Accessibility links

”სტრატფორის” კომენტარი პანკისის ხეობაში მიმდინარე ოპერაციის შესახებ


არც ისე დიდი ხნის წინათ სიტყვა ”პანკისი” ერთობ ეგზოტიკურად ჟღერდა მსოფლიო მასმედიაში. დღეისთვის ამ სიტყვას უკვე ლამის ნებისმიერ ენაზე მოლაპარაკე გაუშინაურდა.

დღეს გაგაცნობთ, რას წერს პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის შესახებ ცნობილი საინტერნეტო ანალიტიკური გამოცემა ”სტრატფორი” 29 აგვისტოს გამოცემაში. მიკროფონს ბიძინა რამიშვილს გადავცემ.

თავიდანვე გეტყვით: ”სტრატფორი” უარყოფითად აფასებს ანტიტერორისტულ და ანტიკრიმინალურ სამხედრო ოპერაციას, რომელიც პანკისის ხეობაში დაიწყო 25 აგვისტოს. მისი ექსპერტების აზრით, ”უკბილო ოპერაციით” მოგებული დარჩებიან მხოლოდ ”ალ ყაიდა” და მისი ისლამისტი მოკავშირეები.

სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მხოლოდ სამი დღის შემდეგ იმის გამოცხადება, რომ ხეობაში არ არიან შეიარაღებული ტერორისტები, სტატიის ავტორების აზრით, სულ ცოტა დამაბნეველია. მაშინ, როცა პანკისში შეიარაღებული მებრძოლების ყოფნას სხვადასხვა წყაროები ადასტურებენ.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე წლების მანძილზე უგულებელყოფდა ამ ფაქტს. მაგრამ მისი პოზიცია შეიცვალა 11 სექტემბრის შემდეგ, მას მერე, რაც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ პანკისის ხეობას ”ალ ყაიდის” წევრები აფარებდნენ თავს და სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები გააგზავნა საქართველოში.

საბოლოოდ შევარდნაძემ თავის ჯარებს დავალება მისცა, ”წესრიგი და კანონიერება” აღედგინათ ამ რეგიონში. ეს ოპერაცია მსოფლიო ანტიტერორისტული კამპანიის ნაწილი უნდა გამხდარიყო. მაგრამ, ”სტრატფორის” აზრით, მისი ქართული ვარიანტი ნამდვილი სამხედრო რეიდის იაფფასიანი იმიტაცია გამოდგა.

სტატიაში გაკვირვებაა გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წინასწარ გამოაცხადა ოპერაციის დაწყების შესახებ, რამაც პანკისს შეფარებულ მებრძოლებს საშუალება მისცა, გასცლოდნენ იქაურობას. ”სტრატფორის” თანახმად, სავარაუდოა, რომ ისინი საქართველოს სხვა რეგიონებში გადავიდნენ. ზოგიერთი წყაროს თანახმად, მათი ნაწილი ილტოს ხეობას აფარებს თავს.

სტატიის ავტორების აზრით, ამ ცალყბა ოპერაციის მიზეზი არის, ერთი მხრივ, კორუფცია საქართველოს ძალისმიერ სტურქტურებში და, მეორე მხრივ, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის შიში შეიარაღებული ჩეჩნებისა და სხვა უცხოელების მიმართ.

”მოვლენათა ასეთი განვითარება მხოლოდ და მხოლოდ ”ალ ყაიდის” წისქვილზე ასხამს წყალს... შეერთებული შტატები, როგორც ჩანს, იმედოვნებდა, რომ თუკი საქართველო ისლამისტ მებრძოლებს რუსეთში გარეკავდა, მაშინ ისინი რუსეთის პრობლემად იქცეოდნენ. მაგრამ ბუშის ადმინისტრაციას მომავალშიც ექნება საქმე ”ალ ყაიდასთან” საქართველოშიო”, შენიშნავს ”სტრატფორი”.

მისი აზრით, როგორც ჩანს, ერთადერთი, ვინც ფიქრობს, რომ მოიგებს, არის შევარდნაძე, რომელიც რეგიონში ისლამისტებისგან შეიარაღებული მუქარის შენარჩუნებით შეეცდება კვლავაც უზრუნველყოს დასავლეთის მხრიდან დახმარება კრიზისში მყოფი თავისი რეჟიმისთვის.

”მაგრამ ახლო პერსპექტივით წაგებული პირველ რიგში საქართველო იქნება. პანკისში მყოფი ტერორისტები კიდევ უფრო გააღრმავებენ ქვეყანაში პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ კრიზისს”, დაასკვნის ”სტრატფორი”.

”სტრატიჯიკ ფორკასტი” – შემოკლებით ”სტრატფორი” – , რომლის სტატიაც გაგაცნოთ ბიძინა რამიშვილმა, გახლავთ ამერიკის კერძო კომპანია, რომელიც აგროვებს და ავრცელებს სადაზვერვო, ანალიტიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საინტერესო ინფორმაციას. იგი 1995 წელს შეიქმნა კვლევითი ინსტიტუტის, ”გეოპოლიტიკური კვლევის ცენტრის” ბაზაზე.
XS
SM
MD
LG