Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

როგორც ქალაქ მიუნხენში გამომავალი გაზეთი ”ზიუდოჩე ცაიტუნგი” აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, გასულ კვირაში მომხდარი დაბომბვისთვის პასუხისმგებლობას, მოსკოვს, არა მარტო საქართველო, არამედ ეუთოს მეთვალყურეებიც აკისრებენ. გაზეთი წერს:

”რუსეთი კარგა ხანია უკვე, მოითხოვს, რომ საქართველომ ბოლო მოუღოს ჩეჩენ მეამბოხეთა ყოფნას პანკისის ხეობაში. ახლა, საქართველოს ჯარი, მოულოდნელად, ამ ხეობაში შევიდა. პანკისს, თავად პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ეწვია. ამასობაში, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით მეამბოხეები არ დაუკავებიათ. საქართველოს ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, საიდუმლოდ შეუთანხმდა მეამბოხეებს იმის თაობაზე, რომ ისინი – უბრძოლველად დატოვებენ პანკისის ხეობას”.

გაზეთი ”ბოსტონ გლოუბი” გაოცებას არ მალავს იმის გამო, რომ ოთხშაბათს, პრეზიდენტმა პუტინმა საერთაშორისო ტერორისტების შეფარებაში დაადანაშაულა საქართველო, ზუსტად ისევე, როგორც თალიბები იფარებდნენ ავღანეთში ალ-ყაიდასო. რუსეთის პრეზიდენტის ამგვარმა განცხადებამ მას შემდეგ, რაც საქართველოს ჯარმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო პანკისის ხეობაში წესრიგის აღსადგენად, კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა ორ სახელმწიფოს შორის – აღნიშნავს გაზეთი და სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

”ამასობაში, რუსეთი ჯიუტად უარყოფს იმ ფაქტს, რომ მისმა თვითმფრინავებმა საქართველოს ტერიტორია დაბომბეს, და აცხადებს ამასთანავე, რომ უფლებამოსილია თავი დაიცვას მოიერიშეებისაგან, რომლებიც, მოსკოვის მტკიცებით, საქართველოდან ჩადიან ჩეჩნეთში. შეერთებულმა შტატებმა დაგმო საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა რუსეთის ავიაციის მიერ და განაცხადა, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს”.

”რუსული რულეტი” – ასეა დასათაურებული სტატია ბრიტანეთის გაზეთ ”ფაინენშალ ტაიმსში”. იმ დროს, როცა 11 სექტემბრის ტერაქტების წლისთავი ახლოვდება – წერს გაზეთი - ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში ძველი პრობლემები იჩენს თავს: მოსკოვს ახლო ურთიერთობის შენარჩუნება სურს ირანთან, ერაყთანა და ჩრდილოეთ კორეასთან, ხოლო ჩეჩნეთში არ წყდება ომი. გაზეთი განაგრძობს:

”რუსეთი უარყოფს თავის პასუხისმგებლობას სოფლების დაბომბვისთვის ჩრდილოეთ საქართველოში, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 – დაიჭრა. ვაშინგტონმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის გამო. შეერთებული შტატები აცხადებს ამასთანავე, რომ არ სურს ამ კამათის გამო, ჯერაც კარგი ორმხრივი ურთიერთობის დაძაბვა, თუმცა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შექმნილი დაძაბულობის განმუხტვა არ იქნება ადვილი. ხოლო ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობამ ბზარი გაუჩინა რუსეთის ურთიერთობას დასავლეთთან. ამ ომმა ჩეჩნეთის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა გაანადგურა და სეპარატისტების შემდგომი რადიკალიზაცია გამოიწვია. 11 სექტემბრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ შეანელეს კრიტიკა, მაგრამ ახლა, ყოველივე ეს თავიდან იწყება, ვინაიდან შუა აზიაში ვითარების სტაბილიზაციის ფონზე, ჩეჩნეთში გრძელდება ომი, და თუნდაც ნაწილობრივ რომ ვირწმუნოთ რუსეთის პოზიცია ანტიტერორისტული ოპერაციის შესახებ, ომის გადატანა საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ უფრო თუ გაართულებს ვითარებას კავკასიაში. და ვიდრე ჩეჩნეთში გრძელდება ომი, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ დასავლეთი მას ბოლომდე ენდობა.”

მეორე საკითხი, რომელსაც მრავალმხრივი კომენტარით აშუქებენ ასევე გაზეთები, ამერიკა-ერაყის დაპირისპირებას ეხება. შეუდგა რა თეთრ სახლში მოღვაწეობას, პრეზიდენმა ბუშმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის დამხობა აქვს განზრახული. ახლახან, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია ერაყში სადამ ჰუსეინის დამხობა. გაზეთი ”ნიუ-იორკ ტაიმსი”, ამასთან დაკავშირებით წერს:

”ბატონ ჩეინის ჯერჯერობით არ გაუცია პასუხი კონკრეტულ შეკითხვაზე – რატომ უნდა გამოვიყენოთ სამხედრო ძალა სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ. თეთრმა სახლმა უნდა დაამტკიცოს, რატომ საჭიროებს ერაყის სამხედრო პროგრამები, მათ შორის ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობა ინტერვენციას ამერიკის მხრიდან. როგორც დიკ ჩეინიმ აღნიშნა, და არც თუ უსაფუძვლოდ, სადამ ჰუსეინმა ორჯერ განახორციელა თავის მეზობლებზე თავდასხმა, საიდუმლოდ ჰქმნიდა ბიოლოგიურსა და ქიმიურ იარაღს, და შესაძლოა, ბირთვული იარაღითაც გაამდიდროს, სულ მალე, თავისი არსენალი. თუმცა, მრავალი სახელმწიფო უქმნის საფრთხეს შეერთებულ შტატებს, მაგრამ თეთრი სახლს არ დაუწყია თვითეული მათგანის წინაღმდეგ სამხედრო ოპერაცია.”

ხოლო გაზეთ ”ვაშინგტონ ტაიმსის” მიმომხილველი ტომას სოუელი სავსებით ეთანხმება დიკ ჩეინის და მიიჩნევს, რომ სადამ ჰუსეინის ტერორისტული რეჟიმი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ცივილიზებულ სამყაროს. ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

”როცა მასობრივი განადგურების იარაღზე ვაკეთებთ აქცენტს, ვგულიხმობთ იმის შესაძლებლობას, რომ ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძებთ, და ნანგრევებში ვიხილავთ ჩიკაგოს, ხოლო მილიონობით ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე ბიოლოგიურ იარაღს შეეწირება. თქმა არ უნდა, რომ შეიარაღებული ინტერვენცია ერაყში – საფრთხესთანაა დაკავშირებული. მაგრამ გაცილებით უფრო სახიფათოა ლოდინი და დაიმედება, რომ ცუდი – არაფერი მოხდება. მარტო ის კი არაა საგანგაშო, რას მოიმოქმედებს ჰუსეინი, ანგარიში უნდა გავუწიოთ იმას, რომ სხვა ტერორისტები და ტერორისტების მხარდამჭერი ქვეყნები ყურადღებით ადევნებენ თვალს – მოჰყვება ჩვენს მუქარას კონკრეტული ქმედება, თუ ხმამაღალი განცხადებებით დავკმაყოფილდებით. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც პირადი ინტერესებიდან გამომდინარე თვალს ხუჭავენ მოვლენათა განვითარებაზე, და ეს მაშინ, როცა ყოველივე ეს ქვეყნისთვისაა საზიანო. სწორედ ასეთი იყო ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის სტრატეგია, რომელმაც თავი აარიდა ერაყთან დაპირისპირებას და თავის მემკვიდრეს მიანდო ამ პრობლემის მოგვარება. მთავარი განსხვავება ბატონ კლინტონსა და ჯორჯ ბუშს შორის იმაშია, რომ ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა ხელიდან არ გაუშვას ინიციატივა და დღესვე მოაგვაროს ეს პრობლემა. როგორც რონალდ რეიგანს უთქვამს არაერთხელ, ”ჩვენ თუ არა, ვინ? და ახლა თუ არა, როდისო?”

გაზეთ ”ველტში” გამოქვეყნებულია მიკრობიოლოგის გაბრიელ კრააც-ვადზაკის ინტერვიუ. ვადზაკი ერაყში მუშაობდა 90-იანი წლების ბოლოს, გაეროს განიარაღების კომისიის შემადგენლობაში. მისი აზრით, ერაყს ბევრი რამა აქვს დასამალი. განიარაღების ექსპერტებს, როცა ისინი ერაყში ჩადიოდნენ 1998 წლამდე, ამბობს გაბრიელ კრააც-ვადზაკი, სადამ ჰუსეინის რეჟიმმა როდი აჩვენა ყველა სამხედრო ობიექტი, და ამდენად, ძნელია იმის თქმა, გრძელდება თუ არა ამ ქვეყანაში ბიოლოგიური შეიარაღების პროგრამა. ერაყმა აღიარა, რომ აწარმოებდა მთელ რიგ ტოქსინებს, მათ შორის სოკოვანსაც, რომელიც ღვიძლის კიბოს იწვევს.”

გაზეთი ”უიოლ სტრიტ ჯორნალი” ამერიკა-ერაყის დაპირისპირებაში ევროპელ მოკავშირეთა პოზიციას უკეთებს კომენტარს. ხუთშაბათს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ოფიციალური ლონდონი გამოდის წინადადებით – კონკრეტული ვადა მიეცეს სადამ ჰუსეინს ერაყში გაეროს განიარაღების კომისიის საქმიანობის განსაახლებლად. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

”ამგვარი გადაწყვეტილებით ბრიტანეთის მთავრობა მოსალოდნელი კონფლიქტის თავიდან აცილების კარგ შესაძლებლობას მისცემს ერაყის პრეზიდენტს. ხოლო თუ სადამ ჰუსეინი კვლავაც უარს იტყვის განიარაღების კომისიის მიღებაზე, ამით კიდევ უფრო გაიზრდება ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების მომხრეთა რიცხვი. ამასობაში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა გაეროს თანხმობა უნდა მიიღოს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო აქციის განსახორციელებლად.”

ჟაკ შირაკის პოზიციას იზიარებს შეერთებული შტატების ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი გაეროში რიჩარდ ჰოლბრუკიც. სტატიაში, რომელიც გაზეთმა ”ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნმა” გამოაქვეყნა, ჰოლბრუკი წერს, რომ ”ბაღდადში მიმავალი გზა გაეროს უშიშროების საბჭოზე გადის”. ეს უბრალო ჭეშმარიტება პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ უნდა გააცნობიეროს, თუკი სურს, საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვოს ერაყთან დაპირისპირებაშიო-დასძენს რიჩარდ ჰოლბრუკი.
XS
SM
MD
LG