Accessibility links

logo-print

ქართველ პოლიტოლოგთა ფორუმი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა მოწესრიგების თემაზე


რაში უნდა დაუთმოს საქართველომ რუსეთს, შესაძლებელია თუ არა კავკასიაში არსებული პრობლემების რუსეთის გარეშე მოგვარება და დასხდებიან თუ არა საქართველოს საკითხზე სასაუბროდ რუსეთისა

და ამერიკის პრეზიდენტები? ზოგადად ასე უნდა ჩამოყალიბდეს თემები, რომლებზეც ქართველი პოლიტოლოგები საქართველოს პარლამენტში ფრაქციების”სოციალისტისა” და”მრეწველების” ინიციატივით შეკრებილ ფორუმზე საუბრობდნენ. პოლიტიკური დიალოგი ძირითადად შეხვედრის ინიციატორების მიერ რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების სახელზე საგანგებოდ მომზადებული მიმართვის პროექტის გარშემო წარიმართა.

რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებისადმი მიმართვის ტექსტი საქართველოს ტერიტორიების დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით შეიქმნა და პოლიტოლოგების ტრიბუნაზე წარდგენისა და ადაპტაციის შემდეგ, უახლოეს მომავალში, ოფიციალურ დოკუმენტად გაფორმების მიზნით, განსახილველად და დასამტკიცებლად პარლამენტის სესიაზეც გავა. ფრაქცია “სოციალისტის” ლიდერის, ვახტანგ რჩეულიშვილის აზრით, რომლის პრორუსული ორიენტაცია ცნობილია, ამერიკულ-რუსული ვექტორების გადაკვეთით და არა დაპირისპირებით მიღებულ უსაფრთხოების სისტემებს ოპონენტები არ შეიძლება ჰყავდნენ და ამდენად საკითხის დაბლოკვა მოსალოდნელი არ უნდა იყოს. ვახტანგ რჩეულიშვილის მიერ რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების მშვიდობიანი დებატების იდილიური სურათის დახატვის მიუხედავად, ქართველ პოლიტოლოგთა შორის, შეიძლება ითქვას, უმრავლესობას ისინი შეადგენენ, ვინც ფიქრობს, რომ რუსულ-ქართულ დაპირისპირებაში ამერიკის შეერთებული შტატების ადვოკატად მიწვევას რუსეთი არ დაუშვებს და მის ამ არადეკლარირებულ ამბიციას კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ანგარიში უნდა გაეწიოს.
[რამაზ საყვარელიძის ხმა]“რუსეთს ყველაზე უფრო აღიზიანებს სწორედ ამერიკის დომინანტობა და ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება წითელი ნაჭერი ავუფრიალოთ რუსეთს, რაზეც ღიზიანდება, იმაზე პედალირება გავაკეთებინოთ და თუ მოხერხდა, რომ დათანხმდა, კარგია, მაგრამ...რუსეთი საქართველოს არ ეჯიბრება და არც შეეჯიბრება, მეტისმეტად პატარები ვართ, რუსეთი დღეს კავკასიაში ეჯიბრება ამერიკას. დაპირისპირებულ მხარეებთან ასეთ სანქციას თუ დაუშვებ, კი იტყვის რუსეთი, რომ დავჯდებიო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გაყალბებული დიალოგი იქნება”.
ამერიკა-რუსეთის უმაღლესი დონის ქართული დიალოგის სანაცვლოდ, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დარეგულირების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების, იგივე მეგობარი ქვეყნების ჩართვის მომხრეა, რისი პრაქტიკაც უკვე არსებობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების ფორმატში და რაც, ასე თუ ისე, თავის დადებით ფუნქციას უდავოდ ასრულებს. თავის მხრივ, რუსულ-ქართული დარეგულირების პროცესში ამერიკის ჩართვის რუსეთისაგან სანქცირების თემაზე საუბრობს სოციალისტი ვახტანგ რჩეულიშვილი, რაც მას, ზოგადად, ოპტიმიზმში შეიძლება ჩავუთვალოთ და რისი თქმის უფლებასაც იგი ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის მიერ ბოლო დროს გამოთქმულ მოსაზრებებზე ამყარებს. კერძოდ, როგორც ცნობილია, 27 აგვისტოს რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა, ირინა ხაკამადამ გააკეთა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა გამწვავებული ორმხრივი ურთიერთობების მოგვარების პრობლემები უნდა განიხილონ როგორც პირად შეხვედრაზე, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების მონაწილეობით. ფრაქცია “ედინსტვოს” წევრი, დუმის ვიცე-სპიკერი ლუბოვ სლისკა კი თანახმაა ქართულ-რუსული ურთიერთობების გამომწვევი მიზეზებისა და მათი აღმოფხვრის გზების შესასწავლად საქართველო-რუსეთის პარლამენტართა ჯგუფი შეიქმნას.
XS
SM
MD
LG