Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო კომისიამ დეპუტატი შარაძე გაამართლა


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 2 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სპეციალურმა საპარლამენტო კომისიამ დეპუტატ მიხეილ ოსაძის ხელმძღვანელობით გამოიკვლია და დაადგინა: კომისიის წევრთა კოლეგა,

გურამ შარაძე საიდუმლოდ არ თანამშრომლობდა უშიშროების სამსახურთან. შეგახსენებთ, საპარლამენტო კომისია შეიქმნა მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის, "თავისუფლების ინსტიტუტის" დირექტორმა ლევან რამიშვილმა პირდაპირ ეთერში სთხოვა შარაძეს, განემარტა საზოგადოებისათვის, თანამშრომლობდა თუ არა იგი უშიშროების კომიტეტთან საბჭოთა ხელისუფლების მმართველობისას დასავლეთ ევროპაში მოგზაურობისა და ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრების დროს. შარაძემ ეს შეკითხვა რატომღაც შეურაცხყოფად მიიღო, პარლამენტის მანდატი დროებით ჩააბარა და საკითხის გარკვევა საკანონმდებლო ორგანოში მოითხოვა. 2 სექტემბერს დეპუტატი სრულად დააკმაყოფილეს. ამ თემაზე გთავაზობთ დავით პაიჭაძის სიუჟეტს.

მიხეილ ოსაძემ კომისიის საბოლოო შეკრებამდე და, ამდენად, დასკვნის ოფიციალურად მიღებამდე განაცხადა, რომ კომისიამ გამოჰკითხა სხვადასხვა დროს უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელები და ყველასგან ერთი და იგივე პასუხი მიიღო: არც ჯემალ ნინუამ, არც ანზორ მაისურაძემ, არც ირაკლი ბათიაშვილმა და არც ჯემალ გახოკიძემ არ დაადასტურეს, რომ გურამ შარაძე საიდუმლო თანამშრომლობით იყო დაკავშირებული უშიშროების სამსახურთან. მიხეილ ოსაძის ამ სიას აკლია სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელთა ისეთი ნათელი სახელები, როგორიცაა ვახტანგ ქუთათელაძე, შოთა კვირაია და, რა თქმა უნდა, იგორ გიორგაძე. მეორეც, ვინც შარაძის მორალურ-პოლიტიკური უბიწოება დაადასტურა, იმათგან უშიშროების ყველაზე ძველი მინისტრი ჯემალ ნინუაა, რომელიც გამსახურდიას მმართველობის მიწურულს მუშაობდა ამ თანამდებობაზე. ასე რომ, შეიძლებოდა კითხვის დასმა მანამდელი ხელმძღვანელების: ოთარ ხატიაშვილისა და გივი გუმბარიძისათვის: მიხეილ ოსაძეს, თავადაც ახლო წარსულში უშიშროების გენერალს, არ უნდა გასჭირვებოდა მათი მოძებნა. თუმცა, საეჭვოა მათ დაედასტურებინათ ვისიმე აგენტობის ფაქტი. როგორც სასულიერო პირი ვერ გათქვამს აღსარების საიდუმლოს, ისე ვერ და არ დაასახელებს უშიშროების ოფიცერი მასთან შეკრულ მოქალაქეებს. თანაც, ლევან რამიშვილის გამოთქმული ეჭვი ეხებოდა არა იმდენად საქართველოს უშიშროების კომიტეტთან თუ სამინისტროსთან შარაძის კავშირებს, რამდენადაც საკავშირო და რუსეთის სპეცსამსახურებთან მის ურთიერთობას. ამათ ნაცვლად კი ხმლისა და ლაბადის ვერც ერთი ქართველი რაინდი დამაჯერებელ პასუხს ვერ გასცემს. ასე რომ, ოსაძის კომისიის მუშაობის შედეგად შარაძე ისევეა რეაბილიტირებული, როგორც რამიშვილის კითხვის დასმამდე იყო. პოლიტოლოგმა და ფილოსოფოსმა გია ნოდიამ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ არ მიაჩნია გადამწყვეტ საკითხად, არის თუ არა გურამ შარაძე რუსეთის დაზვერვის აგენტი, მით უმეტეს, საქართველოს პარლამენტმა შეუძლებელია მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია ამის დასადგენად. თუ შარაძე მართლაც თანამშრომლობს რომელიმე სპეცსამსახურთან, მაშინ ის იმდენად მაღალი რანგის თანამშრომელი უნდა იყოს, რომ მასზე უტყუარი ოფიციალური ინფორმაცია არ იარსებებს. [ნოდიას ხმა]: “მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ არის მთავარი. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მთავარია ის, რომ ბატონი შარაძის მთელი მოღვაწეობა მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ; ანუ ის აკეთებს იმას, რასაც, ჩემი აზრით, უნდა აკეთებდეს რუსეთის დაზვერვის ჭკვიანი აგენტი. მისი მოქმედება, ერთი მხრივ, მიმართულია დასავლეთში საქართველოს იმიჯის, რაც შეიძლება, დასაკნინებლად (ეს რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია), მეორე მხრივ კი, მიმართულია იმაზე, რომ მაქსიმალურად გაღვივდეს ეთნიკური და რელიგიური წინააღმდეგობანი საქართველოში, რაც, ასევე ტრადიციულად, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ბერკეტია რუსეთის გავლენისათვის ჩვენს ქვეყანაში. შარაძის საჯარო მოღვაწეობა, ყველა საქმე, რომელშიც ის ჩართულია, მიმართულია ან ერთ, ან მეორე მიზანზე. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი”.
XS
SM
MD
LG