პრივტიზაციის მე-2 ეტაპზე საქართველოში იგივე პოლიტიკა ხორციელდება, რაც მცირე პრივატიზაციის დროს იყო, ანუ ყველაფერი კორუფციის მიზნებს და ცალკეული პირების გამდიდრებას ემსახურება.

ამასთან ერთად, ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ქონების მართვის მინისტრს ქონების მართვისა და საწარმოთა მართვის ცნებები ერთამნეთისგან ვერ გაურჩევია.

[ფარულავას ხმა] “ბატონი სოლომონ პავლიაშვილი 24 ივლისს ტელევიზიით გამოსვლისას აცხადებდა, რომ ჩვენ საწარმოთა მართვის უფლება 12 თებერვლიდან გადმოგვეცაო. აი, როცა მინისტრი ასეთ განცხადებას გააკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან საბაზრო ეკონომიკის ანბანი არ იცის და ჩვენი პრეზიდენტი რომ პრეზიდენტობდეს, მინისტრს იმთავითვე გააძევებდაული სამსახურიდან”.

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.

ინტერვიუ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჩეხეთის რესპუბლიკაში გია არსენიშვილთან

დავით კაკაბაძე:
მიმდინარე კვირაში პრაღაში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიაში, სლოვაკეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში გია არსენიშვილი. მან რწმუნების სიგელები გადასცა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაცლავ ჰაველს. ცხადია, ვისარგებლეთ პრაღაში ბატონი გიას პირველი ჩამოსვლით და იგი რადიო ”თავისუფლებაში” მოვიწვიეთ. სტუმარს ბიძინა რამიშვილი ესაუბრა.

იხ. აუდიოვერსია

დავით კაკაბაძე:
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიაში, სლოვაკეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში – გია არსენიშვილს – ბიძინა რამიშვილი ესაუბრებოდა. შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენთ ”მეათე სტუდიას”. რადიო ”თავისუფლების” პრაღის სტუდიაში მიკროფონთან არის დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

ვენეციის 59-ე საერთაშორისო კინოფესტივალი

დავით კაკაბაძე:
8 სექტემბერს ცნობილი გახდება ვენეციის 59-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზის, "ოქროს ლომის" ახალი მფლობელი. მანამდე კი ამ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფესტივალის ჟიურის დიდი სამუშაო ელის: საკონკურსო ჩვენებისთვის შერჩეული 21 ფილმიდან მან საუკეთესო უნდა დაასახელოს. წინა ფესტივალების მსგავსად, ძირითადი კონკურსის პარალელურად, გაიმართება კიდევ ერთი, არაკომერციული ფილმების კონკურსი სახელწოდებით "დინების საწინააღმდეგოდ", რომელშიც 17 ფილმი მონაწილეობს. სულ ვენეციის ფესტივალის დღეებში კინოს მოყვარულებს საშუალება ექნებათ, ნახონ 77 სრულმეტრაჟიანი, 46 მოკლემეტრაჟიანი და 20 დოკუმენტური ფილმი. პარასკევს გახსნის ამ ფესტივალზე უფრო დაწვრილებით თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი:
ვენეციის ფესტივალის დიდებულ წარსულს თუ გავიხსენებთ, კინოს მოყვარულებს ამჯერადაც სასიამოვნო აღმოჩენები უნდა ელოდეთ. ბერლინისა და კანის ფესტივალების მსგავსად, ვენეციის ფესტივალის გრან-პრი მეტად ფასობს მსოფლიოს კინოსამყაროში. ცოტა რამ წარსულიდან – პირველი კინოფესტივალი ვენეციაში 1932 წელს გაიმართა ვენეციური ბიენალეს ფარგლებში. პირველ ფესტივალში ორი საბჭოთა ფილმი მონაწილეობდა – ალექსანდრ დოვჟენკოს "მიწა" და ნიკოლაი ეკკას "საგზური ცხოვრებაში". პირველი გამარჯვებული სწორედ ეს ეკანასკნელი აღმოჩნდა.

ვენეციის ფესტივალზე კინოს მოყვარულებმა გაიცნეს ისეთი საყოველთაოდ აღიარებული შედევრები, როგორიცაა ჟან რენუარის "დიდი ილუზიები", აკირა კუროსავას "რასემონი", ანდრეი ტარკოვსკის "ივანეს ბავშვობა". ვენეციის ფესტივალზე მოიპოვეს მსოფლიო აღიარება ვისკონტის, ანტონიონის, პაზოლინის, ლუი მალის, ალენ რენესა და ჟან-ლუკ გოდარის ფილმებმა.

წლევანდელი, რიგით 59-ე ფესტივალი, როგორც ამბობენ, გამორჩეულია. ალბათ, იმითაც, რომ პირველად ფესტივალის არსებობის მანძილზე, მისი დირექტორი უცხოელია – ინგლისელი მორიც ხადელენი, რომელიც მანამდე ოცი წლის მანძილზე ბერლინის ფესტივალის დირექტორი გახლდათ. ვენეციის ფესტივალის წინა დღეს ახალი დირექტორის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ ოქროს ლომი გაუფასურდა და ბევრს აღარაფერს ნიშნავს კინოგამქირავებლებისთვის, კინოკრიტიკოსების წრეში დისკუსია გამოიწვია. როგორც "ბი-ბი-სი" შენიშნავს, ამ განცხადებაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის, რადგან შარშანდელი ფესტივალის გრან-პრის მფლობელი, ინდური ფილმი "ქორწილი მუსონების სეზონში" კინემატოგრაფიულ ბესტსელერად არ იქცა.

წელს ვენეციის ფესტივალის ჟიურის ჩინელი მსახიობი გონ ლი ხელმძღვანელობს. რაც შეეხება საკონკურსოდ წარდგენილ ფილმებს, კინოსმოყვარულებს კარგი სანახაობა ელით. კონკურსში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი რეჟისორები, როგორიცაა, მაგალითად, ტაშეკი კიტანო – მის ახალ ნამუშევარს "თოჯინები" ჰქვია, აგნეშკა ჰოლანდი ახალი ფილმით "ჯული სახლში მიდის", ინგლისელი სტივენ ფრიერსი ფილმით "ბინძური სასიამოვნო რაღაცეები." ჯული ტეიმორის ფილმში "ფრიდა" ვარსკვლავების თაიგული მონაწილეობს – სელმა ჰაიეკი, ჯეფრი რაში, ედუარდ მოლინა და ანტონიო ბანდერასი. კრიტიკოსები წარმატებას უწონასწარმეტყველენებ სემ მენდესის ახალ ფილმს "გარდაუვალ დაღუპვას" რომელშიც შარშანდელი სეზონის კინოჰიტის "ამერიკული სილამაზის" რეჟისორმა ტომ ჰენკსი, პოლ ნიუმანი და ჯუდ ლოუ გადაიღო.

რაც შეეხება იტალიურ კინოს, კონკურსში მონაწილეობს სოფი ლორენისა და კარლო პონტის ვაჟის, ედუარდო პონტის ფილმი "უცხოებს შორის", რომელშიც მთავარ როლს იტალიური კინოს უბერებელი ვარსკვლავი სოფი ლორენი ასრულებს. ვენეციის ფესტივალის კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ, ფესტივალის დირექტორის განცხადებით, ამჯერად განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის ფილმებს დაეთმობა. კონკურსში ორი რუსული ფილმი მონაწილეობს - ანდრეი კონჩალოვსკის " ბრიყვების სახლი" და სერგეი ბოდროვის "დათვის ამბორი". რუსეთი წარმოდგენილი იქნება ჟიურიშიც ცნობილი პოეტის ევგენი ევტუშენკოს სახით. ჟურნალ "ოგონიოკოს" ცნობით, კონჩალოვსკის ფილმს საფუძვლად რეალური ამბავი დაედო. ჩეჩნეთში ომის დაწყებამდე ჩეჩნეთისა და დაღესტნის საზღვარზე მდებარეობდა საგიჟეთი, სადაც წყნარ გიჟებს მკურნალობდნენ. ომის დაწყებისთანავე, საავადმყოფოს მედპერსონალი გაიკრიფა და გიჟები საკუთარი თავის ანაბარა დატოვა. ამავე თემაზე გადაღებული ფორმანის ცნობილი ფილმისგან განსხვავებით, გიჟები საავადმყოფოს კედლებში ნორმალურ ცხოვრებას იწყობენ გარესამყაროსგან განსხვავებით, სადაც ომში ჩართული ადამიანები თითქოს გაგიჟდნენ.

ვენეციის ფესტივალის კიდევ ერთი სიახლე პრიზების რაოდენობას შეეხება. მორიც ხადელენის განმარტებით, წინა ფესტივალებისგან განსხვავებით, იქნება მხოლოდ ერთი მთავარი პრიზი – "ოქროს ლომის" ახალი მფლობელი ფილმი ძირითად კონკურსში მონაწილე ფილმებიდან შეირჩევა.
და კიდევ ორი ფილმი, რომელიც, ალბათ, კინოსმოყვარულთა ინტერესს გამოიწვევს. ფილმში სახელწოდებით "11.09.01" 11 რეჟისორი 11 სექტემბრის ტრაგედიის საკუთარ აღქმაზე მოუთხრობს მაყურებელს. არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს კიდევ ერთი ასე ვთქვათ კოლექტიური ფილმი " ათი წუთით უფროსი," რომლის 8 ავტორი –კიმენატოგრაფიის გრანდები ჟან-ლუკ გოდარი, ბერნანდო ბერტოლუჩი და სხვები – დროის ფენომენზე ბჭობენ.

[მუსიკა]

კალეიდოსკოპი

დავით კაკაბაძე:
კინოს თემას გავაგრძელებთ ჩვენი გადაცემის ბოლო სიუჟეტში – ნაირ-ნაირი ამბების კალეიდოსკოპში.

ერთ თვეში სილვია კრისტელი თავის 50-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. მაგრამ როგორც ჰოლანდიელმა კინომსახიობმა ხუთშაბათს გაზეთ “დე ტელეგრააფის” კორესპონდენტს განუცხადა, მას სულაც არ ეზეიმება. მსახიობს, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახადა 70-იან წლებში გადაღებულმა ეროტიკულმა ფილმმა “ემანუელამ”, ყელში სიმსივნე აღმოაჩნდა და ახლა მას მკურნალობის ინტენსიურ კურსს უტარებენ. “ძალიან მომქანცველი კურსია: კვირაში ხუთჯერ დასხივებებზე დავდივარ და, გარდა ამისა, სამჯერ ქიმიოთერაპია უნდა ჩამიტარონო”, უთხრა “დე ტელეგრააფს” თავის დროზე ეროტიკული კინოს დედოფლად აღიარებულმა მსახიობმა. თუმცა, სილვია კრისტელი ოპტიმიზმს არ კარგავს: სიმსივნე მკურნალობას ექვემდებარება და იმედი მაქვს, რომ გამოვჯანმრთელდებიო. ამ იმედს მსახიობის მკურნალი ექიმებიც იზიარებენ.

[მუსიკა]

სილვია კრისტელისგან განსხვავებით, ჯონი კეშის ავადმყოფობა სიცოცხლისთვის ხიფათს არ წარმოადგენს, მაგრამ იოლი სამკურნალო არც ის გახლავთ. 70 წლის მუსიკოსი, “კანტრის” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი უკვე მრავალი წელია, დაავადებულია ალერგიით, რომელიც, თავის მხრივ, ფილტვების ანთებასა და ბრონქიტს იწვევს. ბოლო ოთხი წლის მანძილზე “კანტრის” ვარსკვლავსა და “გრემის” მრავალგზის მფლობელს უკვე ხუთჯერ მოუხდა საავადმყოფოში დაწოლა, უკანასკნელად – ამ კვირის დასაწყისში. თუმცა, ამჯერად საავადმყოფოში ვიზიტმა სულ ერთ დღეს გასტანა. თავისი 50-წლიანი კარიერის მანძილზე ჯონი კეშმა 40-მდე ალბომი და ასობით სიმღერა ჩაწერა.

[მუსიკა]

11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ტომი ჰენკსისთვის ოჯახმა კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა. “ჩემი მეუფლე და მე ახლა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ ერთმანეთთან და ჩვენს შვილებთან ერთადო”, თქვა ხუთშაბათს 46 წლის ჰენკსმა. “ის დღე საზარელი იყო”, დასძინა ბერლინში მყოფმა მსახიობმა. “ახლა აღარავინ იცის, რას მოგვიტანს უახლოესი 10-15 წელი. ხალხს ხიდზე გადასვლის, დიდ სავაჭრო ცენტრებში შესვლისა თუ, უბრალოდ, კინოში წავლის ეშინიაო”, ამბობს შეშფოთებული ვარსკვლავი და იქვე დასძენს: “პირადად მე ამ მხრივ ცხოვრების წესი არ შემიცვლიაო”. ტომ ჰენკსსა და მის მეუფლეს რიტა უილსონს ორი ვაჟი ჰყავთ: 12 წლის ჩესტერი და 6 წლის ტრუმანი.

[მუსიკა]

ფილ კოლინზის ქომაგებს ეს ცნობა ნამდვილად არ გაახარებს: თანამედროვე პოპ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი აღარ აპირებს ხანგრძლივი საკონცერტო ტურნეების გამართვას. როგორც შვეიცარიაში მცხოვრებმა ბრიტანელმა მომღერალმა და მედოლემ ოთხშაბათს განაცხადა, მას აღარ სურს გაუთავებლად ერთი ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობა, ყოველ მეორე დღეს სხვა ქალაქში გაღვიძება და სასტუმროებში ცხოვრება. “ჩემს პატარა ბიჭს მეტი დრო მინდა დავუთმოო”, ამბობს 51 წლის კოლინზი, რომლის ახალ ალბომს – “Testify” – მისი თაყვანისმცემლები სულ მალე მიიღებენ. ეს მისი პირველი სოლო-ალბომია ბოლო ექვსი წლის მანძილზე. იმედია, შემდეგი ალბომის გამოსვლამდე ამდენი ხნის ლოდინი აღარ მოგვიწევს. მით უმეტეს, რომ საკონცერტო ტურნეებზე უარის თქმის შემთხვევაში სტუდიური მოღვაწეობისთვის მას მეტი დრო ექნება.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
“მეათე სტუდია” და მასთან ერთად ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. რადიოჟურნალს დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG