Accessibility links

logo-print

”დი პრესე” საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე


პანკისის პრობლემა და ამ ფონზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების თემა კვლავაც რჩება მსოფლიო საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში.

უკანაკნელ დღეებში ამ თემას არაერთი სტატია მიეძღვნა. დღეს გაგაცნობთ ერთ-ერთ მათგანს – ავსტრიის გაზეთ ”დი პრესეს” 30 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით ”მოსკოვს გაეროს მანდატი სურს სამხედრო აქციისთვის”. იგულისხმება სამხედრო აქცია საქართველოში.

ავტორის თქმით, მართალია, თავდაპირველად ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არ იცოდა დაბომბვის ფაქტის შესახებ. მაგრამ ამჟამად უკვე ნათელია პუტინის პოზიცია. მან ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უნარი შესწევს, თავად გაუმკლავდეს პანკისში შექმნილ პრობლემებს.

”მიმომხილველები მოსკოვში ვარაუდობენ, რომ რუსეთი საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას ეცდება თავისი საკუთარი სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად საქართველოს ტერიტორიაზე”, წერს სტატიის ავტორი ელკე ვინდიში. ”ვაშინგტონმა, კერძოდ, მწვავედ გააკრიტიკა დაბომბვა. მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგორ ივანოვთან სატელეფონო საუბრის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ვაშინგტონში მოულოდნელად აირჩია შემრიგებლური ტონი: მოგვიანებით მისმა მოადგილემ, რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები იზიარებს რუსეთის წუხილს საქართველოს ტერიტორიიდან ჩეჩენი მებრძოლების ოპერაციების გამო”.

ვინდიშის აზრით, ეს მნიშვნელოვნად ზრდის რუსეთის შანსებს, თავისი გაიტანოს და გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატი მიიღოს პანკისის ხეობაში ოპეაციის ჩასატარებლად. ვინაიდან ვაშინგტონს სჭირდება რუსეთის თანხმობა ან, ყოველ შემთხვევაში, დუმილი მაინც ერაყისთვის სამხედრო დარტყმის მიყენების შემთხვევაში, შეერთებულმა შტატებმა შეიძლება სუვერენიტეტზე საქართველოს უფლება შეწიროს გეოსტრატეგიულ ინტერესებს”.

პანკისის ხეობაში რუსეთის ოპერაციის მანდატის თაობაზე ჯერ კიდევ აგვისტოს დამდეგს გამოთქვა აზრი ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა, რომელიც პუტინის უახლოეს გარემოცვაში შედის.

”რუსეთმა რომ შესაძლოა მწვანე შუქი მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებისთვის, ეს, როგორც ჩანს, ჩეჩენ სეპარატისტთა შორისაც სჯერათ. მათი ოფიციალური საინტერნეტო გვერდი kavkaz.org იტყობინებოდა მოქიშპე საველე მეთაურების შერიგების შესახებ. მაგალითად, ჩეჩენთა ლიდერის, ასლან მასხადოვის მთავრობაში დაბრუნდნენ ყოფილი პრეზიდენტი ზელიმხან იანდარბიევი, აგრეთვე წინააღმდეგობის მთავრი იდეოლოგი მოვლადი უდუგოვი.
XS
SM
MD
LG