Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციები აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში და ქართველი პარტიზანების ქმედებები


რუსეთთან გართულებული ურთიერთობის პარალელურად დაძაბული ვითარებაა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაშიც. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დაპირისპირებაა თავად აფხაზეთიდან დევნილ

პოლიტიკურ ორგანიზაციათა შორის და კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესებს საქართველოს ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას უთმობს, სავარაუდოა, რომ იქ მიმდინარე საპროტესტო აქციებისა თუ პარტიზანული მოძრაობის სტიქიურობამ შეიძლება მოვლენების უმართავად განვითარების საფრთხე რეალობად აქციოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აფხაზური მხარე სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია.

3 აგვისტოს გალის რაიონიდან ზუგდიდში გადმოასვენეს 3 პარტიზანი, როლებიც 31 აგვისტოს აფხაზ სეპარატისტთა მილიციასთან შეიარაღებული შეტაკებისას დაიღუპნენ. ამ შეტაკების დეტალებს ორივე მხარე სხვადასხვაგვარად აღწერს. ქართველთა მონაცემებით პარტიზანი ბელქანია აფხაზურმა მილიციამ დატყვევების შემდეგ დახვრიტა. მანამდე შეიარაღებული დაპირისპირებისას დაიღუპა 2 პარტიზანი, რომელთა გვამები არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად ქართული მხარის მიერ დატყვევებულ აფხაზში გაიცვალა. აფხაზები ამტკიცებენ, რომ სამივე პარტიზანი შეტაკებისას დაიღუპა.

ვერ მოხერხდა იმის გარკვევა თუ რა მისიას ასრულებდნენ ალყაში მოქცეული პარტიზანები, ან რომელ დაჯგუფებას ეკუთვნოდნენ, ანუ ვინ იღებს პასუხისმგებლობას მომხდარ ინციდენტზე. სანდო ინფორმაციის თანახმად დაღუპული ქართველი მეომრები ზურაბ სამუშიას დაჯგუფებას ეკუთვნოდნენ, თუმცა მისმა პრესმდივანმა მდგომარეობის შემდგომი გართულების მომიზეზებით უარი თქვა ჩემს შეკითხვებზე პასუხი გაეცა. პარტიზანული დაჯგუფება ტყის ძმების ლიდერმა დავით შენგელიამ კი განაცხადა, რომ დაღუპულები მის ორგანიზაციას არ მიეკუთვნებოდნენ. შესაბამისად ვერც ვერაფერი განაცხადა პარტიზანების მისიის შესახებ.

ეს ყველაფერი ემთხვევა იმ მორატორიუმის ვადის ამოწურვას, რომელიც აფხაზეთიდან დევნილმა ხელისუფლებამ გამოაცხადა და მასზე პარტიზანული მოძრაობაც დაიყოლია. ახლა დავით შენგელიას დაჯგუფება ენგურის ხიდთან მიმდინარე საპროტესტო აქციას აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს და მათთან ერთად აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტ შევარდნაძის წარმომადგენლის პოსტიდან ასლან აბაშიძის გადადგომას მოითხოვს.

მათ საპირისპიროდ ლეგიტიმური ხელისუფლების გაუქმების მოთხოვნით გამოდის აბაშიძის აღორძინების პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანებული აფხაზეთის წარმომადგენლები და დევნილთა ერთი ნაწილი. დევნილ ხელისუფლებას არც ენგურის ხიდთან მიმდინარე აქიის მონაწილენი წყალობენ. მათ აფხაზეთიდან დევნილი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ლონდერ ცაავა შეხვდა. აქციის მონაწილეებმა თუ რა მოთხოვნები დააყენეს ლონდერ ცაავამ ჩემთან საუბარისას ჩამოთვალა:

[ცაავას ხმა] „სამშვიდობო ძალების გაყვანა, საერთოდ კონფლიქტის მოგვარების საკითხში უფრო ქართული მხარის მიერ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, იმიტომ რომ უკმაყოფილო არიან ხელისუფლების ყველა შტოთი. კონკრეტული მოთხოვნაა საქართველოს კონსტიტუციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის ჩაწერის საკითხი და ზოგიერთი სოციალურ-ეკონომიკური საკითხი.“

ამ საკითხების გადაწყვეტაში საპროტესტო აქციის ორგანიზატორები აფხაზეთის წარმომადგენელთა აქტიურობას თუ როგორი კატეგორიულობით მოითხოვენ ლონდერ ცაავასთან შეხვედრისას აქციის ერთიერთი ორგანიზატორის განცხადებიდანაც ნათლად ჩანს:

[აქციის მონაწილის ხმა] „10 წელიწადი რაც არაფერი გიკეთებიათ იმას დღეს და ხვალ ვერც თქვენ გააკეთებთ, ვერც ნადარეიშვილი და ვერც თქვენი მინისტრები ვერცერთი. თუ არ დაინიშნება ეს ხალხი ვინც ჩვენ მოვითხოვეთ თამაზიც მიგყვებათ და გადადგებით თავიდან ბოლომდე ყველა. ამას მივაღწევთ და ეს არ გაგვაკეთებინოთ!“

ეს და სხვა მუქარანარევი განცხადებები ცხადყოფს, რომ აფხაზეთის დევნილი ხელისუფლება დევნილთა ლიდერებში იმ ავტორიტეტით აღარ სარგებლობს, რომელიც მას ადრე საშუალებას აძლევდა დევნილები ან მორატორიუმზე დაეთანხმებია, ან კიდევ პარტიზანული მოძრაობისთვის გარკვეული მიმართულება მიეცა. ამას კვლავ თუ რამდენად შეძლებს დევნილი ხელისუფლება 5 სექტემბრისთვის ენგურის ხიდთან დაგეგმილი დიდი საპროტესტო მიტინგის შემდეგ გახდება ნათელი.
XS
SM
MD
LG