Accessibility links

logo-print

მოსკოვური ვარიაციები პანკისის თემაზე


პანკისის ხეობა იქცა მოსკოვსა და თბილისს შორის და ორივე მათგანის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის სცენად, რომელზეც ამ ერთი კვირის მანძილზე განსაკუთრებული ფანტაზიით,

უნდა ვაღიაროთ - რუსეთი გამოირჩეოდა. ფანტაზიაზე ცოტა მოგვიანებით. ისე კი, ბოლო კვირამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ კატეგორიულობას საგარეო ურთიერთობებში, როგორ მაღალ იდეალებსაც უნდა ეყრდნობოდეს იგი, შედეგი არ მოაქვს. მაშინ, როცა საქართველოში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის საკითხი იხილებოდა, შეერთებული შტატები რუსეთის ხელისუფლებასთან აქტიურ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს განაგრძობდა მთელ რიგ სერიოზულ საკითხებზე.

ცოტამ თუ იცის დღეს რეალურად რა ხდება პანკისის ხეობაში. თუმცა, ვიცით - ის, რაც იქ ხდება, არ მოსწონს არც საქართველოს, არც რუსეთს და არც შეერთებულ შტატებს, თუკი მასზე, როგორც ტერორიზმთან ბრძოლაში განსაკუთრებით დაინტერესებულ მხარეზე მიდგება საქმე. ასევე ვხედავთ, რომ არც ერთმა მათგანმა არ იცის როგორ მოგვარდეს ის კრიზისი, რაც პანკისის საკითხში ვლინდება და რასაც გაცილებით ფართო მასშტაბი აქვს, ვიდრე ერთი პატარა ქვეყნის საზღვრისპირა ტერიტორიის ნაწილში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებას.

პანკისში ბოლო ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ მედიის აქტიური მხარდაჭერით გარდა იმისა, რომ უარყო მასში მონაწილეობა, მომხდარში საქართველოს ხელისუფლებას დასდო ბრალი. პირველი, ვინც ამგვარი ეჭვი გამოთქვა, რუსეთის თავდაცვის მინისტრი იყო. ამას ორ დღეში საინტერესო გაგრძელება მოჰყვა რუსეთის სახელისუფლებო ორგანოში ”როსიისკაია გაზეტა”, რომელმაც წარმოაჩინა დაწვრილებითი სურათი იმისა, თუ როგორ დაბომბა საგანგებოდ შენიღბულმა ქართული ავიაციის კუთვნილმა თვითმფრინავმა საკუთარი ტერიტორია იმისათვის, რომ თითქოს მარკეტინგული მიზნით მოდერნიზებული ”სუ-25” ტიპის თვითმფრინავი გამოეცადა. მოტანილი ამბის დეტალურობა ავტორის ფანტაზიით ჭეშმარიტ აღფრთოვანებას იმსახურებს, მაგრამ უმთავრესი მაინც ქართველი მფრინავის გვარ-სახელი იყო - ”გიორგი რუსტელი”. როგორც ჩანს, პუბლიკაციის გმირისთვის პოპულარობის უზრუნველსაყოფად ავტორმა გადაწყვიტა ის ასოციაციურად შოთა რუსთაველთანაც კი დაეკავშირებინა. ეს რაც შეეხებოდა საკითხისადმი შემოქმედებით მიდგომას.

საქართველოს მთავარი და ერთი შეხედვით ურყევი არგუმენტი ყოველ კრიტიკულ სიტუაციაში, რაც ბოლო დროს ხეობის ტერიტორიის დაბომბვასთან არის დაკავშირებული, მეზობელი ქვეყნის მიერ მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა. რუსეთის ქმედებებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი უარყოფს დაბომბვის ორგანიზებას, გმობს შეერთებული შტატებიც, მაგრამ ის არანაკლები ყურადღებით უსმენს რუსეთის ხელისუფლების არგუმენტებსაც, რომლის უკანაც შეიძლება არა ძველებური, მაგრამ ანგარიშგასაწევი ძალა დგას, განსხვავებით საქართველოსგან, რომელიც უკვე რა ხანია მის ტერიტორიაზე შემოფრენილი უცხო საფრენი აპარატების ჩამოგდებას იქადნება. ციმბირში მყოფი რუსეთის პრეზიდენტი კი საერთაშორისო აუდიტორიის გასაგონად ასე ჩამოყალიბდა:

[პუტინის ხმა]
”გავიხსენებ იმას, თუ რა ხდებოდა სულ ცოტა ხნის წინ ავღანეთში. თალიბების რეჟიმი იფარებდა ალ-ყაიდას, რომელიც ამზადებდა დანაშაულებრივ ქმედებებს მთელს მსოფლიოში. მოამზადა და განახორციელა საშინელი ტერორისტული აქტი, რომლის წლისთავსაც სულ მალე 11 სექტემბერს აღვნიშნავთ. რით არის ჩვენთვის, რუსებისთვის სიტუაცია საქართველოში უკეთესი. რით? იქ ისეთივე ტერორისტები არიან. მათ შორის არიან სხვა ქვეყნების მოქალაქეები. ისინი ახორციელებენ თავდასხმებს ჩვენს ტერიტორიაზე”.

რუსეთი განაგრძობს ერთგვარ ”სწორებას” შეერთებულ შტატებზე. ის, რაც შეიძლება დასავლეთისთვის, შეიძლება რუსეთისთვისაც, ასე განსჯის პუტინი და მისი ხელისუფლება და კიდევ ერთხელ სთავაზობს საქართველოს თანამშრომლობას პანკისში ჩეჩენი ტერორისტების ლიკვიდაციაში, რაც უფრო ულტიმატუმს გავს, ვიდრე მეზობლურ შეთავაზებას.

საინტერესოა ერთი ფაქტი, რომ რუსული პოზიცია გასულ კვირას ორი რადიკალურად განსხვავებული პუნქტისგან შედგებოდა: პირველი - არ დაგვიბომბავს; მეორე - პანკისში ტერორისტები არიან და მათი დაბომბვა ტერორიზმთან ბრძოლაა და სხვა არაფერი. ეს ისევ ის ერთი რუსეთია, რომელიც ხანდახან ორად გვეჩვენება.
XS
SM
MD
LG