Accessibility links

logo-print

საქართველოს 10 წელიწადში 4 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება აქვს მიღებული


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველო ერთ სულ მოსახლეზე საგარეო დახმარებების რაოდენობით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა გახლავთ მსოფლიოში. მართალია დახმარებების უდიდესი ნაწილი გასულ წლებზე მოდის,

თანხების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ მთლიანად არ არის ათვისებული, ხოლო იმ ნაწილის მიზნობრიობის მიმართ კი რომლის გამოყენებაც მოხერხდა საზოგადოებაში არც თუ საფუძველსმოკლებული ეჭვი არსებობს.

საქართველოს ეკონომიკისათვის უცხოურ კრედიტებსა და დახმარებებს დღემდე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, საგარეო დახმარებები განსაკუთრებით სასიცოცხლო დატვირთვას ატარებდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში, როდესაც საბჭოურ მეურნეობაში ინტეგრირებულ ეკონომიკაში დეინტეგრაციული პროცესები მაღალი ტემპით დაიწყო და ქვეყანას, ფაქტობრივად, არ გააჩნდა დამოუკიდებლად ფუნქციონირების არც გამოცდილება და არც მატერიალური რესურსი.

საქართველომ გარე სამყაროს დახმარებების მიღება 1992 წლიდან დაიწყო, თუმცა ამ დახმარებების უდიდესი ნაწილი 1994 წლის შემდეგ საგრძნობი გახლდა. ამ პერიოდიდან ქვეყანამ დაიწყო თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რაც ერთგვარი სიგნალი გახდა ფინანსური სამყაროსათვის, რომ ამ სახელმწიფოსაკენ კრედიტებისა და გრანტების ნაკადს მწვანე შუქი ანთებოდა.

საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასთან არსებულმა ეკონომიკური რეფორმების საინფორმაციო ცენტრმა ცოტა ხნის წინ გამოუშვა წიგნი “საერთაშორისო თანამშრომლობა და საქართველო. 1992-2002”, რომელშიც გამოქვეყნებულია ინფორმაცია აღნიშნულ პერიოდში კრედიტებისა და გრანტების სახით საქართველოს მიერ მიღებულ ფინანსურ დახმარებაზე.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ათი წლის მანძილზე საქართველოსათვის გამოყოფილია დაახლოებით 4 მლრდ დოლარი, თუმცა თანხების ნაწილი ჯერ არ არის ათვისებული, რადგან ზოგიერთი პროექტი რეალიზაციის სტადიაშია.ერთ სულ მოსახლეზე გამოყოფილი თანხების რაოდენობით საქართველო დღემდე ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო გახლავთ.

ყველაზე დიდი დახმარება მიღებულია აშშ-გან და იგი თითქმის 1,2 მლრდ დოლარს მოიცავს. აშშ-ს ფინანსური დახმარება 4 ძირითადი მიმართულებით განხორციელდა: ეკონომიკური გარდაქმნები, ენერგეტიკა, დემოკრატიისა და მართვის მხარდაჭერა, ასევე სოციალური სფერო.
საქართველოს ტრადიციულად, მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. სსფ-მ გამოყო 470 მლნ დოლარი. მბ-მ გამოყო 640 მლნ დოლარზე მეტი, რომლისგანაც 1 ივლისის მონაცემებით, მიღებულია 460 მლნ დოლარი.
200 მლნ დოლარზე მეტია გამოყოფილი გაეროს სხვადასხვა სააგენტოების მხრიდან (UNDP, UN WFP, UNCEF, UNFPA და ა.შ.). 600 მლნ ევრო მოდის ევროკავშირის წილზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც 250 მლნ ევროს შეადგენს, 23 პროექტი ხორციელდება. გერმანიის მთავრობამ 378 მლნ გერმანული მარკა გამოყო. მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ ქვეყანას იაპონიის, ნიდერლანდების, ჩინეთის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების მთავრობები, რომელთა მთლიანი ფინანსური დახმარება 300 მლნ დოლარს აღემატება.

ბოლო წლებში დახმარებების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რაც ერთის მხრივ უკვე დაწყებული პროექტების რტეალიზაციით, მეორეს მხრივ კი საქართველოს საგარეო იმიჯის რყევით და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან პროგრამების დაფინენსებასტან შექმნილი პრობლემებით არის განპირობებული. ამასთან, უკვე მიღებული კრედიტებისა და გრანტების მიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არც თუ უსაფუძვლო ეჭვები არსებობს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას.

საგარეო დახმარებები საქართველოსათვის დღემდე უდიდეს მნიშვნელობას იძენს, თუმცა სახელმწიფოსათვის გაცილებით ხელსაყრელია უცხოური კაპიტალი პირდაპირი ინვესტიციების სახით შემოვიდეს და არა კრედიტებად, რომელიც შემდეგ მაინც გადასახდელია და შთამომავლობას დააწვება ტვირთად.
XS
SM
MD
LG