Accessibility links

logo-print

საქართველოს დაზვერვის შეფი გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ორი დღეა გაბედულ და საინტერესო განცხადებებს აკეთებს. ავთანდილ იოსელიანის გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს

ტერიტორიაზე 160 შეიარაღებული ჩეჩნისა და უცხოელი მოქალაქის ყოფნის შესახებ, 31 აგვისტოს მოჰყვა მისივე გაფრთხილება დიდ კავკასიურ ომზე. ჩვენ უფრო ფართოდ გაგაცნობთ კონტექსტს, რომელშიც ეს სიტყვები ითქვა.

საქართველოს ტერიტორიაზე 120-დან 160-მდე შეიარაღებული ჩეჩნისა და უცხოელი მოქალაქის ყოფნა ავთანდილ იოსელიანმა საჯაროდ დაადასტურა და დასძინა, რომ საქართველო მათ ლიკვიდირებას არ აპირებს, არამედ სთავაზობს იარაღის დაყრას და ქვეყნის დატოვებას. თუ ასე არ მოიქცევიან, მათ დააკავებენ. ამასთან, განაცხადა იოსელიანმა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რათა არ დაუშვას შეიარაღებულ მებრძოლთა გადაადგილება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

რა მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ ამ, არსებითად, ულტიმატუმის პასუხად, ზუსტად არ ვიცით. თუ რამდენიმე ათეული შეიარაღებული პირის, მათ შორის _ ჩეჩნების საქართველოში ყოფნა სიმართლეა, ისინი ასე იოლად იარაღს არ დაყრიან. დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალურ ოპერაციას ექვსი თვის განმავლობაში ამზადებდნენ და გათვალეს მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი, მათ შორის, მებრძოლებთან (“ბოევიკებს” რომ უწოდებენ) შეიარაღებული შეტაკების შესაძლებლობაც. ამდენად, სახელმწიფო პანკისის ხეობაში წესრიგის დასამყარებლად დასახულ ამოცანებს აუცილებლად შეასრულებს. იოსელიანის ეს სიტყვები საქართველოში მყოფი უცხო მებრძოლების კიდევ ერთ გაფრთხილებას ჰგავს, მით უმეტეს, დაზვერვის შეფი ღიად აცხადებს, რომ ქართველებისა და ჩეჩნების შეიარაღებულ შეტაკებას შეიძლება დიდი კავკასიური ომი მოჰყვეს საქართველოს ტერიტორიაზე.

საინტერესოა, რომ დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარის გარდა, საქართველოს სხვა სპეცსამსახურისა და ე.წ. ძალოვან უწყებათა ხელმძღვანელები არაფერს ამბობენ, ანუ არ ადასტურებენ უცხო ქვეყნის მებრძოლთა საქართველოში ამ რაოდენობით ყოფნას. ჯერჯერობით მთელი ანტიკრიმინალური ოპერაციის შედეგი ყაჩაღობისათვის ერთი ძებნილისა და ერთი არაბის დაკავებაა. რამდენიმე უცხოური გამოცემა უკვე კრიტიკულად ეხმაურება პანკისში მიმდინარე ოპერაციას და ეჭვის თვალით უყურებს მის სამომავლო შედეგებს, ხოლო რუსული მედია ლამის ერთსულოვნად ირწმუნება (რუს პოლიტიკოსებზე, მოხელეებსა და ანალიტიკოსებზე დაყრდნობით), რომ საქართველოს არ შეუძლია დამოუკიდებლად მოაგვაროს პანკისის პრობლემა და იქ წამოწყებული ოპერაცია დაგვიანებული, უნდილი და უშედეგობისთვის განწირულია. ავთანდილ იოსელიანის განცხადებები რამდენადმე რისკიანიცაა, მაგრამ წარმოადგენს ერთდროულად პასუხსა და გამოწვევას რუსეთისათვის, რომელსაც საქართველომ უნდა აჩვენოს, რუსული თქმისა არ იყოს, ვინ არის სახლში პატრონი.
XS
SM
MD
LG