Accessibility links

logo-print

პანკისის სპეცოპერაცია საქართველო-რუსეთის სასაზღვრო ზოლში რუსი მზვერავების მოქმედების ფონაზე


პანკისის ხეობაში დაწყებული ანტიკრიმინალური ოპერაციის პირველი შედეგი ტერორიზმში ეჭვმიტანილი არაბის დაკავებაა. საქართველოს უშიშროების სასახურის თანამშრომლებმა ის ხუთშაბათს დააკავეს.

არსებობს სერიოზული ეჭვი პანკისის ხეობაში დაკავებული არაბის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირებზე.
პანკისის სპეცოპერაციის ერთ-ერთ მიზნად სამართალდამცავები ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გათავისუფლებას ასახლებენ. ეს ოპერაცია რუსეთში უწინდებურად აშფოთებთ. 30 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლში რუსეთის მზვერავები გამოჩნდნენ.
არ არის გამორიცხული პანკისის ხეობაში დაკავებული ეთნიკური არაბი სერიოზული ტერორისტული ორგანიზაციის წევრი იყოს. ასეთი ეჭვი საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურზანიამ გამოთქვა. ტერორისტობაში ეჭვიმტანილი სწორედ უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიების ინტერესების გამო, მისი ვინაობა არ სახელდება. არაოფიციალური ინფორმაციით კი დაკავებული, შესაძლოა, მაროკოელი ხალი ომარ მალი იყოს, რომელიც პანკისის ხეობაში ჯერ კიდევ 1999 წლიდან იმყოფებოდა. ასეა თუ ისე, უშიშროების მინისტრმა არ გამორიცხა დაკავებულის იმ ქვეყანაში ექსტრადიცია, სადაც მას ჩადენილი დანაშაულების გამო ეძებენ. გამოძიების ინტერესების გამო, არც ეს ქვეყანა სახელდება. ცნობილი ის არის, რომ უშიშროების სამინისტრო მიმართავს ანტიტერორისტული კოალიციის ქვყენებს, დაკავებულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით.

ქართველი ძალოვნები პანკისის ხეობაში კიდევ რამდენიმე ეჭვიმატანილის დაკავებას და სხვადასხვა დროს მძევლად აყვანილი პირების გათავისუფლებას ვარაუდობენ. პანკისის სპეცოპერაციის ერთ-ერთ ძირითადად ამოცანას რომ ამა წლის ივნისში გატაცებული ბრიტანელი ბაკირის, პიტერ შოუს გათავისუფლება წარმოადგენს, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინიტრმა, 30 აგვისტოს, პანკისის ხეობაში ჩასულ დიპლომატებს განუცხადა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამოწმებს ოპერატიულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, დიდი შანსია პიტერ შოუ სწორედ პანკისის ხეობაში ჰყავდეთ გადამალული. სამართალდამცავებს პანკისშივე ეგულებათ ერთი წლის წინ დატყვევებული მამა ბასილ მაჩიტიძე და კიდევ რამდენიმე მძევალი, მაგრამ, კობა ნარჩემაშვილის თქმით, პანკისის ხეობაში არ უნდა იყოს ქართველი ლეგიონერის კახა კალაძის ძმა, ლევან კალაძე. შეგახსენებთ, რომ ის კრიმინალება თბილისის ცენტრიდან გასული წლის მაისში გაიტაცეს.

პანკისის ხეობაში ამჟამად ჩვიდმეტი ბლოკპოსტი მოქმედებს. ადგილობრივი მოსახლეობა ანტიკრიმინალური და ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობას გაგებით ეკიდება. სპეცოპერაციის ფარგლებში ამ ეტაპზე დიდი ყურადღება ადამიანთა იდენტიფიკაციას ეთმობა, რადგან სამართალდამცავებს საქმე აქვთ ადამიანებთან, რომლებსაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან საერთოდ არ გააჩნიათ, ანდაც ყალბი დოკუმენტებით სარგებლობენ. საყურადღებოა, რომ ოპერაციის ფარგლებში არ გამოვლენილა არც ერთი შეიარაღებული ჩეჩენი. სოფელ დუისის გამგებელი ჯაფარ ხანგოშვილიც ირწმუნება, რომ შეიარაღებული ჩეჩნები ხეობაში არ არიან. ასეა თუ ისე, სპეცოპერაცია პანკისში ნორმალურად, ზედმეტი გართულებების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლში რუსეთის მზვერავების გამოჩენამ, რაც ქართველმა მესაზღვრეებმა 30 აგვისტოს შენიშნეს, გაამძაფრა შიში, რომელიც პანკისის ხეობაში რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციას უკავშირდება.
და ბოლოს, საქართველოს დაზვერვის დეპარტამენტის შეფი ავთანდილ იოსელიანი ირწმუნება, რომ 23 აგვისტოს დაბომბვა მოზდოკის ან არმავირის აეროდრომიდან აფრენილმა თვითმფრინავებმა განახორციელეს. რადგან რუსეთი საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტს უარყოფს, საქართველოს მხარე აღნიშნული თვითმფრინავების ნომრების და მფრინავების გვარების დადგენას შეეცდება.
XS
SM
MD
LG