Accessibility links

logo-print

რუსეთის აგრესიის, ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობის გარკვევის, საქართველოს უსაფრთხოებისა და პანკისის


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის აგრესიის, ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობის გარკვევის, საქართველოს უსაფრთხოებისა და პანკისის პრობლემის თემებს ისევ წამყვანი ადგილი უკავია ამ კვირის ქართულ პრესაში.

30 აგვისტოს გაზეთი “ახალი ეპოქა” წერს, რომ ”პანკისის ხეობის დაბომბვამ და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლმა ქართული სახელმწიფოს პრობლემებთან ერთად კიდევ ერთხელ გამოაშკარავა ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური დაქსაქსულობა. სამწუხაროდ, არც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფალთ აღმოაჩნდათ შესაბამისი ნება, პრინციპულად დაეცვათ სახელმწიფოს ინტერესები”.
გაზეთის თქმით, “26 აგვისტოს საგანგებო საპარლამენტო დებატებიდან როგორც გამოჩნდა, საქართველოს წინააღმდეგ დაუფარავი სამხედრო აგრესიაც არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთიან პოზიციაზე დამდგარიყო. ერთმანეთთან მოჩხუბრები “მგლის” წინააღმდეგ ვერ გაერთიანდნენ.

ბოლოს და ბოლოს, როდესაც დიდი შეხლა-შემოხლის შემდეგ საქმე კენჭისყრამდე მიდგა, რუსეთისადმი საპროტესტო განცხადებისა და საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული დადგენილების მიღებას ბათუმურმა ბლოკმა დარბაზიდან გასვლა არჩია. “აღორძინებამ” და სოციალისტებმა ყველაფერი სააკაშვილის “ნაციონალისტებს” დააბრალეს – “თბილგაზის” გადაცემაზე “იტერასთან” მოლაპარაკებების შეწყვეტის მოთხოვნით საკუთარ ბიზნესინტერესებს იცავთო. არადა, “იტერას საკითხი” ცალკე კენჭისყრით უნდა გარკვეულიყო. ამ თემასთან საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილებები დაკავშირებული არ იყო. “პროტესტანტებს” რომ მოეწადინებინათ, შეეძლოთ მხოლოდ “იტერას” საკითხის განხილვაში არ მიეღოთ მონაწილეობა”.

გაზეთი აღნიშნავს, რომ “ცალკე საკითხია “ნაციონალური მოძრაობის” სიჯიუტე. სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა ამით ჩავარდნის საფრთხე შეუქმნეს პარლამენტის მიერ საპროტესტო განცხადებების მიღებას. როგორც ჩანს, აქაც პოლიტიკურ კომბინაციებთან გვაქავს საქმე. თუ პარლამეტში საერთაშორისო თანამეგობრობისა და რუსეთისადმი განცხადებების მიღებას ხმები დააკლდებოდა, ყველაფერი “ნაციონალისტების” პოლიტიკურ ოპონენტებს დაბრალდებოდათ და სააკაშვილის მომხრეებს კიდევ უფრო მეტი საფუძველი მიეცემოდათ ემტკიცებინათ – ხედავთ, რუსეთის ინტერესებს რა გაშმაგებით იცავენო.

თუმცა,საქართველოს 235-კაციან პარლამენტში 81 ხმით მიღებული გადაწყვეტილებებიც (კვორუმი 79 ხმა იყო) ვერ ჩაითვლება “ისტორიულ მოვლენად”. შეიძლება ითქვას, საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ “სახის შენარჩუებაზე” იზრუნა. 26 აგვისტოს გადაწყვეტილებებს განსაკუთრებული წონა და ხიბლი მაშინ ექნებოდა, პარლამენტართა უმრავლესობა თუ მიემხრობოდა”.

“ახალი ეპოქის” მიხედვით, “განსაკუთრებულად მოულოდნელი არც პროსამთავრობო საპარლამენტო ფრაქციების – “თანადგომის”, “ალიანსის – ახალი საქართველოსთვის” და “მოქალაქეთა კავშირის” უპრინციპობა უნდა ყოფილიყო. მთავრობის მომხრე დეპუტათა “სახელმწიფოებრივი ინერტულობა”, რაც უნდა გასაკვირი იყოს, “სახელმწიფოებრივი ინტერესების” ერთგულებით აისხნა. აგრესორის (რუსეთის) საწინააღმდეგო განცხადებების უგულვებელყოფა ვიტალი ხაზარაძემ და მისმა თანამოაზრებმა, ფაქტობრივად, ასე განმარტეს: საქართველოს მთავრობის კრიტიკას და მისთვის გარკვეული მოთხოვნების წაყენებას (დსთ-დან გამოსვლას, სამშვიდობოებისა და რუსული ბაზების გაყვანას), ისევ და ისევ ტერიტორიის გამუდმებულ დაბომბვასაც კი ვამჯობინებთო.
ასე და ამგვარად, საქართველოს მთავრობის ადვოკატობით, ზემოაღნიშნული პატივცემული საზოგადოება რუსეთის დამცველად მოგვევლინა”.

ამასთან ერთად გაზეთი შენიშნავს: “ბოლო დრის რუსეთი ისე იქცევა, რომ მის ქართველ დამცველებს გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს. აბა, როგორ უნდა გაამართლო რუსეთი, რომელიც სამშობლოს გიბომბავს? თუმცა, ”გამოსავალი” აქაც მოინახა. მაგალითად, სოციალსტთა ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა ვლადიმირ პუტინთან შეთანხმებული არ იყო. მოწყალეო ხელმწიფე, თუ რუსეთის პრეზიდენტი უცოდველი კრავია და მთელ მსოფლიოში მოჭრეს თავი “ურჩმა სამხედროებმა”, რატომ ერთხელ არ ინება, ამოეღერღა, პატივს მივაგებ დაღუპულის ხსოვნას და დამნაშავეებსაც დავსჯიო. თუმცა, რუსეთის ხელისუფლება, ჩვეულებისამებრ, ახლაც უტიფრად უარყოფს პანკისის დაბომბვას, ზოგიერთი მისი წარმომადგენელი კი არც იმის მტკიცებას თაკილობს – ყოველივე ქართველი სამხედროების ნამოქმედარიაო.
… უდავოდ მძიმეა “რუსეთის ლობისტთა” ბედი საქართველოში”.

30 აგვისტოს გაზეთი “რეზონანსი” წერს, რომ “23 აგვისტოს საჰაერო დარტყმისა და ადრინდელი თავდასხმების უწყვეტი სერიების შემდეგ ხელისუფლება დღემდე ვერ იძლევა პასუხს კითხავაზე – შეძლებს თუ არა ჩვენი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი (როგორც ტექნიკური, ისე ფიზიკური) სამომავლოდ მსგავსი თავდასხმების მოგერიებას. არადა, ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ქვეყანა სამომავლოდ საჰაერო თავდასხმებისგან დაზღვეული იქნება. მეტიც, ქართველი პოლიტიკოსები აანალიზებენ რა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის საქართველოსთან ურთიერთობის შერჩეულ ფორმას, მომავალი დაბომბვების მოლოდინში არიან”.

შეუძლია თუ არა დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საჰაერო შემოტევებისგან თავის დაცვა? ამ პრობლემის გარშემო “რეზონანსი” ესაუბრა გენშტაბის მაღალჩინოსანს, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია. მისი თქმით, “23 აგვისტოს შემოფრენილი საფრენი აპარატების ტიპი საქართველოს ჯერჯერობით დადგენილი არ აქვს, ისევე, როგორც ვერ მოხერხდა იმ ნაღმების იდენტიფიკაცია, რომლებითაც ამ აპარატებმა ილტოს ხეობა დაბომბეს”.

გენშტაბის ოფიცერმა განაცხადა: “ამიტომ არის, რომ რუსეთი ასე თამამად უარყოფს დაბომბვის ფაქტს. ჩვენ ნივთმტკიცებულებები არ გვაქვს, ამიტომ საპირისპიროს ვერ დაუმტკიცებ. როდესაც ვერ ადგენ საფრენი აპარატის ტიპს, ვერ ადგენ ტრაექტორიას, ზუსტად ვერ ადგენ იმ მიმართულებას, საიდანაც ეს აპარატები შემოფრინდა და მხოლოდ თვითმხილველების დონეზე თითს იშვერ, რუსეთი, რა თქმა უნდა, თავს დაიძვრენს ამ სიტუაციიდან და ყველაფერს უარყოფს”.

გაზეთისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დღეს სამხედრო უწყება იმდენად დაჩაჩანაკებულია, რომ საფრენი აპარატების განადგურების უნარი არ შესწევს.

“რეზონანსის” თქმით, “რაც შეეხება პანკისში მიმდინარე ანტიკრიმინალურ ოპერაციას, დღეს თბილისში ბევრი მიიჩნევს, რომ ქართველი ძალოვნების ხეობაში უმტკივნეულოდ შესვლა და იქ დაბანაკება ამ ოპერაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამას ლოგიკურად უნდა მოყვეს ხეობიდან ჩეჩენი კრიმინალებისა თუ ბოევიკების გაძევება. ეს ოპერაცია თავისთავად სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილია, მაგრამ რეალური შედეგის გარეშე, რუსები არ დაიჯერებენ, რომ ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში, ამ თემას სხვადასხვა სახის პროვოკაციებისთვის კიდევ დიდხანს გამოიყენებენ. საქართველო კი ამ სიტუაციიდან გამოსავალს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მეთოდების ამოქმედებით თუ მოძებნის”.

გაზეთი “24 საათი” 30 აგვისტოს წერს, რომ “საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები, ასევე სხვა მაღალი რანგის ძალოვნები კვლავ პანკისის ხეობაში იმყოფებიან და ხეობის შემოვლა-დათვალიერებას აგრძელებენ. თუმცა, როდის დაიწყება ან, საერთოდ, შედგება თუ არა “მსხვილფეხა” კრიმინალთა დაკავების ოპერაციები, ამის შესახებ პასუხს არავინ იძლევა”.

“ასეთი ოპერაცია ჯერ არ დაგეგმილა და როდის დაიგეგმება ვერ გეტყვით”, _ განუცხადა გაზეთს ახმეტის პოლიციის უფროსმა ავთანდილ თურქიაშვილმა.

“24 საათის” თქმით, “ანტიკრიმინალურ ოპერაციას ფონი შეუქმნა გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც, კრიმინალური დაჯგუფების მიერ ტყვედაყვანილი რამდენიმე გატაცებული, მათ შორის, ინგლისელი პიტერ შოუც, ხეობაში იმყოფება და სწორედ მის გასათავისუფლებლად დაიგეგმა ანტიკრიმინალური ოპერაცია. ახმეტის პოლიციის უფროსმა გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო”.

გაზეთი აღნიშნავს, რომ “ანტიკრიმინალური “შტურმი” პანკისელ კრიმინალებზე კვლავ გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, დააკავეს არაბი მოქალაქე, რომელსაც ფრანგული პასპორტი ჰქონდა”.

31 აგვისტოს “რეზონანსის” ცნობით, “უშიშროების სამინისტროს მიერ ჩატარებული ოპერაციისას აყვანილი მაროკოელი არაბი, სავარაუდოდ, მუსლიმანური რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციის წევრია. დაკავებისას მას, ყურანთან ერთად, ახმეტის რაიონისა და მიმდებარე სოფლების რუკა აღმოაჩნდა”.

“დაკავებულმა აღიარა, რომ კავშირი ჰქონდა ტერორისტულ ორგანიზაციებთან”. თუმცა, როგორც გაზეთი აღნიშნავს, უშიშროების სამინისტროში ამ ვერსიასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. სავარაუდოდ, ხაბურძანიას უწყება დასავლეთის ქვეყნებს მიმართავს, რომ დაკავებულ არაბთან დაკავშირებიღ საინფორმაციო დახმარება აღმოუჩინონ.

“რეზონანსი” წერს, რომ ”პანკისის ხეობაში არაბი ეროვნების პირის დაკავებას რუსეთის ხელისუფლება გუშინვე გამოეხმაურა. მოსკოვი, რომელიც ტერორისტების მფარველობაში მუდმივად ადანაშაულებს საქართველოს, ტერორიზმში ეჭვმიტანილი არაბის დაკავებამ სერიოზულად შეაშფოთა. რუსეთი შიშობს, რომ ქართული მხარე ამ ფაქტს ხეობაში ამერიკული დესანტის გადმოსხმისათვის გამოიყენებს. მორიგი აბსურდული არგუმენტით, რუსეთმა საქართველოს საზღვრის მონაკვეთზე წინასწარი შეთანხმენის გარეშე დამატებითი ძალები შემოიყვანა.
უშიშროების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ნიკა ლალიაშვილის განმარტებით, რუსული მხარის მტკიცება, რომ საქართველო ამერიკული დესანტის მისაღებად ემზადება, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია”.

31 აგვისტოს გაზეთი “ხვალინდელი დღე” კი, სარწმუნო წყაროს მოშველიებით აცხადებს, რომ “საქართველოს ხელისუფლებამ, უკანასკნელ ხანს მომხდარი მოვლენების გამო, მაინც ამჯობინა რუსეთთან დათმობის პოლიტიკის წარმოება”.

გაზეთის თქმით, “ინკოგნიტო არაბის დაკავებამ შექმნა პრეცედენტი, რომ საქართველო მართლაც სერიოზულ ბრძოლას უცხადებს ხეობაში მყოფ რუსეთის მოწინააღმდეგეებს. ეს კი იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება რუსეთ-საქართველოს შორის მეორე პლანზე ინაცვლებს და საქართველო რუსეთის თამაშის წესებს იღებს”.
XS
SM
MD
LG