Accessibility links

logo-print

ორი პოლიტიკური თვალსაზრისი პანკისის ოპერაციასთან დაკავშირებით


რატომ დაიწყო პანკისის ანტიკრიმინალური ოპერაცია მაინცდამაინც გასული კვირის ბოლოს და არა ერთი წლის წინ ან ერთი წლის შემდეგ? საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აცხადებს,

რომ ოპერაცია დაიწყო მაშინ, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა და ლტოლვილები არა მხოლოდ გაგებით, არამედ სიხარულით შეხვდნენ ქართული შინაგანი ჯარის ნაწილებს. უფრო ადრე მოსახლეობა ასეთი ოპერაციისთვის მზად არ იყო.

იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასახელებს პანკისის ოპერაციის დაწყების პოლიტიკურ მოტივებს, ამ საკითხთან დაკავშირებით გაჩნდა ორი საპირისპირო თვალსაზრისი.

პანკისის ოპერაციასთან დაკავშირებით ორი თვალსაზრისი ორ პოლიტიკურ პოზიციას ასახავს: რუსეთს მიაჩნია, რომ ედუარდ შევარდნაძე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს იცავს და დღემდე ჩეჩენ ტერორისტებთან შეთანხმებით მოქმედებს; ქართული მხარე კი ვარაუდობს, რომ ედუარდ შევარდნაძე ბოლო წლებისთვის უპრეცედენტო დათმობებზე მიდის რუსეთთან და პანკისის ოპერაციის დაწყებაც იმისთვის გახდა აუცილებელი, რომ საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს კრემლში ხელდამშვენებული ეწვიოს.

პირველი პოზიციის თანახმად, პანკისში ჯარის შეყვანა ტერორისტების ბუდეს ვერ მოსპობს, რადგან ეს ფორმალური ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთისთვის თვალის ასახვევად გადადგა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორი კონსტანტინე ზატულინი პანკისში ქართული ჯარის შეყვანას რეალური ანტიტერორისტული ოპერაციის ჩაშლის მიზეზად აცხადებს: “ქართული ჯარი პანკისის ხეობაში მხოლოდ იმისათვის შეიყვანეს, – ამბობს იგი, – რომ კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების თემა დაიხუროს. მთელი განვლილი პერიოდის მანძილზე საქართველოს ხელისუფლება არათუ ებრძოდა ტერორისტებს, არამედ თანამშრომლობდა მათთან. ახლა ტერორისტების მფარველობა ქართული ჯარის ქოლგის ქვეშ გრძელდება” (“სტრანა.რუ”-სთვის მიცემული ინტერვიუდან).

ფონდ “პოლიტიკის” პრეზიდენტი ვიაჩესლავ ნიკონოვი ედუარდ შევარდნაძეს “უმაღლესი კლასის პროვოკატორს” უწოდებს და ამერიკის ინტერესების მსახურად მიიჩნევს. ნიკონოვის აზრით, ამერიკელებს სურთ, რუსეთი აგრესორის როლში ჩააყენონ, შევარდნაძეს კი ეს კარგად გამოსდის, რადგან დასავლეთში მას უკეთესი ავტორიტეტი აქვს, რუსეთს კი – გაცილებით უარესი.
გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი გენერალ-პოლკოვნიკი ლეონიდ ივაშოვი კიდევ მეტად აკონკრეტებს ამერიკის შეერთებული შტატების ამოცანას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების დახმარებით ხორციელდება: ამერიკელებმა ადრე საბჭოთა კავშირი დაანგრიეს, ახლა კი რუსეთს ანგრევენ.

ქართული საზოგადოებრივი აზრი პანკისის ოპერაციას, პირიქით, პრორუსულ ჭრილში ხედავს. “იტერას” ირგვლივ განვითარებული მოვლენების კონტექსტში, პანკისის ოპერაცია, შესაძლოა, ის ღონისძიება იყოს, რომელმაც რუსული წნეხი უნდა შეარბილოს ედუარდ შევარდნაძის სასარგებლოდ, განსაკუთრებით, შემოდგომაზე დაგეგმილი არეულობის წინ.

თუ ედუარდ შევარდნაძეს გულწრფელად სურს, რომ ვლადიმერ პუტინის გული მოიგოს, მაშინ იგი ჩეჩენ მებრძოლებს საქართველოს ტერიტორიაზე აღარ გააჩერებს. ხოლო თუ რუსული პროგნოზი გამართლდა, მაშინ შეიარაღებული ჩეჩნები მხოლოდ დაბანაკების ადგილს შეიცვლიან და ახალ პრობლემებს შექმნიან.
XS
SM
MD
LG