Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორია ვაშინგტონის პოზიცია ერაყზე სამხედრო თავდასხმის თაობაზე


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის ამასწინანდელმა კატეგორიულმა განცხადებამ, რომ ერაყის მიმართ სასწრაფო მოქმდებაა საჭირო,

თორემ ამ ქვეყნის რეჟიმი კიდევ უფრო საშიში გახდება, 1 სექტემბერს მოჰყვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის გამოსვლა. მან გაამწვავა დისკუსია ერაყზე თავდასხმის თაობაზე და აჩვენა, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლებაში ამ სფეროში ერთი აზრი არ არის.

კოლინ პაუელმა ინტერვიუ მისცა BBC-ის, რომელმაც ეს ჩაწერილი ინტერვიუ 1-ში ეთერში გადასცა. მიმომხილველების აზრი ასეთია: პაუელი დაუპირსპირდა ვიცე- პრეზიდენტის მკაცრ კურსს.
პაუელმა მოუწოდა თავის ინტერვიუში ერაყს, იარაღის კონტროლის ინსპექტორები კვლავ შეუშვას ქვეყანაში და ამასთან, ერაყის წინააღმდეგ ომის თაობაზე საერთაშორისო მასშტაბით დისკუსიის გამართვის აუცილებლობაზე ილაპარაკა. კოლინ პაუელის თანახმად, ვაშინგტონის მოკავშირეებმა მეტი უნდა იცოდნენ იმაზე, თუ რატომ არის ასე საშიში ერაყი. მხოლოდ ასე შევძლებთ მათ დარწმუნებას, რომ ერაყთან ომია საჭირო. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, მსოფლიო უნდა გაეცნოს ინფორმაციას ერაყის თაობაზეო. კოლინ პაუელმა მსმენელებს აუწყა, პრეზიდენტი ბუში, ერაყში იარაღის ინსპექტორთა დაბრუნების მოსურნეაო.
პაუელის გამოსვლის შემდგომ, თეთრი სახლის წარმომადგენელს ტეილორ გროსს ჟურნალისტებმა მოსთხოვეს, გააცნონ ხალხს ბუშის პოზიცია. გროსმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და თქვა, რომ ერაყმა თავისი ვალდებულება ინსპექტორებთან დაკავშირებით ყველგან და ყოველთვის უნდა დაიცვას, მაგრამ ინსპექცია არაფრის გარანტია არ არის, თუკი რეჟიმი განაგრძობს მასობრივი განადგურების იარაღის განვითარებას.
შეერთებული შტაიტების ყოფილმა წარმომადგენელმა გაეროში რიჩარდ ჰოლბრუკმა გაკრიტიკა ახლანდელი ადმინისტრაცია და თქვა, რომ მთავრობაში გაუგებრობაა ამ თემაზე. მისი შეფასებით, ერთსა და იმავე მუსიკაზე სხვადასხვა ტექსტს მღერიან ხელისუფლებაში და ამით ვნებენ საქმესო.
ჰოლბრუკი, მასთან ერთად სხვებიც, თვლიან, რომ შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოს უნდა მოსთხოვოს მიიღოს რეზოლუცია, რომელიც ერაყს დაავალდებულებდა, პირობების გარეშე, ყოველთვის მიეცა ინსპექტორთათვის თავისი არსენალების ჩვენების უფლება.
ამ დროს, ერაყის პრემიერის მოადგილემ ტარიკ აზიზმა გამოაცხადა: გაეროს ინსპექტორების დაბრუნება შედეგს ვერ მოიტანს, ერაყი ინსპექციის ჩაატარების ნებას კონგრესის დელეგაციას აძლევს და არა გაეროს ინსპექტორთა გუნდს, რომელსაც ჰანს ბლიქსი ხელმძღვანელობსო. აზიზის თანახმად, ბლიქსი შეიძლება ჩავიდეს ერაყში მაგრამ ის სიმართლეს კვლავაც არ იტყვის.
შეერთებულ შტატების მოსახლეობაში მცირდება ერაყთან ომის მომხრეთა რიცხვი, CNN-ისა და ჟურნალ “ტაიმის” დაკვეთით ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დღეს ის 51 პროცენტს აღწევს, შარშან დეკემბერში ჰუსეინის რეჟიმის ძალით დამხობას ამერიკის მოქალაქეთა 70 პროცენტი უჭერდა მხარს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG