Accessibility links

logo-print

ანტიკრიმინალური ოპერაცია პანკისის ხეობაში


სოზარ სუბელიანი, თბილისი 2 სექტემბერს პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაცია ახალ ფაზაში გადავიდა. საქართველოს უშიშროების სამინისტრო აცხადებს, რომ მესამე,

დამამთავრებელი ეტაპის ხანგრძლივობა წინასწარ არ არის დადგენილი, სამაგიეროდ, მყარად არის გადაწყვეტილი, რომ ოპერაცია გასტანს მანამ, სანამ არ მოხდება ყველა უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ნეიტრალიზება. ამჟამად შინაგანი ჯარის ბლოკ-პოსტები ხეობის მთელ სიგრძეზეა განლაგებული, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე კი, მესაზღვრეებთან ერთად, სამხედრო წვრთნებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნაწილებიც განლაგდნენ.

სამართალდამცავი უწყებების მიერ შემუშავებული ერთობლივი გეგმის თანახმად, ანტიკრიმინალური ოპერაციის ახალი ფაზა პანკისში მშვიდობისა და წესრიგის სრულ დამყარებას გულისხმობს. ორშაბათიდან მკვეთრად შეიზღუდა ხეობაში ჟურნალისტებისა და გარეშე პირების შესვლა, რაც, უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნიკა ლალიაშვილის თქმით, აუცილებელია როგორც ოპერაციის წარმატებით ჩატარების, ისე თავად ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად: [ნიკა ლალიაშვილის ხმა] “ანტიკრიმინალური ოპერაციის მესამე ფაზა გულისხმობს კონკრეტული სამძებრო ოპერატიული ღონისძიებების გატარებას, კონკრეტული ინფორმაციის მოპოვებას, მის ანალიზს და შესაბამის რეაგირებას, ანუ გარკვეული აქტიური ღონისძიებების გატარებას კონკრეტული კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ. იმდენად, რამდენადაც გამორიცხული არ არის ამ დაჯგუფებების მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა, სასურველია, რომ იმ მომენტში, როდესაც უკვე დაიწყება წერტილოვანი შეტევები კონკრეტული კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ, იქ არ იმყოფებოდნენ ჟურნალისტები, რადგან ისინი საკუთარ თავს შეუქმნიან საფრთხეს და, თანაც, სერიოზულად შეაფერხებენ ოპერაციის წარმატებით განხორციელებას.” [სტილი დაცულია]

თავად ანტიკრიმინალური ოპერაცია, ჯერჯერობით, ზედმეტი გართულებების გარეშე მიმდინარეობს. ოპერაციის დაწყებიდან დღემდე სამართალდამცავებმა ათამდე ძებნილი დააკავეს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხეობაში, ამჟამად, 160-მდე ძებნილი აფარებს თავს. ამ ინფორმაციის გავრცელებას დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ავთანდილ იოსელიანმაც შეუწყო ხელი, ოღონდ იგი ლაპარაკობდა არა ძებნილებზე, არამედ შეიარაღებულ მებრძოლებზე: [ავთანდილ იოსელიანის ხმა] “თუ არიან ეს “ბოევიკები”, ეგრეთ წოდებული, რაღაც 120-160 კაცის ეშინიათ ამათ? მერე, რატომ უნდა მოხდეს ოპერაცია საქართველოს ტერიტორიეზე? მე არ მესმის ეს, იცით? თუ ისინი არიან მაგათი მოქალაქეები და არიან მათი მოქალაქეები, ხომ? თუ ისინი აპირებენ თავის ქვეყანაში დაბრუნებას და მათი უმეტესობა უკვე დაბრუნდა – ლარსის საგუშაგოს გავლით დაბრუნდნენ, დაღესტნიდან გადავიდნენ, შეიძლება სხვა ქვეყნებიდან გადავიდნენ, ზოგი ჩვენს სამხრეთ მეზობელ ქვეყნებში გადავიდა და იქიდან ჩაფრინდა… რაღა მაინც და მაინც აქ უნდა მოხდს ამათი განეიტრალება – ლიკვიდაციაო – ასე ადვილად რომ ამბობენ ამ სიტყვას. ასე არ არის. რატომ იმას არ ამბობს არავინ, ეს, ეგრეთ წოდებული “კორიდორი”, ვინ შეუქმნა იმ ხალხს იქ?” [სტილი დაცულია]

უშიშროების სამინისტრო, რომელმაც ყველაზე მეტი სამუშაო შეასრულა ხეობაში ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით, ამ ინფორმაციის დადასტურებაზე, ისევ ოპერატიული მოსაზრებებიდან გამომდინარე, უარს ამბობს: [ნიკა ლალიაშვილის ხმა] “არა, რეალური მონაცემი შეიძლება არსებობს, მაგრამ მე, სამწუხზაროდ, ვერ გავახმაურებ, იმიტომ, რომ ეს, ისევ და ისევ, ოპერატიული ინფორმაციაა.” [სტილი დაცულია]

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არ არის გამორიცხული, რომ ხეობაში მყოფ კრიმინალებს ჰყავდეთ დატყვევებული ბერი ბასილ მაჩიტაძე და ინგლისელი ბიზნესმენი პიტერ შოუ, რომელთა უვნებლად გათავისუფლებაც ანტიკრიმინალური ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. რაც შეეხება ადრე გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, თითქოს ხეობაში ნარკოტიკების დამამზადებელი ქარხანა მოქმედებს, უშიშროების სამინისტრო ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, ხეობაში მყოფ კრიმინალებს ჰყავდეთ დატყვევებული ბერი ბასილ მაჩიტაძე და ინგლისელი ბიზნესმენი პიტერ შოუ, რომელთა უვნებლად გათავისუფლებაც ანტიკრიმინალური ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. რაც შეეხება ადრე გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, თითქოს ხეობაში ნარკოტიკების დამამზადებელი ქარხანა მოქმედებს, უშიშროების სამინისტრო ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.


პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცავებმა ალყაში მოიქციეს ზოგიერთი კრიმინალური დაჯგუფება, თუმცა, უშიშროების სამინისტრო ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს: [ნიკა ლალიაშვილის ხმა] “ამ დაჯგუფებების ადგილსამყოფელი და მათი სავარაუდო მარშრუტები ჩვენთვის ოპერატიული ინფორმაციის დონეზე ცნობილია.” [სტილი დაცულია]

პანკისის ხეობის ჩაკეტვას წინ ამ ხეობაში უცხოელი დიპოლმატებისა და ჟურნალისტების გასეირნება უძღოდა. პანკისიდან დაბრუნებული რუსი ჟურნალისტები გაზეთ “24 საათის რედაქციაში” დაპატიჟეს, სადაც ისინი თავიანთ გაოცებას ვერ მალავდნენ. მაგალითად, გაზეთ “ახალი იზვესტიას” მთავარი რედაქტორის მოადგილემ, სერგეი აგაფონოვმა განაცხადა: “ჩვენ და სხვა რუსი ჟურნალისტებიც, მათ შორის, “რტრ”-იდან და “ორტ”-დან, ორმა რამემ გაგვაოგნა. პირველი: გავიარეთ მთელი ხეობა და ერთმანეთს ვეკითხებოდით – “ნუთუ ეს არის მთელი პანკისი?”; და მეორე: გზადაგზა რუსეთში შექმნილ სიტუაციასთან ვავლებდით პარალელებს – ჩეჩნეთში ნამდვილად ვერ ჩაიყვან დიპლომატიურ კორპუსს… რუსეთში წლიდან წლამდე, განსაკუთრებით კი თებერვლიდან დაწყებული, პანკისს გვიხატავდნენ, როგორც შავ ხვრელს, რომელიც თავისი განსაკუთრებული რეჟიმით ცხოვრობს, სადაც ვერავინ ყოფს ცხვირს და ასე შემდეგ. შოუს სახალისო ელემენტები ამ სეირნობაში ნამდვილად იყო, მაგრამ კარგია, რომ თავად დავრწმუნდით – ჩეჩნეთში არსებულ სიტუაციაზე პანკისს არ შეუძლია გავლენის მოხდენა, და თუ ეს გავლენა მაინც არსებობს, იგი მიზერულია.”

აგაფონოვის პოზიცია მკვეთრად განსხვავდება იმ შეფასებისგან, რასაც რუსეთის ხელისუფლება და რუსული მასმედიის დიდი ნაწილი აძლევს პანკისში მიმდინარე მოვლენებს – თითქოს ანტიკრიმინალური ოპერაცია ძალიან პასიურად მიმდინარეობს, ვითარება კი ხეობაში მხოლოდ კოსმეტიკურად იცვლება და არა არსებითად. ნიკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ ბრალდება აბსურდულია, ხოლო თავად რუსეთის გამოცდილება ნათლად გვიჩვენებს, რომ საქართველომ არ უნდა გაიმეოროს ის შეცდომები, რაც რუსეთმა დაუშვა ჩეჩნეთში: [ნიკა ლალიაშვილის ხმა] “ამის შესახებ შეიძლება ერთი რამ ითქვას: მაშინ, როდესაც რუსეთი თავისი უზარმაზარი შესაძლებლობებით, ცოცხალი ძალით ამდენი წლის განმავლობაში ვერ ახერხებს გადაწყვიტოს, ვთქვათ, არღუნის ხეობის პრობლემა, ჩვენ გვადანაშაულებს იმაში, რომ ჩვენ ვერ ვწყვეტთ პანკისის ხეობის პრობლემას. და ეს, რდილად რომ ვთქვათ, სასაცილო ბრალდებაა, რადგან ყველამ მშვენივრად იცის, რომ როდესაც ჩეჩნები პირველად მოხვდნენ საქართველოში, მათ გადმოკვეთეს რუსეთის საზღვარი და ისიც ცნობილია, რომ ჩეჩნები ამბობდნენ – ჩვენ, უბრალოდ, ვყიდულობთ საზღვარსო. ანუ ისინი, უბრალოდ, ქრთამავდნენ მესაზღვრეებს და მესაზღვრეები მათ უხსნიდნენ საზღვარს, რომ ისინი გადმოსულიყვნენ საქართველოში. ჩვენ რუსეთს ყოველთვის მივმართავდით – მოაგვარეთ ჩეჩნეთის პრობლემა და პანკისის საკითხი იქნება ამოწურული. როდესაც რუსები ამბობენ, თქვენი ოპერაციები ატარებენ სიმბოლურ ხასიათს და, ჯერჯერობით, შედეგები არ არისო, ამაზე შეიძლება ერთი პასუხი გავცეთ: ჩვენ გვაქვს ძალიან სამწუხარო გამოცდილება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, როდესაც უზარმაზარი ძალით, თვითმფრინავებით, დაბომბვით, ამდენი სისხლისღვრით, მსხვერპლით და გვამებით, მაინც ვერ შეძლეს 10 წლის განმავლობაში საკითხის გადაწყვეტა და დარეგულირება. ჩვენ ამ გზას არ ავირჩევთ. ეს იქნება სერიოზული მოსამზადებელი ოპერატიული სამუშაოები და იქნება წერტილოვანი დარტყმები ამ კრიმინალურ დაჯგუფებზე. ჩვენ არა გვაქვს არც იმის საშუალება, არც იმდენი ცოცხალი ძალა, რომ შევაწყვიტოთ ჩვენი ბიჭები და შედეგი ვერ მივიღოთ, როგორც ვერანაირი შედეგი ვერ მიიღო რუსეთმა.” [სტილი დაცულია]

უშიშროების სამინისტრო აცხადებს, რომ პანკისის ხეობიდან ბოევიკების გასვლა იმ აგენტურული თუ სხვა სახის მუშაობის შედეგია, რაც სამინისტრომ ჩაატარა ამ ხეობაში. ამასთან, უშიშროების მინისტრის თქმით, ქართულ სპეცსამსახურებს აქვთ ინფორმაცია, თუ საით შეიძლება გადაინაცვლონ იმ შეიარაღებულმა ჯუგფებმა, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩნენ ხეობაში და არ დაუშვებენ, რომ ისინი სხვა რომელიმე ხეობაში განლაგდნენ.
XS
SM
MD
LG