Accessibility links

რუსეთ-საქართველოს შორის ინფორმაციულმა ომმა ახალი ძალით იფეთქა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთსა და საქართველოს შორის ინფორმაციული ომი ახალ სტადიაში გადავიდა. როგორც ჩანს, ამჯერად რუსეთმა საქართველოს ყველაზე ძლიერი კოზირის, საერთაშორისო მხარდაჭერის,

განეიტრალება გადაწყვიტა. 5 სექტემბერს რუსული ელექტრონული მედია, ამერიკულ ტელეკომპანია CBS-ზე დაყრდნობით, სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებდა 11 სექტემბრის ტერაქტის ქართული კვალის აღმოჩენის შესახებ. რა რეაქცია მოჰყვა ამ ცნობას საქართველოში?

პირველი კომენტარი 11 სექტემბრის ტერაქტებთან საქართველოს შესაძლო კავშირის შესახებ გავრცელებულ ცნობაზე ეკუთვნის პრეზიდენტ შევარდნაძეს, რომელიც 5 სექტემბერს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მოქალაქეთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის კონფერენციას ესწრებოდა. მან თითიდან გამოწოვილი უწოდა ინფორმაციას 11 სექტემბრის ტერაქტში “ქართული კვალის” გამოჩენის თაობაზე. მოგვიანებით უშიშროების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა სპეციალურად მოწვეულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრებისას ამერიკის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა არ დაადასტურეს ინფორმაცია, თითქოს ერთი წლის წინათ, 11 სექტემბერს, ტერაქტიდან 15 წუთის შემდეგ, ავღანეთიდან საქართველოში გაისმა სატელეფონო ზარი და ბინ ლადენთან დაახლოებულმა პირმა საქართველოში მყოფ პირს უპატაკა “პირველი სამიზნის” წარმატებით განადგურების შესახებ. ამავე დროს, საქართველოს უშიშროების სამინისტროს ოფიციალური პირი არ გამორიცხავს, რომ ასეთი სატელეფონო საუბარი მართლაც შემდგარიყო, რადგან ქართული სპეცსამსახური აღიარებს პანკისის ხეობაში ტერორისტულ ორგანიზაცია “ალ-ყაიდას” წევრების ყოფნას. სხვათა შორის, ბოლო ინფორმაციით დასტურდება პანკისში ანტიტერორისტული ოპერაციისას დაკავებული არაბული წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქის ერთ-ერთი ტრანსნაციონალური ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა.
რუსეთის მედიის მიერ ფართოდ გავრცელებული “სენსაცია” 11 სექტემბრის ტერაქტის ქართული კვალის აღმოჩენის შესახებ დასავლეთისთვის განკუთვნილი დეზინფორმაციაა. დღეს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა 11 სექტემბრის ტრაგედიის ერთი წლისთავის აღსანიშნავად ემზადება, ფაქტია, რომ თუნდაც მინიშნება ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერორისტებთან კავშირის შესახებ უდავოდ ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოიწვევს ტერორისტების მფარველისადმი.
შემთხვევითი არც ის უნდა იყოს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა სწორედ ასეთ საინფორმაციო ფონზე გამოუგზავნა პრეზიდენტ შევარდნაძეს საპასუხო წერილი, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება “პანკისის ხეობის ჩეჩენი და საერთაშორისო ტერორისტების თავშესაფრად ქცევასთან დაკავშირებით”. ამავე დროს, რუსეთის პრეზიდენტი დაუშვებლად მიიჩნევს “ბოევიკების” რუსეთის ტერიტორიისკენ შევიწროების საქართველოს ხელისუფლების ტაქტიკას და მოითხოვს ტერორისტების საქართველოს ტერიტორიაზევე ბლოკირებას, განიარაღებასა და რუსეთის მხარისთვის გადაცემას.
საქართველოს უშიშროების სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ნიკოლოზ ლალიაშვილის განცხადებით, საქართველო არ აპირებს არჩეული ტაქტიკის შეცვლას და საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყებას.
XS
SM
MD
LG