Accessibility links

logo-print

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის მესამე ფაზა იწყება


მიუხედავად იმისა, რომ პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაცია მხოლოდ ათი დღის დაწყებულია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პირველ ორ ეტაპს უკვე

წარმატებით დამთავრებულად მიიჩნევს და 4 სექტემბრიდან გახსნილად აცხადებს ოპერაციის მესამე ფაზას. ოთხშაბათსვე პანკისის ხეობაში გაემგზავრა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი, რომელმაც სოფელ დუისში გამსვლელი სხდომა გამართა და ოპერაციის მსვლელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, მესამე ფაზა ანტიკრიმინალურ ოპერაციაში გადამწყვეტი იქნება და იგი გატაცებული მძევლების გათავისუფლებით უნდა დასრულდეს.

კრიმინალურ ოაზისად მონათლულ პანკისის ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების ერთობლივი ანტიკრიმინალური ოპერაციის შედეგები, შეიძლება ითქვას, საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. ათი დღის განმავლობაში საბრძოლო დავალებით ხეობაში გადასროლილმა სპეცქვედანაყოფების მებრძოლებმა და საუკეთესო ოპერატიულმა მუშაკებმა სულ ექვსი ძებნილის დაკავება მოახერხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, დაკავებულთაგან ერთი არაბი ტერორისტია, დანარჩენი ხუთი კი ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლები არიან. მათ შორის ყველაზე საშიშ დამნაშავედ კი დასახელდა ომალოს მკვიდრი ხვიჩა ჩოფანაშვილი, რომელიც პანკისელი ნარკობარონის, აწგარდაცვლილი ვეფხვია მარგოშვილის დაჯგუფების აქტიური წევრი იყო და ჩადენილი დანაშაულობების გამო ქართველი სამართალდამცველების მიერ 1999 წლიდან იძებნებოდა.

უფრო სწორად, იძებნებოდა ფორმალურად, რადგან პანკისის ხეობის ნებისმიერი მცხოვრები დაგიდასტურებთ, რომ ვეფხვია ჩოფანაშვილიც და ბევრი სხვაც ამ ხნის განმავლობაში გაუსვლელად ხეობაში იმყოფებოდნენ და მათი მოუხელთებლობის მთელი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ქართველი სამართალდამცველები დაპატიმრების ორდერით მასთან მისვლას, უბრალოდ, თავს არიდებდნენ. ანდა რომელი ჭკუათმყოფელი პოლიციის მუშაკი მოისურვებდა იმ დამნაშავის შეპყრობას, რომელთანაც თბილისიდან ჩასული შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი თვეში რამდენჯერმე მართავდა მოლაპარაკებას.
ანტიკრიმინალური ოპერაციის მთავარი შედეგი სწორედ ისაა, რომ პოლიციის მუშაკებმა იგრძნეს, მათ ზურგს უკან რომ აღარ მოხდება კრიმინალებთან საეჭვო გარიგება, რამაც მათ მოქმედებას მეტი დამაჯერებლობა შესძინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, პანკისის ხეობაში, დაახლოებით, 50 ბანდიტი უნდა იმყოფებოდეს, რომელთა იზოლირება, ხოლო წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ლიკვიდირება, შემდგომშიც გაგრძელდება. მეტიც, შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ სპეცქვედანაყოფები და შინაგანი ჯარი მზად არიან დაიწყონ ოპერაციის მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა, რომელიც გატაცებული ბრიტანელი ბიზნესმენის პიტერ შოუსა და მართლმადიდებელი მღვდლის ბასილ მაჩიტაძის გათავისუფლებას ითვალისწინებს.

თუმცა, მძევალთა უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელების მიერ ოპერაციის გეგმის წინასწარი გამჟღავნება მიუტევებელ პროფესიულ შეცდომად ითვლება. ეს ელემენტარული მოთხოვნა, შეუძლებელია, არ იცოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ, რომელმაც ათი დღის წინ ლამის ანათემას გადასცა დამოუკიდებელი ტელეკომპანია "რუსთავი 2" იმ კადრების გამო, რომელზეც საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი მებრძოლების გადაადგილების სავარაუდო მარშრუტი იყო მითითებული. ჩანს, შინაგან საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია მძევალთა უსისხლო განთავისუფლებაში, ან პიტერ შოუ უკვე სამშვიდობოსაა და, უბრალოდ, მზადდება მორიგი შოუ საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი ანტიტერორისტული წარმატების წარმოსაჩენად.
XS
SM
MD
LG