Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავა “იტერას” სასარგებლოდ. ედუარდ შევარდნაძე “იტერასთან” ხელშეკრულების გაფორმებას მოკლე ვადაში ითხოვს


სააქციო საზოგადოება “თბილგაზის” ბაზაზე ერთობლივი საწარმოს შექმნისთვის ედუარდ შევარდნაძე საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანია “იტერასთან” მოლაპარაკების დაჩქარებას ითხოვს.

“იტერასთან” შესათანხმებელი ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებისთვის მთავრობის წევრებს და, პირველ რიგში, ენერგეტიკის მინისტრს მან ვადად რამდენიმე დღე მისცა. საქართველოს მთავრობა სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის ემზადება.

სადავო საკითხის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ედუარდ შევარდნაძე კისრულობს. “თბილგაზის” ბაზაზე შესაქმენლი ერთობლივი საწარმოს საკონტროლო პაკეტი საერთაშორისო ენერგეტიკულმა კომპანია “იტერამ” უნდა მიიღოს. 4 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე ედუარდ შევარდნაძემ ამ თემაზე კამათის შეწყვეტა და რუსულ კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების მოკლე ვადაში მომზადება მოითხოვა. მოთხოვნა მკაცრი და კატეგორიული იყო, მოთხოვნის არგუმენტი კი - ტრადიციული.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ მე გთხოვთ, ვინც ჩაბმულნი ხართ ამ საქმეში, ამ დღეებში დაასრულეთ საუბარი ამ თემაზე. ვინც რა უნდა, ის თქვას. ვინც რაში უნდა, დაგვდოს ბრალი. მე პირველ რიგში ვაწერ ხელს, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს.”

პრეზიდენტის მოთხოვნის შესაბამისად, “თბილგაზის” ბაზაზე ერთობლივი საწარმოს შექმნის ძირითადი პრინციპები, ანუ პროექტი, რომლის მიხედვითაც “იტერასთან” საბოლოო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, უმოკლეს ვადაში მომზადდება. ამის შესახებ განმარტება მოგვცა მთავრობის სხდომიდან გამოსულმა ენერგეტიკის მინისტრმაც.
მირცხულავას მტკიცებით, “იტერასთან” მოლაპარაკებისას საქართველოს ინტერესები დაცული იქნება. ანუ ხელშეკრულებაში ჩაიდება პირობა იმისა, რომ გაზის მოწოდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გარანტირებული იქნება. და კიდევ, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, არჩევანის “იტერაზე” შეჩერება განპირობებულია იმითაც, რომ სტრატეგიული რესურსის მოწოდების პროცესი არ იყოს დაკავშირებული პოლიტიკასთან.

[დავით მირცხუილავას ხმა] “იტერა” სწორედ იმიტომ არის შერჩეული, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული პოლიტიკაზე. “იტერა” არის დამოუკიდებელი მომპოვებელი რუსეთსა და ყაზახეთში და მას თურქმენეთიდან აქვს ექსკლუზიური ყფლება გაზის მოწოდების. საკითხი უნდა განვიხილოთ ასე: გვინდა გაზი საქართველოში თუ არ გვინდა.”

მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ამ შეკითხვის მნიშვნელობის მიხედვით იღებს. ის აღიარებს, რომ ჩიხურ ვითარებაშია და, “იტერას” გარდა, სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს. მოკლედ, მთავრობა გათვლას მოკლევადიან ეფექტზე ახდენს. მისი ოპონენტები კი მომავლისკენ იყურებიან და წაგებას შიშობენ. საქმე ის გახლავთ, რომ “იტერა” “თბილგაზში” არ აპირებს საწესდებო კაპიტალით შემოსვლას, არ აპირებს ინვესტიციის შემოტანას. აყენებს კრედიტით მუშაობის პირობას, რომლის გარანტადაც სახელმწიფო უნდა გამოვიდეს. ცნობისათვის: საქართველოს გაზგამანაწილებელი სისტემის მწყობრში მოყვანისთვის 160 მილიონი დოლარი მაინც არის საჭირო. და კიდევ, “იტერა” “თბილგაზში” მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების ჩადების წინადადებას აყენებს. ეკონომიკური ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთ პირობებში სისტემას მოგებაზე გასვლა გაუჭირდება. მათი აზრით, არ არის გამორიცხული, მოკლე ხანში, გასაფორმებელი ხელშეკრულების შედეგად, ახალი სახელმწიფო ვალები და სახელმწიფო ქონების დაყადაღება მივიღოთ. ასეა თუ ისე, მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტი იღებს და ცალკეული ანალიტიკოსები ამაში ერთ დადებით პირობას ხედავენ. არსებობს მოსაზრება, რომ რუსული “იტერას” არსებობა ჩვენს ქვეყანაში რუსეთის გარკვეულ წრეებს საქართველოში სტაბილურობით დააინტერესებს.
XS
SM
MD
LG