Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა საქართველოდან ჯარების სასწრაფოდ გაყვანა გადაწყვიტა


საქართველოსა და რუსეთს შორის ერთ წელზე მეტია რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოში დარჩენილი რუსეთის 2 სამხედრო ბაზის დემონტაჟის ვადებისა და წესის შესახებ.

როგორც ცნობილია, ქართული მხარე ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების გატანას 3 წლის მანძილზე დაჟინებით მოითხოვს. რუსეთი თავდაპირველად ბაზების დემონტაჟს 14 წლის განმავლობაში მიიჩნევდა შესაძლებლად, მოგვიანებით კი, რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდზე ეს ვადა 11 წლამდე შემცირდა, თუმცა ამას არაფერი შეუცვლია ქართული მხარის პოზიციაში. თბილისი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ბაზების დროულად გატანა, უპირველეს ყოვლისა, მოსკოვისთვისაა სასარგებლო. როგორც ჩანს, მოსკოვში ეს რჩევა ყურად იღეს. გესაუბრებით რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გადაწყვეტილების შესახებ.

31 აგვისტოს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ერთი შეხედვით დაუჯერებელი ცნობა. ინფორმაციის თანახმად, რომლის ავტორია სააგენტო „როსბალტი“, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გენადი გუდკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზისა და სამხედრო კონტინგენტის გაყვანის პროცესის დაჩქარების შესახებ. გუტკოვის აზრით, ეს ამიერკავკასიის ამ რესპუბლიკაში და მთლიანად კავკასიაში რუსეთის პოლიტიკის ზეგავლენას შეასუსტებს. მისივე თქმით, „ჩვენ ვთმობთ ჩვენს ინტერესებს კავკასიაში, ისევე როგორც ეს ადრე გავაკეთეთ კამრანისა და ლურდესის ბაზების დახურვისას, სანაცვლოდ კი არაფერი მივიღეთ.“

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რა არის რუსეთის გენშტაბის ამ გადაწყვეტილების მოტივი გენადი გუდკოვმა ოთხი შესაძლო მიზეზი დაასახელა. ესენია: სახსრების ეკონომიის შესახებ კონიუნქტურული მოსაზრებები, კორუფცია, გენშტაბში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტურის მუშაობის შედეგი და ბანალური გულუბრყვილობა. გუდკოვის აზრით, ყველაზე მეტად რეალური პირველი და მეორე მიზეზის კომბინაციაა, თუმცა სხვებსაც აქვს არსებობის უფლებაო, დასძინა მან.

სახელმწიფო დუმის დეპუტატის აზრით, აუცილებელია გენშტაბის გადაწყვეტილებაზე ყურადღება გაამახვილონ რუსეთის პრეზიდენტმა, მთავრობამ, თავდაცვის მინისტრმა, სახელმწიფო დუმამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომლებიც ამის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობენო.

გუდკოვისვე განცხადებით, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით რუსეთის პოლიტიკა საკმაოდ მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. მაგრამ გენშტაბის ფუნქციონერები საკუთარ პოლიტიკას ახორციელებენ, რაც რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, აღნიშნა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

რამდენად შეესაბამება ჭეშმარიტებას გუდკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ძნელი სათქმელია, რადგან ჯერჯერობით უცნობია რუსეთის თავდაცვის უწყებისა და სხვა ოფიციალური ორგანოების პოზიცია. თუმცა გუდკოვმა კი იმაზე ცხადად მიანიშნა, რაც შეიძლება გამხდარიყო ზევით ნახსენები გენშტაბის გადაწყვეტილების მიზეზი. კერძოდ, რუსეთის თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას შორის კარგახანია არააფიშირებული დაპირისპირებაა. არის სხვა საწინააღმდეგო მოტივებიც, რაც შეიძლება უწყებათა შორის შეთანხმებული გადაწყვეტილების საბაბიც გამხდარიყო. კერძოდ კი ეს მრავალმხრივ, პოლიტიკურ თუ სამხედრო დაპირისპირებაში ჩართული თბილისისთვის დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შექმნის პროვოცირებაა.

ახალქალაქის სომეხი ეროვნების მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც რუსეთის სამხედრო ბაზაზეა დასაქმებული, კარგახანია ბაზის გასვლის წინააღმდეგ გამოდის და თბილისს აკრიტიკებს. საქართველო ბაზის დემონტაჟამდე მათთვის სოციალური გარანტიების შექმნას გეგმავდა და თუ რუსი სამხედროების მოულოდნელი გასვლა განხორციელდა, ცხადია, რომ სეპარატისტულად განწყობილი მოსახლეობის რისხვა თბილისს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

შეგახსენებთ, რომ 1999 წლის სტამბოლის ცნობილ სამიტზე, როდესაც საქართველოდან რუსეთის ორი, გუდაუთისა და ვაზიანის სამხედრო ბაზების დემონტაჟის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რუსეთის მხარემ ვალდებულება აიღო, რომ პირველი 2 ბაზის გატანის შემდეგ მომდევნო 2 ბაზის დემონტაჟის პროცესიც დაიწყებოდა. როგორც ცნობილია, ვაზიანის რუსეთის სამხედრო ბაზა აღარ არსებობს და როგორც მოსკოვში ირწმუნებიან, გუდაუთის ბაზის ლიკვიდაციაც განხორციელდა, თუმცა ამ პროცესის დასრულების შემდეგ ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების დემონტაჟი არც არავის უცდია.

1 წელზე მეტ ხანს გაჭიანურებულ მოლაპარაკებებზე მხარეები ბაზების დემონტაჟის ვადებზეც კი ვერ შეთანხმდნენ, არადა ეს მოსკოვისთვის მართლაც წამგებიანია, რადგან ის სტამბოლში ხელმოწერილი საერთაშორისო შეთანხმების პირობებს არღვევს. შესაბამისად ოფიციალური თბილისის პოზიციაც ურყევია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კახა სიხარულიძის განცხადებით,

[სიხარულიძის ხმა] „ჩვენ ბაზებთან დაკავშირებით, რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, მოსალაპარაკებელი პრინციპული თვალსაზრისით არაფერი არა გვაქვს, ახლა თუკი ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ამ ბაზების გასვლის ვადებზე, რომლებიც ძალიან სერიოზულად და მნიშვნელოვნად არის დარღვეული და ვსაუბრობთ გუდაუთის ბაზასთან დაკავშირებით. კერძოდ, დაგვანახონ, ან მოგვცენ დამაჯერებელი საბუთი იმისა, რომ ის ბაზა ლიკვიდირებულია.“

სავარაუდოა ისიც, რომ პუტინის ხელისუფლებამ მისთვის არაპოპულარული ნაბიჯი, ზევით ნახსენები საერთაშორისო შეთანხმება, სხვისი ხელებით შეასრულა, რაც შეიძლება რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ყველაზე მთავარი მიზეზიც აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG