Accessibility links

რუსეთმა საქართველოსგან კიდევ ერთხელ მოითხოვა ჩეჩენი მეომრების ექსტრადიცია


რუსეთიდან საქართველოში გამოგზავნილი ოფიციალური წერილებით თუ მაღალი რანგის ჩინოვნიკთა ვიზიტებისას დაყენებული მოთხოვნა ჩეჩენი მეომრების, პირველ რიგში კი,

საველე მეთაურის რუსლან გელაევის ექსტრადიციის შესახებ მოსკოვმა თბილისს ახლა უკვე რუსული პრესის საშუალებით მკაცრი ტონით შეახსენა. მოთხოვნათა გარდა, რუსულმა მხარემ სხვა დოკუმენტებიც წარმოადგინა, თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის ექსტრადიციის დაუყოვნებელი განხორციელებისთვის. არადა, ამას მოსკოვი საქართველოს პოლიტიკური დისკრედიტაციისთვის აქტიურად იყენებს.

31 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას არასდროს უთქვამს, რუსლან გელაევი უდანაშაულოაო, თუმცა კი აღნიშნა, გელაევის ტერორისტობის მამტკიცებელი დოკუმენტური ინფორმაცია არ გამაჩნიაო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ 4 სექტემბერს საგარეო უწყების ოფიციალური პოზიცია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ, სულ მცირე, გაუგებრობაა საქართველოს ხელმძღვანელის ედუარდ შევარდნაძის მიერ 31 აგვისტოს გაკეთებული ეს განცხადება.

იაკოვენკო იუწყება, რომ ჯერ კიდევ 2001 წლის ნოემბერში რუსეთმა საქართველოს, 1993 წლის 22 იანვარს ხელმოწერილი „სისხლის სამართლის, სამოქალაქო და საოჯახო საქმეებთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა კონვენციის“ შესაბამისად, გაუგზავნა მოთხოვნა გელაევის გადაცემის შესახებ. 2002 წლის 25 მარტს კი საქართველოს საელჩოს მოსკოვში გადაეცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა, რომელიც გელაევის დაკავებასა და რუსეთში ექსტრადიციას მოითხოვდა. ნოტაში დაწვრილებითაა აღწერილი რუსეთის ტერიტორიაზე გელაევის მიერ ჩადენილი დანაშაულებანი.

მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის განცხადებისა, საქართველოს გენერალური პროკურატურა არ უარყოფს რუსეთის პროკურატურიდან გელაევის დანაშაულებრივ ქმედებათა ამსახველი დოკუმენტაციის მიღების ფაქტს. თბილისში მასზე რეაგირებაც კი მოუხდენიათ და პროკურატურას უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისთვის გელაევის ადგილსამყოფლის დადგენა და დაკავება დაუვალებია. ცხადია, რომ ამ დავალების შესრულება არცთუ იოლი საქმეა და ისიც ცხადია, რომ დაკავებამდე ვინმეს ექსტრადიციაც შეუძლებელია. თავად რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები საკუთარ ტერიტორიაზე წლების მანძილზე ვერ ახერხებენ სხვა ჩეჩენი საველე მეთაურების შეპყრობას და, ერთი შეხედვით, გაუგებარია, თუ რატომ მოითხოვენ თბილისისგან ამის დაუყოვნებლივ გაკეთებას და, თან, ელემენტარული სამართლებრივი ნორმების დაუცველად. დავძენ, რომ მსგავსი გაუგებრობაა საქართველოს საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული 13 ჩეჩენი მეომრის ექსტრადიციის მოთხოვნაც.

ამის ახსნა ყოფილ დიპლომატს საერთაშორისო სამართლის ექსპერტს ლევან მატარაძეს ვთხოვე.

[მატარაძის ხმა] „აი, ეს იმპერიული მიდგომა შერჩათ. 10 წელიწადი გავიდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მაგრამ ვერ მოუნელებიათ ეს. ამიტომ არის, რომ უსტინოვი რომ ჩამობრძანდა ჩვენთან, ჩამოვიდა, პრაქტიკულად, ხელცარიელი. როგორ წარმოვიდგინოთ ჩვენ, რომ იურისტმა, ამ რანგისა და კვალიფიკაციისამ, არ იცის, რომ „ეს-ენ-გეს“ ფარგლებში არის სპეციალური ხელშეკრულება, რომელიც ეხება სწორედ ამ შემთხვევებს.“

საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის პაატა მსხილაძის განცხადებით, იმავე კონვენციის თანახმად, რომელსაც იაკოვენკო იხსენიებს, თბილისს სრული უფლება აქვს, დაკავებული 13 ჩეჩენი მებრძოლი საქართველოში გაასამართლოს და მათი ექსტრადიცია მხოლოდ ადგილზე სასჯელის მოხდის შემდეგ განახორციელოს. სააგენტო პრაიმ-ნიუსისათვის მიცემულ ინტერვიუში მსხილაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე ამას არ აპირებს და მოსკოვიდან მიღებული დოკუმენტების შესწავლისთანავე გადაწყვეტს 13 ჩეჩენის რუსი კოლეგებისათვის გადაცემის საკითხს. ასეთივე პოზიცია აქვს ქართულ მხარეს გელაევის რუსეთში ექსტრადიციის პრობლემასთან დაკავშირებითაც. თუმცა რუს პოლიტიკოსებს თბილისის პოლიტიკური დისკრედიტაციისათვის მიზეზი არასდროს დაელევათ, მითუმეტეს, ამჯერად ამის საბაბი მათ საქართველოს პრეზიდენტმა მისცა.
XS
SM
MD
LG