Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლაც იპოვეს თუ არა შავ ზღვაში ნავთობის უდიდესი საბადო


საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონებში მიმდინარე ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოების წინასწარი შედეგები ექსპერტებს საქართველოში ენერგომატარებლების დიდი

მარაგის არსებობის შესახებ განცხადებების გაკეთების საფუძველს აძლევს. ხმელეთზე აღმოჩენილი ნავთობსაბადოების გარდა შავი ზღვის აკვატორიაც ნავთობმომპოვებელთა ინტერესების სფეროს წარმოადგენს და იქ თითქმის 2 წელია, რაც სადაზვერო სამუშაოები მიმდინარეობს. ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავი ზღვის შელფზე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნავთობსაბადო აღმოაჩინეს.

ასეთი ცნობა ამ დღეებში რუსულ მედიაში რუსეთ-საქართველოს შორის უკიდურესად გამწვავებულ ურთიერთობათა ფონზე გამოჩნდა. ამის შესახებ ქართულ საინფორამციო საშუალებებში არაფერი თქმულა, თუმცა შეიარაღებულ კონფლიქტამდე მისული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პირობებში შესაძლებელი იყო ნავთობის აღმოჩენის ფაქტი ქართულ პრესას ყურადღების მიღმა დაეტოვებინა.

შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების ნავთობმომპოვებელი კომპანია „ანა დარკო“ 2000 წლიდან აწარმოებს ნავთობის სადაზვერო სამუშაოებს. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ შავი ზღვის შელფში 200 მილიონ ტონაზე მეტი, ხოლო სანაპირო ზოლში 400 მილიონ ტონაზე მეტი მოცულობის ნავთობი და გაზი ინახება.

„ანა დარკომ“ მნიშვნელოვანი გეოფიზიკური, აერო და სხვა სახის ფუნდამენტური კვლევითი სამუშაოები ჩაატარა, რაც შავი ზღვის საქართველოს მონაკვეთში ნავთობის დიდი რაოდენობის არსებობას ადასტურებს. რუსული საინფორმაციო საშუალებები კი ქართულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ „ანა დარკოს“ კვლევითი სამუშაოები წარმატებით დასრულდა, ანუ აღმოჩენილი იქნა ნავთობის საბადო.

ამ ინფორმაციის დაზუსტება საქართველოს ნავთობისა და გაზის მარეგულირებელ სახელმწიფო სააგენტოში ვცადე, რომლის უფროსმა გია ითონიშვილმა ჩემთან საუბარში „ანა დარკოს“ საქმიანობის შესახებ განაცხადა, რომ:

[ითონიშვილის ხმა] „მიიღეს ძალიან კარგი მასალა. რას ნიშნავს ეს მასალა? ეს არის ძალიან წამახალისებელი და ოპტიმისტური, მაგრამ წინასწარ რომ რაიმე თქვა მაგაზე, რომ აი, ჩვენ რაღაცა გვაქვს იქ, ძალიან ძნელია. ძნელია იქამდე სანამ იქ ჭაბურღილი არ გაიბურღება და, როგორც მინიმუმ, 2 ჭაბურღილი არ გაიბურღება და არ მოგვცემს იმის დასტურს, რომ იქ ნამდვილად არის კომერციული ნავთობი, არის ის რაოდენობა, რა რაოდენობაც, დავუშვათ, შეიძლება ივარაუდო.“

ნავთობის კომერციული მარაგი საერთო მარაგისგან იმით განსხვავდება, რომ მისი მოპოვება პრაქტიკულადაა შესაძლებელი და ნავთობის რესურსი შეიძლება გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე კომერციული ნედლეული. ახლა „ანა დარკო“ კომერციული ნავთობის ოდენობის დასადგენად ემზადება და პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს 2 ჭაბურღილის მშენებლობის თანადაფინანსებისთვის. წინასწარი გაანგარიშებით ამ სამუშაოებისთვის 70 მილიონი ამერიკული დოლარია საჭირო. ითონიშვილის განცხადებით, “ანა დარკოს” ბურღვითი სამუშაოების დაწყება მომავალი წლისთვის აქვს დაგეგმილი და ეს ვადები ამ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებითაა განსაზღვრული.

ახლა ნავთობისა და გაზის სააგენტომ შავი ზღვის კიდევ 3 მონაკვეთზე გამოაცხადა ტენდერი. ნავთობკომპანიების მიერ ამ ტერიტორიების ინტენსიური ათვისება, შავი ოქროთი მიღებულ მოგებასთან ერთად, თან დიდ ეკოლოგიურ რისკსაც შეიცავს. გია ითონიშვილი ირწმუნება, რომ ინვესტორ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე გარანტირებულია მაღალი ეკოლოგიური უსაფრთხოება და შავი ზღვის სანაპირო საკურორტო ფუნქციას არ დაკარგავს.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში ნავთობის უკვე არსებული საბადოებია, ჩვენს ქვეყანაში ახალი საბადოების საძიებლად შემოსული ინვესტორების სიჭარბე საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზის დამსახურებაცაა. ერთადერთი, რაც ნავთობმომპოვებელი ბიზნესის სწრაფ განვითარებას ხელშეშლით ემუქრება, ჩვენი ქვეყანის ირგვლივ არსებული არასტაბილური ვითარებაა.
XS
SM
MD
LG