Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 წლის წინ, 1972 წლის სექტემბერში, საქართველოს კომუნისტური


30 წლის წინ, 1972 წლის სექტემბერში, საქართველოს კომუნისტური

პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა თანამდებობიდან გაანთავისუფლა ვასილ მჟავანაძე და კომპარტიის ცეკას პირველ მდივნად ედუარდ შევარდნაძე დანიშნა. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ რესპუბლიკაში "ნეგატიურ მოვლენათა" წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ამ ბრძოლაში მას უნდა დახმარებოდა ქართული შემოქმედებითი ინტელიგენცია, რომელმაც არ დააყოვნა. მწერალმა გურამ ფანჯიკიძემ სწორედ 1972 წელს გამოსცა თავისი რომანი "თვალი პატიოსანი". "ნეგატიურ მოვლენათა" წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა ამავე წელს დასრულებული, რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმიც "როცა აყვავდა ნუში", რომელსაც ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის წამყვანი, გიორგი გვახარია გაიხსენებს.

1972 წლის თებერვალში გაზეთმა "პრავდამ" გამოაქვეყნა საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის დადგენილება სათაურით "სკკპ 24-ე ყრილობის გადაწყვეტილებათა შესასრულებლად საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ორგანიზატორული და პოლიტიკური მუშაობის შესახებ". ყველასათვის ნათელი გახდა, რომ კრემლის ამ დადგენილების ადრესატი არა მარტო თბილისის პარტიული ორგანიზაცია, არამედ, მთლიანად, საქართველოს ხელისუფლება იყო. "ვოლუნტარიზმი და სუბიექტივიზმი" - ეს ორი სიტყვა რამდენჯერმე იყო ნახსენები კრემლის დადგენილებაში. ამ ორ სიტყვაში, იმდროინდელი საბჭოთა პრესის ახსნა-განმარტებით, ცენტრალური კომიტეტი გულისხმობდა "ფორმალიზმს, დოგმატიზმს, მედავითნეობას", და, რაც მთავარია, აგიტაციისა და პროპაგანდის სისუსტეს, მასობრივ-პოლიტიკური მუშაობის უფერულობას, რისთვისაც ბოლო უნდა მოეღო ედუარდ შევარდნაძეს, მას შემდეგ, რაც 1972 წლის სექტემბერში, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა იგი ხელისუფლების მეთაურად დანიშნა.

მაგრამ კულტურას ყოველთვის პოლიტიკა არა ქმნის. კულტურა ხშირად "ამზადებს" პოლიტიკას და წინასწარმეტყველის როლში გამოდის. ედუარდ შევარდნაძეს ამ მხრივ ნამდვილად გაუმართლდა. 1972 წელს, როცა იგი საქართველოს ხელისუფლების პირველი პირი გახდა, ძნელი სათქმელია მისი წინასწარი დაკვეთით, თუ "პლანეტების" გავლენით, ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში შეიქმნა ნაწარმოებები, რომელიც კრემლის დადგენილების მხატვრულ ინტერპრეტაციად შეიძლება მივიჩნიოთ. ედუარდ შევარდნაძის ცეკას მდივნად დანიშვნამდე "ვოლუნტარიზმისა და სუბიექტივიზმის" წინააღმდეგ ომი, ჯერ გურამ ფანჯიკიძემ დაიწყო რომანში "თვალი პატიოსანი", რომელიც საქართველოს კომკავშირის პრემიით დაჯილდოვდა და იმდენად წარმატებულად მიიჩნია ხელისუფლებამ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ამ რომანის ეკრანიზაციაც გახდა შესაძლებელი. "ნეგატიურ მოვლენათა" წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა მწერლები მოგვიანებით ჩაერთნენ - კონსტანტინე ლორთქიფანიძემ თავისი დოკუმენტური რომანი "რა მოხდა აბაშაში" მხოლოდ 1977 წელს დაასრულა, გიორგი ციციშვილმა "სძლიე სიხარბესა შენსა" - 1978 წელს. რომ არა ედუარდ შევარდნაძე, "თვალი პატიოსანი" შესაძლოა დისიდენტური ნაწარმოებების სიაშიც კი მოხვედრილიყო, მაგრამ "პრავდის" დადგენილებამ ყველაფერი შეცვალა - კრემლს საქართველოში "პატიოსანი კომუნისტის" სახის დამკვიდრება ჭირდებოდა. ამ თვალსაზრისით, ფანჯიკიძის ნაწარმოებმა ნამდვილად დაასწრო ისტორიულ მოვლენებს.

ისტორიულ მოვლენებს დაასწრო ლანა ღოღობერიძემაც. ფილმზე "როცა აყვავდა ნუში" მუშაობა მან ჯერ კიდევ 1971 წელს დაიწყო - უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის შესახებ გადაღებული იმ რუსული ფილმების გავლენით, რომელიც პოპულარულად ითვლებოდა მთელ საბჭოთა კავშირში. განსაკუთრებული მოეწონა მაყურებელს სტანისლავ როსტოცკის სურათი "ორშაბათიც გათენდება", კინოსტუდია "მოსფილმში", 1968 წელს გადაღებული ფილმი, რომელშიც ერთის მხრივ იგრძნობა საყმაწვილო კინემატოგრაფის დიდაქტიკისგან განთავისუფლების ცდა, რასაც მონატრებული იყო საბჭოთა მაყურებელი, მეორეს მხრივ, "თვალი პატიოსანისა" არ იყოს, იქმნება ილუზია, რომ თუ ამ სისტემაში მოვლენ ზნეობრივად სპეტაკი, პატიოსანი ადამანები, ჭეშმარიტი კომუნისტები და კომკავშირლები, სისტემას აუცილებლად ეშველება - "სუბიექტივიზმსა და ვოლუნტარიზმს" ბოლო მოეღება.

ლანა ღოღობერიძე - საბჭოთა კინოში, "პატიოსანი კომუნისტის" სახის მთავარი მეხოტბის, კინორეჟისორ სერგეი გერსამოვის მოწაფე იყო, იმ გერასიმოვისა, რომელიც თავის მოსწავლეებს მოუწოდებდა: "გადაიღეთ კინო, რომელიც მაყურებელს ძლიერ, შეუპოვარ ადამიანებს გააცნობს... ასეთი ადამიანი კადრში გამოჩნდება და მაყურებელი იტყვის "пришел человек... человек с большой буквы"... "მოვიდა ადამიანი... ადამიანი დიდი ასოთი".

ლანა ღოღობერიძეს მასწავლებლის რჩევისთვის არასდროს უღალატია. პუბლიცისტური პათოსი და "დიდ თემებთან"( რუსები სიტყვას "თემა" ამ შემთხვევაში დიდი ასოთი დაწერდნენ) ჭიდილი ყოველთვის განსაზღვრავდა მისი შემოქმედების კრედოს. მართალია "როცა აყვავდა ნუში" თბილისელი ყმაწვილების, უფროსკლასელების ცხოვრებას მიეძღვნა, რეჟისორს უფრო მეტად სურდა წარმოეჩინა ის პრობლემები, რომელსაც არაერთი რუსული ფილმი მიეძღვნა, მაგრამ რომლის მიმართ აბსოლუტურ გულგრილობას გამოხატავდნენ ქართველი კინემატოგრაფისტები - ესაა თაობების ურთიერთობა, თუ გნებავთ თაობათა კონფლიქტი, ესაა ზნეობრივი კომპრომისის თემა და, რაც მთავარია, ესაა ქართულ-საბჭოთა საზოგადოებაში იმხანად უკვე ღრმად გამჯდარი ფარისევლობის, სიცრუის, მოჩვენებითი კეთილდღეობის პრობლემა. მჟავანაძის ხელისუფლებამ "როცა აყვავდა ნუშის’ პრემიერამდე რამდენიმე წლით ადრე არ დაუშვა ოთარ იოსელიანის "გიორგობისთვის" ეკრანებზე გამოსვლა, სანამ კონფლიქტში მოსკოვი არ ჩაერია... არ არის გამორიცხული, "ვოლუნტარისტულ ხელისუფლებას" ლანა ღოღობერიძის ფილმისთვისაც შეექმნა პრობლემები. თუმცა კინოწარმოების საბჭოთა სისტემას თუ გავითვალისწინებთ, თუ გავიხსენებთ, რომ იმხანად ყოველი კინოსცენარის ბედი არა თბილისში, არამედ მოსკოვში წყდებოდა, უნდა ვივარაუდოთ - რადგან მოსკოვმა მოიწონა ლანა ღოღობერიძის ფილმის სცენარი, საბჭოთა კინოიდეოლოგებს აწყობდათ კიდეც "როცა აყვავდა ნუშის" გადაღება, აწყობდათ რომ ყველას, საბჭოთა კავშირის ყველა კუთხეში ენახა თუნდაც დოდო აბაშიძის ეს გმირი, პირობითად რომ ვთქვათ ქართველი "ცეხავიკის" სახე, რომელსაც იმდენი ფული აქვს, რომ შეუძლია მილიციაც მოისყიდოს, პროკურატურაც და თავისი შვილი, დამნაშავე, პატიმრობისგან იხსნას. საბჭოთა კავშირის ყველა კუთხეში უკვე გავრცელებული იყო "მდიდარი ქართველის" ეს სტერეოტიპი, რომელიც ლანა ღოღობერიძეს ახლა უკვე ქართულ კინოში უნდა დაემკვიდრებინა. იმ "მდიდარი ქართველისა", რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაუსწორდება. ზოგს დაიჭერს, ზოგსაც დაახვრეტინებს, რათა წარმატებით გადაწყვიტოს ცეკას დადგენილებაში მითითებული ყველა ამოცანა - აღმოფხვრას ისევ დადგენილების ტექსტს თუ გავიხსენებთ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში ფეხმოკიდებული "კერძომესაკუთრული და სოციალიზმისთვის უცხო ისეთი ტენდენციები, როგორიცაა მექრთამეობა, მომხვეჭელობა, პროტექციონიზმი და სხვა"

[ხმა. მუსიკა კინოფილმიდან "როცა აყვავდა ნუში"]

გია ყანჩელის ეს მუსიკა ფილმიდან "როცა აყვავდა ნუში", ეს ლირიკული მელოდია აბსოლუტურ კონტრაპუნქტს ქმნის იმასთან, რაც ხდება ლანა ღოღობერიძის ფილმში. სინდის-ნამუსზე საუბარი, მსჯელობა ცხოვრებაზე, ეთიკაზე და ა.შ, ანუ ტექსტი, რომელსაც უფროსკლასელები აქ მაღალფარდოვანი ინტონაციებით წარმოთქვამენ ლირიკულობისთვის ადგილს აღარ ტოვებს. ფილმი, რომელიც სიყალბის წინააღმდეგაა მიმართული, სქემატური დრამატურგიისა და კონსპექტურობის გამო, თავად უსაშველოდ ყალბია. ამ თვალსაზრისით "როცა აყვავდა ნუში" თავისებური კინემატოგრაფიული სახეა იმისა, რაც მოხდება საქართველოში შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლისა და ლანა ღოღობერიძის ფილმის პრემიერის შემდეგ. სიყალბესთან ბრძოლა ყალბი აღმოჩნდება, რადგან "ზევიდან", უფრო სწორად ჩრდილოეთიდან იქნება დაკვეთილი. შევარდნაძის ეპოქის ქართულ კულტურაში დამკვიდრდება ეს "თემები, დიდი ასოთი", გამოჩნდებიან "ადამიანებიც, დიდი ასოთი" - კეთილშობილი რაიკომის მდივნები, რომლებიც უდაბნოს სამოთხის ბაღად აქცევენ, მაგრამ ძალზე იშვიათად გამოჩნდებიან ხოლმე ჩვეულებრივი ადამიანები, ცოცხალი ადამიანები. მათ შესახებ არაფერია ნათქვამი 30 წლის წინ გამოცემულ კრემლის იმ დადგენილებაშიც, რომელმაც ედუარდ შევარდნაძე პირველ კაცად აქცია საქართველოს ხელისუფლებაში.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG