Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ უქმნის პრობლემებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, რომელიც, საარჩევნო დარღვევებს სწავლობს


პარლამენეტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის ზაქარია ქუცნაშვილის ვარაუდი გამართლდა, საარჩევნო დარღვევების შესწავლის პროცესი პირველ სერიოზულ ბარიერებს აწყდება.

პარლამენტის რამდენიმე წევრმა მოითხოვა კომისიამ შეწყვიტოს საჩივრების მიღება და აქამდე, მიღებულ საჩივრებზე რეაგირებით შემოიფარგლოს. ჩანს, ადგილობრივ არჩევნებზე დაშვებული დარღვევების დამალვით პარლამენტშიც არიან დაინტერესებულნი. რაზე მეტყველებს ეს დაინტერესება და საგამოძიებო კომისიის ხელთ არსებული მასალა ეკა წამალაშვილის მასალიდან შეიტყობთ.

ჩვენი მსმენლისთვის ცნობილია, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 2 აივნისის ადგილობრივ არჩევნების დარღვევების გამოვლენაზე მუშაობა ქუთაისის
10 უბნის საარჩევნო დოკუმენტაციის შესწავლით დაიწყო და კონკრეტული დამნაშავეების მიკვლევის მიზნით, ახსნა-განმარტებები ქუთაისის საკრებულოს წევრებსა და საარჩევნო კომისიების წევრებს ჩამოართვა. გამოიკვეთა სურათი, რომ ქუთაისში ჩატარებული არჩევნები იყო კორუფციული, ამ სიტყვის პირადპირი და ყოვლისმომცველი გაგებით. რომ ხმების დათვლის პირველ ღამეს იქ ერთი ხმა 1 ლარად ფასობდა, მეორე ღამეს – ორ, მესამე – ღამე კი 3 ლარად. ქუთაისში მოსახლეობის ხმებით ივაჭრა ყველა, ვისაც, ფულის გადახდა შეეძლო. პარლამენტის საგამოძიებო კომისია მოქმედების მხრივ შეზღუდულია. მას გამოძიებისთვის საჭირო უფლებამოსილებები არ გააჩნია და ზემოთხსენებულის დამტკიცება უძნელდება. ამის მიუხედავად, რამდენიმე კონკრეტული დამნაშავის გამოკვეთა, მაინც, მოხერხდა. მათ შესახებ ინფორმაცია გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნება და კიდევ, საგამოძიებო კომისია, ყოველგვარი სახელმწიფო დაფინანსების გარეშე აპირებს ქუთაისში ჩატარებული არჩევნების სრული სურათის გამოკვეთას და დარჩენილი 90 უბნის დოკუმენტაციის შემოწმებას.

შედარებისთვის: თუ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების ხელახლა შემოწმებისთვის ბიუჯეტიდან 80000 ლარი მოითხოვა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციის “სამართლიანის არჩევნებისა” და “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” თანადგომით ქუთაისის დანარჩენი 90 უბნის შესწავლას ენთუზიაზმის ხარჯზე იწყებენ. აქვე განვმარტავ, რომ ქუთაისის საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველს 197 კანდიდატიდან 15 კანდიდატი უნდა შემოეხაზა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქუთაისის ერთი უბნის ხმების ხელახლა დათვლა იმდენსავე დროსა და შრომას მოითხოევს, რასაც, თბილისის 15 უბნის შედეგების შემოწმება ითხოვს. პარალმენტის საგამოძიებო კომისია მზად გააგრძელოს ეს შრომატევადი საქმე და ადგილობრივ არჩევნებზე საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებში დაშვებული დარღვევებიც გამოავლინოს, მაგრამ, პარლამენტის რამდენიმე წევრმა უკვე აღიმაღლა ხმა ამ დარღვევების უკან მდგომი პირების დასაცავად. კომისიის თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი, შემდგომ, წინააღმდეგობასაც მათგან ელის.

[ზაქარია ქუცნაშვილის] “ზეწოლა მოსალოდნელია პარლამენტარებისგან, იმ ადამიანებისგან, რომლებიც ითხოვენ ახალი საჩივრები განხილულიც არ იქნას. ამ მოთხოვნით გამოვიდნენ ქალბატონი ხათუნა ხოფერია, ბატონი რომან კუსიანი, ბატონი ვალერი გელბახიანი და სხვები.”

საგამოძიებო კომისიაში შესულია საჩივრები ფოთიდან და მარნეულიდან და როგორც ჩანს, ხსენებული ქალბატონები და ბატონები დაინტერესებულნი არიან არ მოხდეს ამ და სხვა საჩივრებზე რეაგირება. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტართა ნაწილი გაყალბებული არჩევნებით არჩეულ საკრებულოებს უმაგრებს ზურგს. ასეა თუ ისე, საგამოძიებო კომისია უკან არ იხევს და საარჩევნო კანონში ცვლილების შეტანას მოითხოვს, რათა, ჰქონდეს უფლება სასამართლოს ამა თუ იმ ქალაქის თუ რაიონის შედეგების გაუქმების მოთხოვნით მიმართოს.
XS
SM
MD
LG