Accessibility links

რუმინეთი და საფრანგეთი გაერთიანებული ძალებით აპირებენ საერთო პრობლემად ქცეულ ”ტრეფიკინგთან” ბრძოლას


გადაცემაში ციკლიდან ”ქალი და მსოფლიო” ამჯერად რუმინეთს

მივაშურებთ და ტრეფიკინგის პრობლემაზე ვისაუბრებთ. დღევანდელ თემად ამ პრობლემის არჩევის მიზეზი გახდა რუმინეთისა და საფრანგეთის ოფიციალურ წარმომადგენელთა მიერ სამიოდე დღის წინ გაფორმებული შეთანხმებები, რომელთა შესაბამისად ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები თანამშრომლობას გააუმჯობესებენ ტრეფიკინგში მონაწილე კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობის აღსაკვეთად. ლაპარაკია დაჯგუფებებზე, რომელთა წევრები დასავლეთის ქვეყნებში ცრუ დაპირებებით, ხშირად არალეგალურად ჩაყვანილ იმიგრანტებს მონურ შრომას აიძულებენ.

გასული კვირის მიწურულს ბუქარესტში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ნიკოლა სარკოზის ვიზიტის მიზეზი გახდა აღმოჩენა, რომელსაც საფრანგეთის საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა: საქმე ის არის, რომ პარიზმა მიაკვლია ტრეფიკერების რამდენიმე ორგანიზაციას, რომლებიც რუმინეთში არიან დაფუძნებული და რომლებიც საფრანგეთში ჩაყვანილ, ხშირად არასრულწლოვან იმიგრანტ ქალებს მეძავობას, ხოლო ბავშვებსა და ხეიბრებს ქუჩებში მათხოვრობას აიძულებს.

ამ ცნობებით საფრანგეთის საზოგადოების აღშფოთებას თავის მხრივ რუმინეთში მოჰყვა გამოხმაურება: საინფორმაციო საშუალებებში გამოითქვა შეშფოთება, რომ ტრეფიკერების მოქმედების შესაზღუდად პარიზი შეეცდება, ისევ შემოიღოს სავიზო რეჟიმი რუმინეთთან – სხვათა შორის, ევროკავშირში გაწევრიანების ამჟამინდელი 12 კანდიდატიდან ბოლო ქვეყანასთან, რომელთანაც ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ სავიზო რეჟიმი გააუქმა. ეს სულ რამდენიმე თვის წინ, იანვარში მოხდა.

რუმინეთის საინფორმაციო საშუალებებში გამოთქმულ ვარაუდებს საფრანგეთის ოფიციალური წარმომადგენლების კომენტარი, მართალია, არ მოჰყოლია, მაგრამ ეჭვს არ იწვევს, რომ პარიზს საზოგადოებრივი აზრი აიძულებს, სასწრაფოდ მიიღოს ქმედითი ზომები.

ეს ქმედითი ზომები კი პარასკევს და შაბათს მომზადდა, როცა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნიკოლა სარკოზიმ ბუქარესტში თავის რუმინელ კოლეგა იოან რუსთან ერთად გააფორმა რამდენიმე შეთანხმება, მათ შორის ოქმი ორი ქვეყნის პოლიციის ჯარებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ და მემორანდუმი საფრანგეთის ტერიტორიაზე მყოფი რუმინელი მცირეწლოვანების მდგომარეობის შესახებ.

როგორც რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, კორნელ ალექსანდრუმ უთხრა ჩვენი რადიოს ბუქარესტელ კორესპონდენტს, ეუჯენ ტომიუკს, მემორანდუმი ითვალისწინებს საფრანგეთის ქალაქებში ამჟამად მყოფი, სავარაუდოდ, 2000 რუმინელი ბავშვის ვინაობის დადგენისა და მათი დაცვის ხელშეწყობას. ალექსანდრუს თქმით: [ალექსანდრუს ხმა] ”მხარეებმა გადაწყვიტეს, დაადგინონ საფრანგეთის ტერიტორიაზე მარტო მყოფი ბავშვების ვინაობა. ლაპარაკია ბავშვებზე, რომელთაც თან არ ახლავთ მშობლები, ან სხვა კანონიერი მეთვალყურე და რომლებსაც უფროსებისაგან ძალადობის ან კრიმინალიზაციის საფრთხე ემუქრებათ. გარდა ამისა, მხარეები მიიღებენ ზომებს ასეთი ბავშვების დაცვისა და რეპატრიაციის მიზნით. რუმინეთმა პირობა დადო, რომ ბავშვების დაცვას მათი რეპატრიაციის შემდეგაც არ შეწყვეტს.”

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, პროსტიტუციას და მათხოვრობას კრიმინალური დაჯგუფებებისათვის უზარმაზარი შემოსავალი მოაქვს: საფრანგეთის მასმედიაში გავრცელებული ცნობით, ერთ ბავშვს მათხოვრობით თვეში 800-მდე დოლარის შოვნა შეუძლია. წლიურად ტრეფიკერების მოგება მილიონობით დოლარს შეადგენს, რაც, ცხადია ძლიერი მოტივაციაა ბევრისათვის, ვისაც უმწეო ადამიანის, ბავშვის, ქალის თუ ხეიბრის მდგომარეობა თანაგრძნობის მაგივრად მის ხარჯზე გამდიდრების სურვილს უჩენს.

ამ მოტივაციისათვის საფუძვლის გამოსაცლელად ბუქარესტი მიიღებს ახალ კანონს, რომლის მიხედვით საფრანგეთში დანაშაულის ჩამდენს რუმინეთში კუთვნილი ქონების კონფისკაცია ემუქრება. დაგეგმილია აგრეთვე სფრანგეთის მიერ რუმინეთში ტრეფიკინგის მსხვერპლთა პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური ხელშეწყობა.

მაგრამ მთელ ამ კეთილშობილურ ძალისხმევას ერთი საჩოთირო მხარე აქვს: რუმინელი ტრეფიკერების დიდ ნაწილს ბოშები, ანუ, როგორც ისინი თავის თავს უწოდებენ, ”რომას” წარმომადგენლები შეადგენენ. ბოშების უფლებების დამცველები კი შიშობენ, რომ ტრეფიკერების დევნა კიდევ უფრო შელახავს რუმინეთში ამ ნახევარმილიონიანი ეთნიკური უმცირესობის იმიჯს.

აი, რა თქვა ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში ბოშების უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ”რომანი კრის” თავმჯდომარემ, კოსტელ ბერკუზმა: [ბერკუზის ხმა]
”ტრეფიკერები მხოლოდ ბოშები როდი არიან – კი ბოშები უფრო ჩანან, ეს მართალია, მაგრამ ისინი მარტო არ მოქმედებენ. ამის გამო საფრანგეთისა და რუმინეთის მთავრობები გავაფრთხილეთ, არ გააფორმონ დოკუმენტები ან ხელშეკრულებები, რომლებშიც ლაპარაკია მხოლოდ ბოშების ეთნიკურ უმცირესობაზე”.

ბერკუზი შედიოდა ბოშების წარმომადგენელთა დელეგაციაში, რომელსაც ბუქარესტში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცა და მას სთხოვა, იზრუნოს ტრეფიკინგის მსხვერპლი ბოშა ქალებისა და ბავშვების დაცვაზე. სხვათა შორის, საფრანგეთში რუმინეთიდან არალეგალურად ჩაყვანილი ბავშვების დიდი ნაწილი, მათ შორის მრავალი მცირეწლოვანი მეძავი - ბოშები არიან. როგორც ბერკუზი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ ამბობს: [ბერკუზის ხმა] ”ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ იმ გარემოებაზე, რომ ბოშა ქალები და ბავშვები, რომლებიც ყველაზე ხშირად ხდებიან ადამიანების ტრეფიკინგით დაკავებულთა მსხვერპლი, დაცვას საჭიროებენ. ისინი მსხვერპლად უნდა აღიაროს ორივე სახელმწიფომ. ამასობაში, საგანგებო ზომები უნდა მიიღონ ტრეფიკერების, აგრეთვე იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს ტრეფიკერების საქმიანობას – იქნება ეს მოხელე თუ მესაზღვრე.”

შეძლებს თუ არა მრავალმილიონიან ბიზნესად აღზევებული ტრეფიკინგის დასუსტებას საფრანგეთისა და რუმინეთის გაერთიანებული ძალისხმევა, ამას მომავალი აჩვენებს. მაგრამ, როგორც ბუქარესტიდან ჩვენი კორესპონდენტი ეუჯენ ტომიუკი იუწყება, ფრანგი ოფიციალური პირები უკვე კმაყოფილი ჩანდნენ: რუმინეთთან დადებულმა შეთანხმებებმა იმის იმედი მაინც ჩასახა, რომ საფრანგეთში რუმინეთიდან ჩასულ ბოროტმოქმედთა რიცხვი აღარ გაიზრდება.
XS
SM
MD
LG