Accessibility links

რა კანონით იმართება საქართველოს ციხეები


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 29 აგვისტოს თბილისში ერთი უპრეცედენტო ფაქტი მოხდა: რუსთავში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ადრე დილით გაქცეული პატიმარი ნუგზარ მესროპაშვილი

ტელეკომპანია რუსთავი-2-ში მივიდა და საჯაროდ განაცხადა, რომ ციხეში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ჰყავს მტრები და რამდენჯერმე სცადეს, მოეკლათ. ამის შემდეგ პატიმარი სამართალდამცავებს ჩაბარდა, ხოლო იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ პაატა მხეიძემ მას სიცოცხლის გარანტია მისცა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გაამჟღავნა საქართველოს პენიტენციალური სისტემის მრავალი პრობლემა, მათ შორის ციხეებისა და კოლონიების ფაქტიური მართვა კრიმინალური სამყაროს და არა საქართველოს კანონებით. ამ საკითხზე ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის" აღმასრულებელ დირექტორს გელა ნიკოლაიშვილს.

ნუგზარ მესროპაშვილის ერთდღიანი ისტორია ჩვენს ყურადღებას მიაპყრობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა შორის ურთიერთობის პრობლემებს. ყველასთვის ცნობილია, რომ ციხეებსა და კოლონიებში კრიმინალური სამყაროს დაუწერელი კანონები მოქმედებს და ურთიერთობებიც იერარქიულია. უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის" წევრი, გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ საქართველოს პენიტენციალური სისტემის ხელმძღვანელობაც ართვისას ანგარიშს უწევს კრიმინალურ კანონებს.

[ნიკოლაიშვილის ხმა]: “ისინი თვლიან, რომ ამის გაუთვალისწინებლად დღეს სისტემის მართვა შეუძლებელია. სანამ არსებობს ე.წ. კოლონიური ტიპის სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები და არ არსებობს ციხე, სადაც მსჯავრდებული საკანში იქნება ჩაკეტილი საღამოდან დილამდე (რაც აადვილებს პატიმრის კონტროლს), მანამ ქურდული სამყაროს მიერ სისტემის მართვა განუყოფელია ოფიციალური მართვისაგან. ე.წ. “პალაჟენიას”, ანუ მდგომარეობის შენარჩუნებას, ერთი მხრივ, განაპირობებს კრიმინალური “ავტორიტეტების” კეთილი ნება, ხოლო მეორე მხრივ – თვითონ ადმინისტრაციის ნება. ეს წესები წლების განმავლობაში შეითვისეს და შეისიხლხორცეს სისტემის მმართველებმა და სხვაგვარი მართვა დღეს ვერც წარმოუდგენიათ”.
კოლონიის სისტემიდან საპყრობილეზე გადასვლა სულაც არ არის გარანტია, რომ მსჯავრდებულებს შორის ძველი, ათწლეულთა მანძილზე ჩამოყალიბებული ურთიერთობები მალე დაირღვევა, მაგრამ ნამდვილად არის პირობა, რომ სხვადსხვა კატეგორიის პატიმრები ერთმანეთისგან განცალკევებით იცხოვრებენ და მინიმალური კონტაქტი ექნებათ. გელა ნიკოლაიშვილის თქმით, დღეს ბევრი პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება ემუქრებოდეს საფრთხე და მათი გადარჩენა, უწინარესად, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ნება-სურვილზეა დამოკიდებული, რომელსაც პატიმრები ემორჩილებიან. ამ ვითარებას სასჯელაღსრულების დაწესებულებათა ადმინისტრაცია ჯერ ვერაფრით უმკლავდება.

რუსთავთან აშენებულ ცნობილ ციხეს, რომლის პრეზენტაციაც შარშან მოაწყო იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, წლევანდელ სახელმწიფო ბიუჯეტში 200 ათასი ლარი ჰქონდა გამოყოფილი. ამ თანხის დანიშნულებისამებრ ათვისება გააჩენდა შესაძლებლობას, ახალ ციხეში 400-მდე პატიმარი მაინც გადაეყვანათ (ციხე სულ 1000 მსჯავრდებულს იტევს) და, ამდენად, ნაწილობრივ აემოქმედებინათ საპყრობილეთა ზემოხსენებული სისტემა: [ნიკოლაიშვილის ხმა] “მით უმეტეს, თუ მოხდა ისეთი ტიპის პატიმრების იზოლირება, საშიშროებას რომ წარმოადგენენ ზონებში კლიმატის შექმნის თვალსაზრისით, ეს მნიშვნელოვანი განტვირთვა იქნება და ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს ადმინისტრაციას”.

კუთვნილი 200 ათასი ლარი კი ჯერ არ მიუღია იუსტიციის სამინისტროს, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ცნობით, პრეზიდენტის წერილობითი მითითებაც არსებობს ამ ფულის გასაცემად.
XS
SM
MD
LG