Accessibility links

დიალოგი ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობის თემაზე


პოლიტოლოგთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, პოლიტიკური დესტაბილიზაციის ტალღის შემოდგომასა და გაზაფხულზე აგორების ტენდენცია ძალზე მარტივად უკავშირდება წელიწადის დროების ცვალებადობას და,

შესაბამისად, ამინდის კაპრიზებს. სხვა სიტყვებით, შემოდგომა და გაზაფხული, ჰაერის ტემპერატურის მიხედვით, ხალხის აქტიურობისათვის სადაგი დროა. ამ არცთუ გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ცხელი ზაფხულის სამივე თვე პერმანენტულ, ყოველდღიურ აქციებში, პარლამენტის შენობის კიბეებზე გალია ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭოს დეპუტატთა და მხარდამჭერთა ერთმა ნაწილმა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ამ ყოველდღიური მიტინგებით მიზანს მიაღწია: უახლოეს ორ დღეში უზენაესი საბჭოსა და დღევანდელი პარლამენტის საგანგებო ჯგუფები ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობის თემაზე დიალოგს იწყებენ.

საქართველოს პარლამენტში, ბიუროს დავალების თანახმად, ამ დროისათვის თითქმის დამთავრებულია უზენაესი საბჭოს დელეგაციასთან მომლაპარაკებელი საგანგებო ჯგუფის დაკომპლექტება. ჯერჯერობით საპარლამენტო ჯგუფის ფორმალურ ხელმძღვანელზე მხოლოდ მინიშნება კეთდება, მაშინ, როცა მეორე მხარის ფაქტობრივი და იდეური ლიდერის ვინაობა ეჭვს, ცხადია, არ იწვევს: იგი ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე- გამსახურდიაა, რომელიც, ეგრეთ წოდებული კანონიერი ხელისუფლების ფარგლებში განსაზღვრული ტიტულოვანი თანამდებობით, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს წარმოადგენს. მართალია, პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები იმედოვნებენ, რომ დიალოგი ორი ქალბატონის, მანანა არჩვაძისა და ნინო ბურჯანაძის, ხელმძღვანელობით წარიმართება, მაგრამ, სავარაუდოდ, საპარლამენტო ჯგუფს “თანხმობის” საპარლამენტო კომისიის ექსთავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე ჩაუდგება.
[ვასილ მაღლაფერიძის ხმა]“თავისთავად განწყობა მომიტინგეებისა და მათი ხელმძღვანელებისა, მე არ ვიტყოდი, რომ არის არაკონსტრუქციული. ისინი ამბობენ საუბარში, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უნდა დამთავრდეს - დროა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - საუბარი “ლეგიტიმური ხელისუფლება,” “არალეგიტიმური ხელისუფლება”, “დეფაქტო” და ეს უნდა მოხდეს შერწყმა და საქართველოში უნდა იყოს ერთი რამ ხელისუფლება. ამას ამბობენ და ეს იდეა უდავოდ მისასალმებელია”.[სტილი დაცულია]
ლეგიტიმური ხელისუფლების შესახებ დიალოგი არსებულ ხელისუფლებათა სამართალმემკვიდრეობის სადავო საკითხის ირგვლივ უნდა წარიმართოს და, შესაბამისად, საუბარი მწვავე იქნება. ამას ადასტურებს ის რადიკალური პროექტი, რომლითაც უზენაესი საბჭოს დეპუტაცია იხელმძღვანელებს. ანუ რას ნიშნავს სამართალმემკვიდრე არჩევნები?
[ბიმურზა აფრასიძის ხმა.“სამართალმემკვიდრე არჩევნებში იგულისხმება ის, რომ არჩევნებს დანიშნავს კანონიერი ხელისუფლება, უზენაესი საბჭო. შემდეგ პარიტეტის საწყისებზე შეიქმნება, როგორც 90 წელს შეიქმნა ასე, საარჩევნო კომისია. რა თქმა უნდა, უზენაესი საბჭოს მიერ იქნება ეს ყველაფერი ლეგიტიმაციამიცემული - ყველა პოლიტიკური ძალა მიიღებს თანასწორუფლებიან მონაწილეობას ამ არჩევნებში. როგორც 90 წელს, 28 ოქტომბერს, ჩატარდა სამართლიანი არჩევნები, ჩვენი კანონიერი ხელისუფლების მიერ იქნება დანიშნული, თავისთავად ცხადია, და გამთლიანდება საქართველო და მოქალაქეებს ეყოლებათ თავისი არჩეული ეროვნული ხელისუფლება.”[სტილი დაცულია]
ეგრეთ წოდებული კანონიერი და ფაქტობრივი ხელისუფლების დიალოგი ორ დღეში დაიწყება. დიალოგის დაწყებისთანავე, მოლაპარაკებების თანახმად, პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია შეწყდება. ხელისუფლებათა დიალოგის ამგვარი ფორმა სამოქალაქო დაპირისპირებაში მყოფ ადამიანთა შერიგების პროცესის ახალ ფაზაში გადასვლადაც შეიძლება შეფასდეს, თუმცა ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, რა შედეგებით დასრულდება დიალოგი. ფაქტია, რომ ეგრეთ წოდებული ფაქტობრივი ხელისუფლება ძნელად, მაგრამ მაინც მიდის კომპრომისებზე. ამ კონტექსტში განიხილება გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს უკანასკნელი გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ირაკლი დოკვაძის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე. დოკვაძეს სასჯელის სამი მეოთხედი მოხდილი ჰქონდა და, ამდენად, მისი გათავისუფლება კანონიერიც კი იყო, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ხელისუფლების პოლიტიკური ნება აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG