Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმცირესობათა ენების ბედი თანამედროვე საზოგადოებაში


ტერორიზმსა და შეიარაღებულ კონფლიქტებს, რაზეც დღეს საკმარისად გესაუბრეთ, ხშირად უდევს საფუძვლად კულტურათა თუ ტრადიციათა შორის სხვაობიდან ამოზრდილი ურთიერთუნდობლობა.

ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის კულტურულ სახეს კი, უპირველეს ყოვლისა, ენა წარმოადგენს. ხშირად გაიგონებთ, რომ მაღალგანვითარებულ საზოგადოებაში, გლობალიზაციის პირობებში, უმცირესობათა კულტურულ თვითმყოფადობას და მათ ენებს გაქრობა ემუქრება. ბიძინა რამიშვილისგან შეიტყობთ, როგორ ცდილობენ ამის თავიდან აცილებას ევროპის კავშირში.

თუ რა პრობლემებთან არის დაკავშირებული მცირე ტერიტორიაზე მრავალი ეთნიკური და ენობრივი ჯგუფის თანაარსებობა, საქართველოს მოსახლეობისთვის კარგად არის ცნობილი. ეს პრობლემა მთელს მსოფლიოში არსებობს. მცირე ენების საკმაო სიმრავლეა ევროპაში. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ სორბული ენა აღმოსავლეთ გერმანიაში. მასზე 70 ათასამდე ადამიანი ლაპარაკობს. ანდა ოქსიტანური – უძველესი ენა, რომელზეც სამხრეთ საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში ლაპარაკობენ. სხვათა შორის, ძველ ენებს ერთი თვისება აქვთ: ძალიან ხშირად მათი გავრცელების არეალები არ ემთხვევა პოლიტიკურ საზღვრებს. აი, როგორ ჟღერს, მაგალითად, ოქსიტანური, რომელიც ფრანგულს ჩამოჰგავს: [ჩართვა. ოქსიტანური]

ბრიუსელში დაფუძნებულია კერძო ორგანიზაცია ”ნაკლებ ხმარებული ენების ბიურო” – შემოკლებით EBLUL – რომელიც დღევანდელი ევროპის კავშირის ტერიტორიაზე მოსახლე 40 მილიონამდე მცირე ენების წარმომადგენელთა უფლებების დაცვას ემსახურება და მათი ინტერესების ლობირებას ეწევა ევროპის კავშირის სტრუქტურებთან ურთიერთობაში. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ორგანიზაცია ცდილობს თავის რიგებში გააერთიანოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ენობრივი უმცირესობებიც. EBLUL-ში აუცილებლად იშვიათი ენები არ არის წარმოდგენილი. ორგანიზაციის წევრობის პირობა არის ის, რომ ესა თუ ის ენა უმცირესობას უნდა წარმოადგენდეს რომელიმე ქვეყანაში. მაგალითად, ხორვატიაში არის იტალიურად მოლაპარაკეთა უმცირესობა. უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში არსებობს გერმანულენოვანი უმცირესობები.

როგორც ორგანიზაციის მენეჯერმა ჯელი ბეკერმა განუცხადა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ბრეფნი ო‘რურკს, ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაში არ არის აუცილებელი, რომ ესა თუ ის ენობრივი უმცირესობა მოცემული ქვეყნის ხელისუფლებამ უმცირესობად სცნოს.

მაგალითად, საბერძნეთის მთავრობა თავის ტერიტორიაზე მხოლოდ თურქულ უმცირესობას აღიარებს ლოზანის ხელშეკრულების მიხედვით. საბერძნეთში უმცირესობებად არ ითვლებიან მაკედონურად და ალბანურად მოლაპარაკეები. მაგრამ მთავრობა წინ არ აღდგომია EBLUL-ში ამ უკანასკნელთა გაწევრიანებას.

ბეკერის თქმით, მის ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები აქვთ უმცირესობებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებიდან. ვინაიდან ეს ქვეყნები ცდილობენ ევროპული სტანდარტების შესაბამისად გაიუმჯობესონ ადამიანის უფლებების მდგომარეობა.

ბეკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ EBLUL-ი არ ეხმარება ისეთ უმცირესობებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნებისგან პოლიტიკურად გამოყოფას ესწრაფვიან. საქართველოს მაგალითი რომ ავიღოთ, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი უმცირესობები ამ ორგანიზაციაში ვერ გაწევრიანდებოდნენ.

მაინც რა საჭიროა მცირე ენების შენარჩუნება? ჩვენი ქართულენოვანი რადიომსმენელისთვის ალბათ აბსურდულად ჟღერს საკითხის ასე დასმა. მაგრამ მცირე ენების გადარჩენისთვის ზრუნვა არც თუ იშვიათად ენერგიისა და სახსრების ფუჭ ხარჯვად მიაჩნიათ ხოლმე დიდი ენების წარმომადგენლებს. აი, როგორ პასუხს სცემს ამ კითხვას მწერალი ბერნარ ბლუა, რომლის მიერ შესრულებული ოქსიტანურიც მოგასმენინეთ რამდენიმე წუთის წინათ: ”მაშინ ფრანგულის ან ჩეხურის დაცვა და შენარჩუნება რაღა საჭიროა, როცა ინგლისურითაც შეგვიძლია გავიდეთ ფონსო”.
XS
SM
MD
LG