Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტში სტრატეგიული ობიექტების პრივატიზების საკითხებზე დისკუსია გაიმართა


საზოგადოება განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს და საპროტესტო აქციებითაც იმუქრება ელექტროენერგიის ტარიფის მომატებისა და „თბილგაზის“ „იტერასათვის გადაცემის განზრახვის გამო.

საგარეო პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საშინაო ვითარების გამწვავების თავიდან ასაცილებლად პრეზიდენტი შევარდნაძე მოსახლეობას დენის მომატებული ტარიფის სხვა მიზნებისთვის განკუთვნილი თანხიდან კომპენსირებას დაჰპირდა. პარალელურად ყველაფერი კეთდება რათა ზამთარში თბილისი ბუნებრივი აირის გარეშე არ დარჩეს, თუმცა ხელისუფლების თავად ეს ნაბიჯებიც საზოგადოების გულისწყრომას იწვევს.

2 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლთა ჯგუფს შეხვდა, რომელთა შორისაა „ვაკის გონივრული განვითარების საზოგადოება“, „ენერგეტიკოსთა კავშირი“, მეწარმეთა ორგანიზაცია და სხვა. მათ მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციის შემდეგ იყო, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ დენის მომატებული ტარიფის კომპენსირების შესახებ გამოაცხადა და ამ ორგანიზაციების ხმაურის შედეგადაა, რომ მთავრობა „თბილგაზის“ „იტერასათვის“ დაჩქარებული ტემპით გადაცემას ვეღარ ახერხებს არადა ამას თვად პრეზიდენტი მოითხოვს.

პირველ შემთხვევაში შევარდნაძის მიერ ნაჩქარევად გამოთქმული დაპირება არასწორი აღმოჩნდა, რადგან მის მიერ დასახელებული 9 მილიონი ამერიკული დოლარი, რომელიც შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოჰყო, სულ სხვა მიზნებისთვისაა განკუთვნილი. კერძოდ ამ თანხის ნაწილით „AES თელასმა“ გამრიცხველიანობის პროცესი უნდა სრულყოს და მეორე ნაწილი კი სოციალურად დაუცველი ფენების ელექტროენერგიის საფასურის კომპენსირების პროექტისთვისაა განკუთვნილი.

რაც შეეხება „თბილგაზის“ „იტერასათვის“ დაჩქარებული ტემპით გადაცემას, ამ პროცესის ხელშესაშლელად არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა სამინისტროთა წარმომადგენლების გარდა სახელმწიფო მინისტრსაც კი შეხვდნენ, ეს შეხვედრების ციკლი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში მომზადებულიც კი ჰქონდათ იტერასა და ქართული მხარის რუსულ ენოვანი განზრახულებათა ოქმი, რომელიც თბილგაზისა და საქართველოს დანარჩენი გაზგამანაწილებელი კომპანიების იტერას წილობრივი უპირატესობით დაფუძნებული ერთობლივი საწარმსთვის გადაცემას ითვალისწინებდა. საზოგადოებრივი ორგანიზაციები შიშობენ, რომ მთავრობა ასევე ნაჩქარევად და საიდუმლოდ ამზადებს იტერასთან დასადებ ხელშეკრულებას.

პარლამენტს თავმჯდომარესა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელს მოუწიათ მათი დარწმუნება, რომ თბილგაზის არც გაყიდვა მზადდება და არც იტერასთან აპირებს ვინმე ხელშეკრულების ნაჩქარევად დადებას. ნინო ბურჯანაძის განცხადებით შედეგებიდან გამომდინარე ეს თავად ხელისუფლების ინტერესებში არ შედის.

მიუხედავად ამისა საზოგადოების წარმომადგენლები იტერასთან მოლაპარაკებათა დროებით შეჩერებას და საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვენ, რომელიც ნათლად განსაზღვრავს თუ რა არის სტრატეგიული ობიექტები. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად სტრატეგიული ობიექტები უპირატესი სახელმწიფო გამგებლობის სუბიექტებია, თუმცა არსადაა განსაზღვრული რას ნიშნავს სტრატეგიული და რომელია ამ სტატუსის ობიექტები.

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი დაეთანხმა მესამე სექტორის წარმომადგენელთა ამ მოთხოვნას და მათი მოსაზრება გაიზიარა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის დამოუკიდებლობას პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკური დამოუკიდებლობაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ნინო ბურჯანაძის თქმით:

[ბურჯანაძის ხმა] „ბუნებრივია ადამიანებს აღელვებთ ხვალინდელი დღე ამ ქვეყნისა, ბუნებრივია ყველას ძალიან კარგად ესმის რომ ეკონომიკური ბერკეტები ზოგ შემთხვევაში უფრო ძლიერი არის ვიდრე პოლიტიკური, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მართლაც უნდა იქნეს 100-ჯერ აწონილი და 100-ჯერ გაზომილი და მხოლოდ შემდეგ უნდა იქნეს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული.“

ბურჯანაძის ეს განცხადება თანაბრად ვრცელდება უცხოელ ინვესტორებთან დაკავშირებით დღემდე მიღებულ თუ მისაღებ გადაწყვეტილებებზე. ხელისუფლების ნაჩქარევმა ნაბიჯებმა ხშირად თავად იგი ჩააყენა გამოუვალ მდგომარეობაში. პარლამენტის თავმჯდომარისთვის ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმების ენით მეზობელი სახელმწიფო ელაპარაკება თუ ოკიანის გაღმელი ინვესტორი. ამ მდგომარეობასთან საბრძოლველად საკანონმდებლო ორგანო გარკვეული ნაიჯების გადადგმასაც კი გეგმავს. უახლოეს ერთ კვირაში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი „ეი-ი-ეს თელასისგან“ საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების რევიზიაზე ნებაყოფილობით დათანხმებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG