Accessibility links

logo-print

იცავს თუ არა კანონი მოტყუებულ ტურისტებს?!


მოტყუებული ტურისტები ძირითადად მხოლოდ საკუთარი თავის იმედად რჩებიან, რადგანაც მართლმსაჯულება მათ ბევრი ვერაფრით ეხმარება. ეს კი იმიტომ ხდება,

რომ საქართველოში ასე მომრავლებული ტურისტული სააგენტოები თავიანთ კლიენტებთან, როგორც წესი, ოფიციალურ ხელშეკრულებას არ აფორმებენ და ამით მათ სამართლებრივი თავდაცვის შანსს არ უტოვებენ.

სამწუხარო რეალობა მოწმობს, რომ ტურისტული ფირმები საქართველოში თავიანთ კლიენტებს სხვადასხვაგვარად ატყუებენ. უკეთეს შემთხვევაში: მათ ხან სასტუმროს ნომერში შეპირებულ აბაზანას არ ახვედრებენ და ხანაც – ისეთ სასტუმროში აბინავებენ, რომელსაც სარეკლამო ბუკლეტში წინასწარ ნანახთან და მოწონებულთან არაფერი აქვს საერთო. ამგვარმა ისტორიებმა შვებულება-არდედეგები, როგორც ჩანს, წელსაც ბევრ ტურისტს ჩაუმწარა, მაგრამ შექმნილ ქაოტურ სიტუაციაში მტყუან-მართალი ძალიან ძნელი გასარჩევია.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამჟამად არ არსებობს ოფიციალური და ზუსტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენი ტურისტული სააგენტო მოღვაწეობს ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტი მხოლოდ ვარაუდობს, რომ მათი რიცხვი დაახლოებით 200-ს უნდა შეადგენდეს, საიდანაც 70-პროცენტიანი წილი, ასევე სავარაუდოდ, თბილისზე უნდა მოდიოდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი სიზუსტე ხსენებულ დეპარტამენტს 1998 წლამდე, ანუ მანამდე მოეთხოვებოდა, ვიდრე ის ტურისტულ სააგენტოებზე ლიცენზიებს გასცემდა და პროცესსაც ერთგვარად აკონტროლებდა. 1998 წლიდან კი ვითარება შეიცვალა და, იმ ხნიდან მოყოლებული, ტურისტული ბიუროების არსებობამ უფრო თავისუფალ საბაზრო სივრცეში გადაინაცვლა. აქვე მოგახსენებთ, რომ ამ საქმიანობას საქართველოში მეწარმეთა შესახებ კანონი არეგულირებს.

აღწერილი ცვლილებების მიუხედავად, ტურისტთა უფლებების დაცვის მექანიზმი არ დახვეწილა და ამ ღიად დარჩენილ ნიშაში, როგორც უკვე მოგახსენეთ, არაერთი უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. ამგვარ უსიამოვნებათა თავიდან ასაშორებლად საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური და ტურიზმის დეპარტამენტი აგვისტოში ტელევიზიით ავრცელებდნენ სპეციალურ განცხადებას, ტურისტულ სააგენტოთა კლიენტებს მოტყუების საფრთხეს ახსენებდნენ და მეტ სიფრთხილეს ურჩევდნენ. თუმცა ორკვირიან ტელე-გაფრთხილებას ვითარების რადიკალურ გაუმჯობესებაზე პრეტენზია ნამდვილად არ ჰქონია და ვერც ექნებოდა. სამაგიეროდ, სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ რადიკალურ სასიკეთო ცვლილებებს აუცილებლად მოიტანს მომავალი ნორმატიული აქტი, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციით მუშავდება. ხსენებული დოკუმენტის პროექტი, რომელზეც ამჟამად ანტიმონოპოლიური სამსახური და ტურიზმის სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს, ტურისტულ სააგენტოებს თავიანთ კლიენტებთან ხელშეკრულების გაფორმებას ავალდებულებს, რამაც პასუხისმგებლობის გაზრდის გზით, წესით, მომხმარებელთა მოტყუების რისკი უნდა შეამციროს. მაგრამ ვიდრე ეს სავალდებულო მექანიზმი ამუშავდება, ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის არმაზ თავაძის რჩევით, დაიზღვიეთ თავი და, საითაც არ უნდა მიემგზავრებოდეთ, ტურისტულ ბიუროებს ხელშეკრულების გაფორმება აუცილებლად მოსთხოვეთ. რომ იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
XS
SM
MD
LG