Accessibility links

logo-print

იოჰანესბურგის “დედამიწის სამიტის” შედეგებს სხვადასხვაგვარად აფასებენ


სამხრეთი აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში დასრულდა მსოფლიო სამიტი სახელწოდებით “ადამიანები, პლანეტა, კეთილდღეობა”, რომლის მონაწილეები მსოფლიოს სტაბილური განვითარების გზებზე მსჯელობდნენ.

თითქმის ორი კვირის მანძილზე, ფორუმის ასობით დელეგატი ერთმანეთს უზიარებდა მოსაზრებებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაიძლიოს სიღატაკე და რა უნდა გაკეთდეს ჩვენი პლანეტის ეკოლოგიური სისტემის გადასარჩენად. მოხერხდა თუ არა სამიტიზე რაიმე რეალური პროგრამის შემუშავება? ქვემოთ სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ.

გარეგნული ატმოსფერო, რომელშიც “დედამიწის სამიტი” მიმდინარეობდა, მკვეთრად განსხვავდებოდა თემატიკისგან, რომლის გარშემოც ფორუმის მონაწილეები ცხარე დებატებს მართავდნენ. ფეშენებელური სასტუმროებითა და უძვირესი მაღაზიებით გარემოცულ “სენდტონ კონვენშნ სენტერში”, იოჰანესბურგის მდიდართა ქუჩაზე, მსჯელობდნენ მსოფლიოს მილიონობით ღატაკის პრობლემებზე, დედამიწის გაძარცვულსა და გაპარტახებულ ბუნებაზე...

სამიტის მონაწილეებმა სურათი მუქ ფერებში დახატეს. აი, რა თქვა, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა: [ჟაკ შირაკის ხმა] “საკუთარი სახლში ხანძარი გაგვჩენია, ჩვენ კი სხვაგან ვიყურებით. დასახიჩრებულსა და ექსპლუატირებულ ბუნებას აღარ შესწევს უნარი საკუთარი თავის რეგენერაციისა, ხოლო ჩვენ უარს ვაცხადებთ მის დახმარებაზე.”

იოჰანესბურგის სამიტის უპირველესი დანიშნულება, როგორც მისი ორგანიზატორები აცხადებდნენ, სწორედ დედამიწისა და მის ბინადართა დახმარება გახლდათ. კონფერენციას უნდა დაესახა პრაქტიკული გზები იმ გეგმებისა თუ პროექტების განხორციელებისთვის, რომლებსაც საფუძველი ამ ათი წლის წინათ, რიო დე ჟანეიროს სამიტზე ჩაეყარა.

ცხარე დებატებისა და არაერთი კომპრომისის შედეგად, როგორც იქნა, მოხერხდა სამოქმედო პროგრამის შემუშავება. ამ პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, 2015 წლისთვის მსოფლიოში განახევრდეს იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ სასმელ წყალსა და სანიტარულ კვანძებზე. თუ ეს მიზანი მიღწეულ იქნა, მაშინ საყოფაცხოვრებო პირობებს გაიუმჯობესებს დედამიწის ერთ მილიარდამდე მოსახლე.

ენერგეტიკის სფეროში გეგმა ითვალისწინებს ეგრეთ წოდებული “განახლებადი ენერგიის” წილის “მნიშვნელოვან გაზრდას”. კერძოდ, საუბარია მზისა და ქარის ენერგიის უფრო ეფექტიან გამოყენებაზე.

მნიშვნელოვან წარმატებად იქნა მიჩნეული რუსეთისა და კანადის განცხადება, რომ რატიფიკაციას გაუკეთებენ 1997 წლის კიოტოს ოქმს, რომლის მიზანია გლობალური დათბობის გამომწვევი ეგრეთ წოდებული “სათბურის გაზების” ემისიის მკვეთრი შემცირება. ჩინეთმა გამოაცხადა, რომ უკვე მოახდინა ამ დოკუმენტის რატიფიკაცია.

ყოველივე ამას დიდ წარმატებად აფასებს გაეროს პრესმდივანი სიუზენ მარკჰემი. აი, რა უთხრა მან რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტს ბრეფნი ო’რურკს: [სიუზენ მარკჰემის ხმა] “მივაღწიეთ თანხმობას მოლაპარაკებების საკითხში, აგრეთვე, საბოლოო დოკუმენტის თაობაზე. გავაფორმეთ 60-ზე მეტი პარტნიორული ხელშეკრულება, რომლებიც, მერწმუნეთ, უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ კონფერენციის დამსახურება სწორედ ამაშია: რომ მთავრობებმა, კომპანიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და გაერომ გააერთიანეს ძალისხმევა, რათა პრაქტიკულად განხორციელდეს იოჰანესბურგში დასახული გეგმები და ამით რეალურმა ადამიანებმა იხეირონ.”


სიუზენ მარკჰემის ამ ოპტიმიზმს ყველა როდი იზიარებს. იოჰანესბურგის სამიტის მუშაობით განსაკუთრებით უკმაყოფილო არიან გარემოს დამცველები. მათი აზრით, სულაც არ იყო საჭირო ასეთი დონის ფორუმის მოწვევა მხოლოდ იმისთვის, რათა მის მონაწილეებს ხელახლა მიეღოთ სხვადასხვა კონფერენციაზე არაერთგზის მიღებული გადაწყვეტილებები.

რომელი პოზიციაა სწორი? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ დროს ძალუძს. მხოლოდ ის გვეტყვის, შევა თუ არა იოჰანესბურგის სამიტი ისტორიაში, როგორც შემობრუნების წერტილი სიღატაკესთან ბრძოლისა და გარემოს დაცვის სფეროებში.
XS
SM
MD
LG