Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ახალგაზრდულ პროგრამას” ამჯერადაც განათლების საკითხებს


“ახალგაზრდულ პროგრამას” ამჯერადაც განათლების საკითხებს

ვუთმობთ. მიზეზი მარტივია. 2 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი იწყება და ამ დღეს უამრავი პატარა პირველად შეაბიჯებს სკოლაში, რომლის რეფორმატორებიც რეფორმის პირველი შედეგების მომკას ახალი სასწავლო წლის განმავლობაში გეგმავენ. განათლების რეფორმის მიმდინარეობის საკითხებზე წინა გადაცემაში ვისაუბრებთ. დღეს გთავაზობთ დავით პაიჭაძის ინტერვიუს “სამართლებრივი განათლების ასოციაციის” წევრთან, მერაბ ბასილაიასთან. ის ახალგაზრდებისა და სასკოლო ასაკის ბავშვების სამართლებრივი აღზრდის ზოგიერთ საკითხზე ილაპარაკებს. შემდეგ, სამოქალაქო განათლების პრინციპებზე და პიროვნების აღზრდის საკითხებზე ზოგიერთი ქვეყნის პრაქტიკის მიხედვით ვისაუბრებთ.



ის, რაც ჩვენ სახელმწიფოს ყველაზე მეტად აკლია _ სამოქალაქო აზროვნებაა. მისი დეფიციტი ყველგან, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყველა სფეროში იგრძნობა და თუ როგორ შეავსებს ამ დეფიციტს სიახლე, რომელიც საქართველოს სკოლებში ინერგება (ვგულისხმობ სამოქალაქო აღზრდის პრინციპებს), ამაზე საუბარიც ნაადრევია. რეფორმატორები ირწმუნებიან, რომ სამოქალაქო აღზრდის პრინციპები ჩვენს სკოლებში პირველივე კლასიდან იმუშავებს და, თანაც, არცთუ შორეულ მომავალში. განათლების სამინისტროს ამ გეგმას მომავალში დავუბრუნდებით, დღეს კი საქართველოს რეალობიდან შორს, შორეული დასავლეთის და ახლო ჩრდილოეთის მიმართულებით გადავინაცვლებთ და იმის საილუსტრაციოდ, თუ რა განსხვავებაა დასავლურ და პოსტსაბჭოთა ფასეულობებს შორის, _ მათ შორის პიროვნების და მოქალაქის აღზრდის სფეროში, _ ამერიკული სკოლის და “რუსეთის მოქალაქეთა პატრიოტული აღზრდის სახელმწიფო პროგრამის” მაგალითებს მოვიშველიებთ. დავიწყოთ ამ უკანასკნელით. პროგრამა, რომლის არსსაც მოქალაქეების სამშობლოს სამსახურში დარაზმვა წარმოადგენს, ძალაში 2001 წელს შევიდა და, სხვათა შორის, არა მარტო განათლების სისტემაში გარკვეული სიახლეების დასანერგავად. “რუსეთის მოქალაქეთა პატრიოტული აღზრდის პროგრამით” ხელმძღვანელობა მოეთხოვა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს, სამოქალაქო მოძრაობებს და შემოქმედებით კავშირებსაც კი. “მოქალაქეთა პატრიოტული აღზრდის პროგრამა” მიმართულია სამშობლოს ისეთი პატრიოტის ფორმირებისკენ, რომელიც წარმატებით გაართმევს თავს სამოქალაქო მოვალეობებს მშვიდობიან დროშიც და ომის პირობებშიც, და ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლება “ველიკოდერჟავულ” მიდგომებს აღზრდის სფეროშიც ანვითარებს.

თავისთავად, სხვაგვარად არის მეგობარ შეერთებულ შტატებში, რომელიც, საქართველოს არაერთი მოქალაქისთვის რჩება უცხო, ამოუცნობ და, სიმართლე რომ ვთქვათ, საშიშ სამყაროდაც კი. თითოეულ ჩვენგანს არაერთი ჩვენი თანამემამულისგან უნდა ჰქონდეს მოსმენლი ფრაზა:“ ამერიკელი უცხოა, რუსი მაინც ჩვენია. ამერიკა შორია, რუსეთი _ ახლო.” ეს ფრაზები დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც გამონათქვამი შეჩვეული ჭირის უპირატესობის შესახებ. საზოგადოების ერთმა ნაწილმა ჯერ კიდევ ვერ დაიჯერა, რომ დასავლეთი _ და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები _ თავს არავის არაფერს ახვევს, რომ, პირიქით, გონიერები თავისი ნებით მიისწრაფვიან სამყაროსკენ, სადაც ამოსავალი პიროვნებაა, თანასწორობაა და არა პიროვნების სამხედრო-პატრიოტად დეგრადაცია.

მოვიყვან ნაწყვეტს ამერიკის შეერთებულ შტატებში პიროვნების აღზრდის პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, ესტერ შეფერის სტატიიდან:
“პიროვნების აღზრდა არის საფუძველი ამერიკული სასკოლო განათლების. სკოლები, რომლებიც სწავლების პროცესში აქცენტს მორალური ფასეულობების დანერგვაზე აკეთებენ, აღწევენ ბრწყინვალე შედეგებს. ამ მორალურ ფასეულობებში კი, პირველ რიგში, სამართლიანობას, პატიოსნებას, თანაგრძნობას, თანადგომას, პასუხისმგებლობას, საკუთარი თავის და სხვების პატივისცემას ვგულისხმობთ. პიროვნების აღზრდაზე ორიენტირებული სკოლები ცდილობენ შექმნან განსაკუთრებული ატმოსფერო ქცევის საკითხებთან მიმართებით. მოსწავლეთა ერთი ჯგუფის მიერ ამა თუ იმ მოსწავლის იზოლაციის, ან მოსწავლეთა ჯგუფებს შორის მტრული დამოკიდებულების პრობლემის წარმოქმნისთანავე, პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებლობას მთელი სკოლა იღებს, დაწყებული ადმინისტრაციით, დამთავრებული პედაგოგებით და თავად მოსწავლეებით. ამოსავალი ურთიერთპატივისცემაა, როგორც მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, ისე მოსწავლეებს შორის. პიროვნების აღზრდის პრინციპები არ ინერგება, ვთქვათ, მარტო ლიტერატურის, ისტორიის და სპეციალური საგნების შესწავლის დროს. ზოგიერთი სკოლა ამ პრინციპებს ისეთი, თითქოსდა, შეუფერებლი საგნის სწავლებასაც კი უხამებს, როგორიც მათემატიკაა. პიროვნების აღზრდის მოთხოვნები სასკოლო ცხოვრების ყველა სფეროში უნდა აღწევდეს. პიროვნების აღზრდა ნიშნავს აღვზარდოთ სამართლიანები, მივაჩვიოთ საზოგადოებრივ ღირებულებათა მიხედვით მოქმედების უნარ-ჩვევებს, ვასწავლოთ გადაწყვეტილების მიღება და ურთიერთპატივისცემა”.


იმედი დავიტოვოთ, რომ პიროვნების აღზრდის თვალსაზრისით, ადრე თუ გვიან, საქართველოს სკოლებიც გაამართლებს. ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავთ ყველას, განსაკუთრებით იმათ, ვინც ახალ სასწავლო წელს სიახლის ენთუზიაზმით ხვდება. გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.
XS
SM
MD
LG