Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტრე გელბახიანის პატიმრობიდან განთავისუფლების საკითხი კვლავ გაურკვეველია


პარასკევს დიდი ხმაური იყო მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოში, სადაც მოსამართლე თამაზ ყაჭეიშვილს, ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობის წარდგინების საფუძველზე,

ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმდევრის, პატიმარ პეტრე გელბახიანის ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი უნდა განეხილა. მაგრამ სასამართლოში ბოლო მომენტში გამოცხადებულ პროკურორ ზურაბ ბალავაძის თხოვნით, რომელმაც საქმის შესასწავლად ერთი კვირის ვადა ითხოვა, მოსამართლე იძულებული გახდა სხდომა 5 სექტემბრამდე გადაედო. თუმცა, გელბახიანის მომხრეები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ შემთხვევაში პროკურორის ფაქტორი მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს თამაშობს, სინამდვილეში კი სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს.

სამართალდამცველებმა პეტერ გელბახიანი და ირაკლი დოკვაძე ჩიქოვანის ქუჩაზე "მხედრიონის" ლიდერ ჯაბა იოსელიანის წინააღმდეგ 1992 წელს მოწყობილი ტერაქტისა და ამის შედეგად დაღუპული რამდენიმე ადამიანის მკვლელეობის ბრალდებით 10 წლის წინ დააპატიმრეს. ხმაურიანი სასამართლო პროცესი, რომელიც 2 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა, 1995 წლის 6 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ბრალდებულთა მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომის – დახვრეტის გამოტანით დასრულდა.

ორი წლის შემდეგ კი, 1997 წლის 20 ივლისს, საქართველოში სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, დოკვაძესა და გელბახიანს დახვრეტა ოცწლიანი პატიმრობით შეეცვალათ. ხოლო უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 10 აგვისტოს განჩინებით მათ მოეხსნათ სისხლის სამართლის 78-ე და 104-ე მუხლებით გამოტანილი სასჯელები და, საბოლოოდ, 12 წელი და ექვსი თვე მიესაჯათ. განაჩენში შეტანილი ცვლილების თანახმად, გელბახიანსა და დოკვაძეს მოხდილი აქვთ სასჯელის სამი მეოთხედი, ანუ ის ვადა, რაც მათ დროზე ადრე განთავისუფლებისთვის არის საჭირო. თანაც აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ საპყრობილეებიდან გაათავისუფლა სახელმწიფო გადატრიალებასა და სისხლიანი პოლიტიკური მკვლელეობების ორგანიზებაში ბრალდებული არაერთი პირი, მათ შორის, ყველაზე ბოლოს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი და მაშველთა კორპუსის თავკაცი გიგა გელაშვილი. მაგრამ მთაგან განსხვავებით, დოკვაძემ და გელბახიანმა უარი განაცხადეს შეწყალებით გათავისუფლებაზე, რასაც პეტრე გელბახიანის მომხრეები ასე ხსნიან:
[ნემო ბურჭულაძის ხმა] "პეტრეს და ირაკლის შეწყალება არ მოუთხოვიათ მაშინ, როცა სიკვდილმისჯილის საკანში იყვნენ და მაშინაც სთხოვეს, რომ თუ მოითხოვდნენ შეწყალებას, დახვრეტის მუხლს შეუცვლიდნენ. რა თქმა უნდა, მათ შესაწყალებელი არაფერი აქვთ, ვინაიდან დანაშაული არ ჩაუდენით."

ყოფილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ნემო ბურჭულაძის მსგავსად ფიქრობს თავად მსჯავრდებულის დედა, ნუციკო ტატიშვილი-გელბახიანი, რომელიც სასამართლოს 30 აგვისტოს გადაწყვეტილებას ფარსს უწოდებს.
[ნუციკო ტატიშვილი-გელბახიანის ხმა] "ერთს გაძლევთ პირობას, რომ ათი წელიწადი გავუძელით ამას და კიდევ ათი წელი რომ გვქონდეს გასატარებელი, კიდევ გავუძლებთ, არ დავეცემით."

თუმცა, პროცესზე მოსულ გელბახიანის მომხრეებს მაინც ჰქონდათ მცირედი იმედი, რომ მთაწმინდა-კრწანისის მოსამართლე თამაზ ყაჭეიშვილი დააკმაყოფილებდა მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობის მიერ შემოტანილ წარდგინებას. მაგრამ პროცესის დაწყება პროკურორის გამოუცხადებლობის გამო ჯერ ერთი საათით დაგვიანდა, შემდეგ დახურა, ბოლოს კი ერთი კვირით გადადებულად გამოცხადდა. ამ ყველაფრის გამო ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში დადანაშაულებული მოსამართლე ყაჭეიშივლი კი გელბახიანის მომხრეებს ასეთ განმარტებას აძლევდა:

[თამაზ ყაჭეიშვილის ხმა] "გამოცხადებულმა პროკურორმა, გვარად ბალავაძე ზურაბმა გვითხრა, რომ დრო ჭირდება საქმის გაცნობისათვის. ეს იყო და ეს. საქმე გადაინიშნა 5 სექტემბრისათვის. განვიხილავთ და მივიღებთ მაქსიმალურად ობიექტურ, სამართლიან, დასაბუთებულ, კანონიერ გადაწყვეტილებას."

რადიო თავისუფლებასთან საუბარში თამაზ ყაჭეიშვლს არ დაუმალავს, რომ ჰიპოთეტურად შესაძლებლად მიიჩნევს პეტრე გელბახიანისა და ირაკლი დოკვაძის ვადამდე პირობით გათავისუფლებას. თუმცა არსებობს ხელისშემშლელი გარემოება – წარდგინებაში, რომელსაც ხელს აწერს ციხის საავადმყოფოს ხელმძღვანელობა, არ არის მითითებული გათავისუფლების მოტივაცია, რითაც საქმის განხილვის დროს მოსამართლემ უნდა იხელმძღვანელოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG