Accessibility links

logo-print

პანკისური ანტიკრიმინალური ოპერაციის სამხედრო და არასამხედრო


საქართველოს ხელისუფლების მიერ ფართოდ რეკლამირებული

ანტიკრიმინალური და ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებიდან ხუთი დღის შემდეგ, ქართულმა სპეცსამსახურებმა, როგორც იქნა, დააკავეს პირველი საეჭვო პირი _ ფრანგული პასპორტით, ყურანითა და ახმეტის რუკით შეიარაღებული არაბი მოქალაქე, რომელსაც, სავარაუდოდ, რუსლან გელაევის რაზმთან შეერთება ჰქონდა განზრახული. თუმცა, ერთკვირიანი ეიფორიის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ასევე გამოჩნდა სუსტი მხარეები ანტიკრიმინალური ოპერაციის ორგანიზებასა და მართვაში და, რაც განსაკუთრებით საინტერესოა, პირველად გაისმა კრიტიკული შეფასებები საერთაშორისო სამხედრო ექსპერტების მხრიდან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ ოპერაციის მსვლელობაში სერიოზული კორექტივების შეტანით უნდა უპასუხოს.

30 აგვისტოს საქართველოში "წვრთნისა და აღჭურვის" ამერიკულ პროგრამაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცებისთვის ამერიკიდან საველე აღჭურვილობის პირველი პარტია ჩამოვიდა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლო საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორ უნდა იყოს დაკომპლექტებული სამხედრო მოსამსახურე საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად. ტყვიაგაუმტარი ჩაფხუტი, ინდივიდუალური კარავი, საძილე ტომარა, ფარანი, საათი, კომპასი, თერმექსი, სათადარიგო ტანისამოსი, დაბალყელიანი ჩექმები, რომელიც ოცგრადუსიან ყინვას უძლებს. ყველაფერს ვერ ჩამოთვლი. თანაც მთელი ეს აღჭურვილობა დაახლოებით 30 კილოგრამს იწონის და თითოეული ინდუვიდუალური კომპლექტი 2000 დოლარის ღირებულებისაა.

ასეთ აღკაზმულობას ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე ინატრებდა, მაგრამ, თუ კარგად დავუფიქრდებით, იქნებ არ ღირდა ამ ღონისძიების ასე საჯარო დემონსტრირება. არა იმიტომ, რომ რაღაც სამხედრო საიდუმლოებასთან გვაქვს საქმე. ბოლოს და ბოლოს, ამ კომპლექტში მოთავსებული ცალკეული ნივთი დღეს იოლად შეიძლება იყიდოთ რომელიმე სამონადირეო მაღაზიაში რუსთაველის ან გამსახურდიას გამზირებზე. საქმე სულ სხა რამეშია. პანკისის ხეობაში საგანგებო ანტიტერორისტულ და ანტიკრიმინალურ ოპერაციაში მონაწილე სამხედროები, პოლიციისა და უშიშროების წარმომადგენლები ამის მეასედითაც არ არიან უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მხრიდან.
მეტიც, პანკისის ხეობაში ყოფნის დროს, პირად საუბარში არაერთ პოლიციის ოფიცერს განუცხადებია, რომ მივლინებაში, ფაქტობრივად კი საბრძოლო დავალებაზე წასვლის წინ ისინი იძულებული გახდნენ საკუთარი ფულით შეეძინათ საველე ტანსაცმელი და ჯავშანჟილეტები, რომლის ღირებულება 200 დოლარს აღწევს. აღჭურვილობის მხრივ შედარებით უკეთ გამოიყურება სოფელ ფიჩხოვანთან დაბანაკებული თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა, მაგრამ საველე კარვებისა და ფორმის ტანსაცმელის ყიდვა სამხედრო უწყებამ მოახერხა მხოლოდ უკანასკნელ მომენტში და ისიც საკუთარი ბიუჯეტის ხარჯზე, რომლის გეგმა 1000 კაცზე გათვლილი და გრძელვადიანი სწავლების დაფინასებას არ ითვალისწინებს. მთელი ამ ანტიკრიმინალური და ანტიტერორისტული ღინისძიებების ნაჩქარეობა იმ მხრივაც არის თვალში საცემი, რომ არ არის განსაზღვრული, ჩაეთვლებათ თუ არა პანკისის ხეობაში ყოფნა ძალოვანის სტრუქტურების წარმომადგენლებს, როგორც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, რაც შესაბამისი კანონით რეგულირდება და შესაბამისი სტაჟის გაორმაგებასთან ერთად, ორმაგ ანაზღაურებასაც ითვალისწინებს. გარდა ამისა, არავინ იცის, როდის მიიღებს ოფიცერთა შემადგენლობა დღიური სამივლინებო თანხისა და მგზავრობის ხარჯების კომპენსაციას, რაც ნებისმიერი შიდა მივლინების დროს ასევე სამხედრო მოსამსახურის სტატუსით არის გათვალისწინებული და რაც საქართველოს შემთხვევაში დიდი ხანია ფორმალობად იქცა.

თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ანტიკრიმინალური ოპერაცია პანკისის ხეობაში ძალას მხოლოდ ეხლა იკრებს და მის სწრაფ დასასრულს ვერავინ იწინასწარმეტყველებს, ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას მოუწევს თადარიგის დაჭერა იმისთვის, რომ ძალიან რთულ კლიმატურ პირობებში ათასობით სამხედრო მოსამსახურის გამოზამთრება უზრუნველყოს. ეს კი ძალზე რთული ამოცანაა. გავიხსენოთ შარშანდელი ვითარება კოდოროს ხეობაში, როდესაც ზამთრის განმავლობაში სუსტი უზრუნველყოფის გამო ხეობის მოსახლეობას და იქ მყოფ ოთხასამდე ქართველ სამხედროს რამდენჯერმე დაემუქრა ჰუმანიტარული კატასტროფა. სახელმწიფო რეზერვების მხრივ ვითარება არც ამჯერად გახლავთ უკეთესი, რაც გასული კვირის ბოლოს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმაც დაადასტურა. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა პარასკევს განაცხადა, რომ შეშფოთებულია სახელმწიფო რეზერვების შევსების თვალსაზრისით და შესაბამის სამინისტროებს დაავალა ყველა აუცილებელი ზომების მიღება პანკისის ხეობის მოსახლეობისა და შინაგანი ჯარების ნაწილების სურსათით უზრუნველსაყოფად. მათი რაოდენობა კი პანკსის ხეობის მთელ პერიმეტრზე 1000 კაცს აღწევს. დაახლოებით ამდენივე ჯარისკაცი იმყოფება სოფელ ფიჩხოვანთან გაშლილ თავდაცავის სამინისტროს საველე ბანაკში, რომლებმაც ნელ-ნელა იწყეს ხეობის სიღრმეში შესვლა.

მაგრამ უზრუნველყოფის პრობლემების გარდა, რომლის არსებობა გარეშე თვალისთვის მაინც შეუმჩნეველია, კვირის ბოლოს თვალნათლივ გამოიკვეთა ანტიკრიმინალური ოპერაციის პოლიტიკური ქვეტექსტი, რამაც ცნობილი საინტერნეტო ანალიტიკური გამოცემა "სტრატფორის" ექსპერტებს ისიც კი ათქმევინა, რომ "ანტიტერორისტული ოპერაციის ქართული ვარიანტი მხოლოდ ნამდვილი სამხედრო რეიდის იაფფასიანი იმიტაციის შთაბეჭდილებას ტოვებს."

როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ექსპერტებს ყველაზე მეტად აეჭვებთ ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ შესაძლებლობა მისცა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს უმტკივნეულოდ დაეტოვებინათ ხეობა და მხოლოდ შემდეგ წამოიწყო ოპერაცია. საზოგადოების თვალისასახვევ აქციას წააგავს გასულ ხუთშაბათს უშიშროების სამსახურების მიერ ყურანითა და ახმეტის რუკით შეიარაღებული უცნობი პირის დაკავება, რომელიც მაინცდამაინც არაბი მოქალაქე, ვინმე ხალილ ომარი აღმოჩნდა. თუმცა, დაკავებულის არაბული წარმოშობა უმალ ეჭვის ქვეშ დადგა. მეორე დღესვე ტელეკომპანია "რუსთავი -2"-ის პროგრამა "ღამის კურიერში" გამოსვლისას საქართველოს დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ავთანდილ იოსელიანმა მრავალმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ აღნიშნული პიროვნება ხეობაში 1999 წელსაც იმყოფებოდა და მაშინ იგი ჩეჩენი გახლდათო.

რას ნიშნავს ეს ყოველივე? შევარდნაძეს ან მართლა სურს, როგორც "სტარტფორის" ანალიტიკოსები წერენ, რეგიონში ისლამისტების კონცენტრაციაზე აქცენტირებით კვლავაც უზრუნველყოს დასავლეთის მხრიდან დახმარება, ან საქმე გვაქვს სიტუაციასთან, როდესაც მარცხენა ხელმა _ამ შემთხვევაში, ვთქვათ, დაზვერვის დეპარტამენტმა, _ არ იცის, თუ რას აკეთებს მარჯვენა ხელი. მაგრამ ეს ჯერჯერობით მაინც მხოლოდ ვარაუდებია, რომელთა საფუძვლიანობას ანტიკრიმინალური ოპერაციის შემდგომი მსვლელობა გასცემს პასუხს.
XS
SM
MD
LG