Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა დარღვევები და პოლიციის საზოგადოებრივი მონიტორინგი


დავით პაიჭაძე, თბილისი ადამიანის უფლებადამცავმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოში შეისწავლეს სამართალდამცავი სამსახურებისა და სასამართლოს მიერ წინასწარი დაკავების ვადის დარღვევისა და

დაკავებულთა წამების ფაქტები. როგორც ცნობილია, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს, ხოლო ამ ნორმის დამრღვევი კანონით უნდა დაისაჯოს. საქართველოში კი სწორედ პირიქით ხდება. პარასკევს, 30 აგვისტოს უფლებადამცავი ორგანიზაციები პარლამენტის წევრებს, იუსტიციის სამინისტროსა და ომბუდსმენის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მოპოვებული მონაცემები გააცნეს და პოლიციის საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შემქნაში მხარდაჭერაზე ესაუბრნენ.

ეჭვმიტანილის დაკავების 72 საათის მანძილზე მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების ან აღმკვეთი ღონიძიების შეფარდების შესახებ. პრობლემა ისაა, რომ ფორმალურად ამ ვადის ათვლა იწყება ოქმის შედგენით დაკავების ადგილზე მიყვანის დროიდან, მაგრამ ოქმში პოლიცია იშვიათად უთითებს ზუსტ დროს, რაც შემდეგ ვადის დარღვევის საფუძველი ხდება. ადვოკატი ლევან ალაფიშვილი შენიშნავს, რომ ეს უკეთეს შემთხვევაში ხდება, ხოლო [ალაფიშვილის ხმა] “უარესი შემთხვევა ისაა, როცა ოქმში დრო საერთოდ არ არის ფიქსირებული, მაგრამ საქმის სხვა მასალებიდან, მაგალითად, პირადი ჩხრეკის ოქმიდან დგინდება, რომ პირი დააკავეს არა 17, არამედ დილის 10 საათზე. ეს ყველაფერი უნდა შეაფასოს პროკურატურამ, რომელსაც შეაქვს შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შესახებ და სასამართლომ. სასამართლო რატომღაც ფორმალურად ამოწმებს მხოლოდ დაკავების კანონიერებასა და ოქმს, ხოლო სხვა მასალებზე ყურადღებას არ ამახვილებს. ასე რომ, პრობლემა ყოველმხრივია: პოლიცია, მასზე ზედამხედველი პროკურატურა და სასამართლო ხელისუფლება, ყველა ერთად და არა ცალ-ცალკე, გვევლინება ამ 72 საათის დამრღვევად”.

ქართველი უფლებადამცავები დიდ ხანია ცდილობენ მიაღწიონ პოლიციისა და წინასწარი დაკავების საკანთა მონიტორინგს. სხვათა შორის, ქუთაისის პოლიციის სამმართველოს უფროსი თემურ ნოზაძე დათანხმდა წინასწარი დაკავების საკნების მონიტორინგსაც და პოლიციაზე ფართო ზედამხედველობის განხორციელებასაც. უფლებადამცავებმა შეიმუშავეს პოლიციის საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს დებულებაც. პარლამენტის წევრის, ელენე თევდორაძის აზრით, თუ ეს დებულება ამოქმედდა და პოლიციაზე მრავლისმომცველი ხედამხედველობა განხორციელდა, სწრაფ პოზიტიურ ეფექტს მაინც არ უნდა ველოდოთ. ჯერჯერობით, წინასწარი დაკავების საკნებში მოთავსებული პირები, თუნდაც აშკარა კვალი აჩნდეთ პოლიციის ძალადობისა, ხშირად უარყოფენ წამების ფაქტებს, მოგვიანებით კი, ციხეში გადაყვანის შემდეგ, როცა ფიზიკური ზემოქმედების შიში აღარა აქვთ, ასეთ ფაქტებს აღიარებენ. ეს შიში, თევდორაძის აზრით, უცებ არ მოისპობა, მაგრამ თუ მონიტორინგი დამკვიდრდა, [თევდორაძის ხმა] “აუცილებლად იქნება შედეგი. გარდა ამისა, თვითონ პოლიცია, რაკიღა ასეთი ჯგუფები იარსებებს, შეეცდება უფრო არ შელახოს მისი ისედაც შელახული სახელი”.
XS
SM
MD
LG